ისევ მემღერება
ი ს ე ვ მ ე მ ღ ე რ ე ბ ა ვითვლი საფეხურებს, რა არის სამოცი? ერთ კიბეს ამოვცდი–მხოლოდ ციფრებია, გავყურებ ჰორიზონტს–მზე ისევ ამომდის, სიბერეს მივადექ? არც გამიფიქრებია, ვერაფერს დამაკლებს თმაში შეღერება, გულში ბულბულივით ისევ მემღერება. უკან მოსახედი– მჩქეფარე დღეები, მაცდური ქალივით ყელის მოღერება, წლები სულ გაფრინდა–ვით სამოთხეები, ხარივით ვეჭიდები–როგორ მომერევა, ვერაფერს დამაკლებს თმაში შეღერება, გულში ბულბულივით ისევ მემღერება. ცხოვრება სიმღერაა, ფიქრი და ზვარაკი, მე სხვის გზას არ ვჩემობ–სხვისი გზა სხვისია, ვწერე და ვიკითხე ლექსიც და არაკიც, ჩემი გზით ვიარო– მაქვს სამზადისია, მე ვერ შემაშინებს თეთრად შეღერება, გულში ბულბულივით ისევ მემღერება. მთავარი ცხოვრებაა, სიცოცხლის ხალისი, ჭკვიანი აზრებია, საღი ფიქრებია, სად წავა სიბერე, სიბერე დაიცდის, ასაკი ვერ მაშინებს, მხოლოდ ციფრებია, ვერაფერს დამაკლებს თმაში შეღერება, გულში ბულბულივით ისევ მემღერება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი