კლდის მოსაკითხი /ძღვენი/
კ ლ დ ი ს ძ ღ ვ ე ნ ი /2019 წელი/ წინასიტყვაობა თურმე ეს ქვეყანა ერთი იოტია, თანაც ის ამ ზეცას ნავსად მიჰკრობია. ნუთუ ეს განგება ბედის სიმფონიას შემთხვევით აღგვიწერს და თან მას დაჰყვება ბედის ირონია?! თოვლის ქულასავით მოვლენილ სამართალს, ზეცა ურიგებსო ამ ქვეყნის ქარავანს, ვის მოწყალებით და ვის კიდევ მრისხანებით აღასრულებინებს სტიქიურ ბალადას. თანაც დაგაყვედრებს ალალ გამოხედვას და არად დაგიდევს პატიოსან ხედვას. გულს ნუ გადაუშლი, სული გეტკინება ასეთი ყოფილა წუთის შერკინება. ბუნებრივი რჩევის ჯაჭვში განგებამ თუ დაგვსვა თავში, ამ სამყაროს სამართავად თუ ჩაგვაცვა თვისი კვართი, თანაც ადამთ მოდგმას ურცხვად ვაშლს თუ გვაპარინებს ბაღში, მოყვასს მოგვაკვლევინებს, თან ცოდვას გვანანიებს სანთლით, ნუთუ მაინც ვიმსახურებთ რომ ამ ულევ ქვეყანაში ღმერთმა უხვად დაგვაბერტყა პურისა და ღვინის მადლი?! ჰოდა ამავ სოფლად, ამა წელთაღრიცხვის იშვა ქვეყნად ჯიხვი, თურმე სულმთლად ჭყინტი. იყო უწყინარი, ფრთხილი, მხიარული, ხშირად წყნარი, დინჯი, თუმცა ზოგჯერ ფიცხი. ღამე ყოფილა მაშინ ნათელი, ცაზე აჭედილი ოქროსფერ სანთლებით ზეგანზე იღვრებოდა თაფლად გაწელილი სითბო და სიკეთე ღვინით დაწერილი. მშვიდი დრო ყოფილა, გასაჭირს აცდენილი, სიყვარულსაც ღვრიდნენ მონობით გაჟღენთილნი. დრო იყო უდროო თოვლში ჩამალული, სისპეტაკე ჩანდა ფიფქით დაფარული. ამ ფიფქების ქვეშ კი ლპებოდა ფოთლები გუნდად ზვირთდებოდა პროტესტის მორევი. ჯიხვიც იზრდებოდა, რქები დაეკვირტა, ქარაფს ითვისებდა ჯიშის საკადრისად. მარდად დახტის კლდეზე, ფოთლებს აცმაცუნებს, ნახტომს სხარტად ჭრის და მთის ნისლს შმაგად უტევს. ნაცრისფერ ნისლში კი ღრუბლების თავზედა, ზევსის სატახტოში აჭრილა კარზედა ჯიხვთა სამფლობელოს სწრაფად გამხედნავი, უმწიკვლო სპირალის ცხრათავა მხედარი. შხარად გაჭიმული სამეფოს კალთებზე, ზანტად იზმორება ჯიხვი ქარაფებზე, ხარბად აგემოვნებს ცვრიან კენკეშებს და ლუკმას ანაწილებს თავის ღვიძლ დაძმებზე. თავად როგორც პირმშო მიუძღვის წვერისკენ, ხუთქიმად შეკრულებს, ცხოვრების ტეხილზე. უეცრად სულ მაღლა, ნისლის გასაყარზე არწივი გამოჩნდა ზეცის კამარაზე, ფრთებით მიაპობს ნესტიან ქარაფებს. არ ემორჩილება წესებს და ადათებს. და როცა შენიშნა მან ჯიხვთა ნაკრები, მოშივდა მრისხანეს, აფოფრა კისერი. მთის კალთას დაეშვა, მომართა ბრჭყალები, ალი აუვიდა, აენთო თვალებით. ერთ რამედ ღირდა ციდან გადმოხედვა, ათ ქიმად იქცა ჯიხვთა გამოხედვა. ცაში აიტყორცნა ხვეული ყანწები, ტალღისებრ ხვეულთა შეიქმნა ფარები. და მათ ჩუქურთმებში გრგვინვად აისახა არწივის კლანჭების ერთობ ფუჭი გარჯა. ერთობა შობს თურმე ძლიერთა ქვეყნისას გეზს რომ გამოწნიან ამ სოფლის ბედისას და თუკი შენდობაც შეძელი მოყმისა მაშინ უძლეველი იქნები თემისა. ნამუსი ოქროდ ფასობს, სიმდაბლე ტიტანად, ეს ყოველი კი მარგალიტს მძივად ჰკრავს. გამარჯვებულნი მთის კალთას ჩაუყვნენ, ქანცნარევ ღიმილით ძირს რქებიც დაუშვეს. ხუთნი იყვნენ, მაგრამ ასს უტოლდებოდნენ, ერთ მუშტად შეკრულნი ცას უსწორდებოდნენ. ბინდი ჩამოწვა, ქანცგალეულნი ბარად ჩავიდნენ, მდელო უნახავს გულკაცს ისეთი, გულს რომ აღგივსებს, დაძმას შესძახებს ეშხიან სიტყვას, სტუმრად მოიწვევს. პატიჟს პასუხი მათ არ აყოვნეს, ლექსად გარითმეს: "სიამოვნებით გულკაცო, მანდ ვართ” " ჩავყვეთ კლდის ხვეულს მდელომდე სხარტად", "გადავაყოლებთ გულს უფლის რისხვას“ " სიმღერაც დავცხოთ, ავენთოდ სანთლად”. სიტყვა გაიყვეს ოთხივემ სხარტად, ტრაპეზს მიეცნენ ფაკირთა დარად. ოქროს თავთავებს ეწაფნენ ტუჩით ჰაერს შეერწყა მტვრის თეთრი ბუღი. "აფერუმ გულკაც შენს მედგარ დუღილს, რომ მოგვინახე მინდორი პურის". აღმოხდა სულტკბილს ბაგეთა შორის ერთადერთ შუნსა ბრგე ვაცებს შორის. უტყვი და სხარტი, ტყუპებს რომ გვანდნენ, დოქს გაუვსებენ სისხლხორცს გულუხვად. თავთავთს აპკურეს ვაზის ნაწური სულ სხვა გემო აქვს ასეთ ულუფას. "ეს რა მოგსვლია ბურჯო ძამიკო, შერკინებისას რქა მოგტეხია". შეამჩნია რა გულკაცმა ძმასა, როგორ სდიოდა მას რქიდან სისხლი, სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, როს უწილადა მას ყანწი თვისი. "მყარად დადექი ჩემო ძამიკო, ჩემს რქას ნახვევიც ეყოფა ბაწრით, მაშინ გამისკდეს ფეხქვეშ უფსკრული თუ გამოგართვა მე შენ ეგ განძი". აქ დაეხვივნენ ერთ ძმას მოყვასნი დაუმუშავეს ჭრილობა თასმით. თავისუფლების გემო და სუნი თავბრუდამხვევად ტრიალებს ცაში, აღვირს რომ ახსნი ცხენს გაუხედნავს, მართვა უნდა რომ არ ჩახტეს ხრამში. თვითკმაყოფილნი იმ დღის გმირობით მბზინავ ქარაფებს შეუყვნენ ჯიხვნი, უნდათ ბოლომდე იგემონ მადლი თავისუფლებას რომ მოაქვს ხვავით. თურმე პირველად დარჩნენ პირისპირ პასუხსაგებად - საკუთარი ნამოქმედრების თუმცა ძნელია მართო ვნებები მას თუ არ ახლავს ცოდნა ქცევების. ჰოდა კლდის ქიმებს შეეთამაშნენ ჯიხვნი ამ ვნებით ატროებულნი, ლოდებს სერავენ ფართე ნახტომით თითქოს მზეს ტრფობენ ვით ქერუბიმნი. უცებ კლდის კალთამ იწყო ღრჭიალი, ჰაერს შეერწყა ქვათა ღაღადი, თითქოს უხმობენ ფრთოსან ქერუბიმთ ახლა სჭირდებათ დაცვა ყმათა შვილთ! ფოცხვერს უფრთხიან თურმე კლდეღრენი, იქვე რომ ბუდობს, თან სარჩოს ელის. აკი ჯიხვების უაღვირობა, თამამი ხტომა, რქებით ანცობა, არ დარჩენილა მტაცებლის მიღმა, და არც აყოვნა დრტვინვა ნადირმა, მყისვე მოზიდა ეშვი ფოცხვერმა, ტყეში გაისმა ფრინველთ გოდება. ჩაიქირქილა მაშინ ღრუბელმა: “მაშ ბედისწერას უნდა ფრთხილება”, ტკივილის ქარმა დაჰკრა მთის კალთებს აბჯრით შეკაზმავს ღრუბელთ კლდის თავზე. გვიან შენიშნეს რქოსანთ ფოცხვერი, როს გადაჭიმა ჰაერში სალტო, ჯიხვთა ხავილი ღრუბელს შეეხო ჭექა გავარდა მეხის საამოდ. ეკვეთნენ ჯიხვნი ციცაბოს დაღმა, გაცხარებული სჩანდნენ საკმაოდ. სიცოცხლის ჟინსა ვერ თრგუნავს შიში, აკი სიფრთხილე შთანთქავს ბნელ ზრახვას. შიშს რიდი უნდა ამ ქვეყნის კართან, სწორად თუ მართავ, დგას ყოფის ფარად. ჰოდა ედევნა ჯიხვთ გუნდს ფოცხვერი ცდილობს ყელში სწვდეს ნორჩ ჯიხვს საბრალოს, ყირამალა ქნა მათმა ტანდემმა ტრიალ-ტრიალით სერეს პიტალო. უძლურ თვალებით სცქერდნენ ბედს ჯიხვნი ჯერ არ ენახათ მსგავსი ნადირი არც აგრესიით სავსე სცენარი, სძალუძთ კი უცდელთ სძლიონ მტრის შიში?! ამ დროს გაიხსნა ზეცის კამარა ღრუბლებს დასცვივდათ ცრემლი ღვარღვარად ფოცხვერს ეძგერა მეხის მაგვარად ზღვისფერი ელჩი, ჰადესის დარად. განგმირა მტერი მძლავრი ეშვებით კვლავ კლდეს შეერწყა კლდისგან შობილი. მაშ ქერუბიმნი ერთობ გარჯილან არ დატრიალდა ცოდვის ბორბალი, მსხვერპლს გადაურჩა ჯიხვების მოდგმა, უსუსურობის იგემეს განცდა. გამოცდილების შიშვლად შეძენა ცოდნის გარეშე, არღვევს ყოფის არსს. სჯობს ცურვის სწავლა ლივლივა წყალში, რომ არ ჩაგძიროს ზღვის კუშტმა ტალღამ. თავი პირველი / გამოცხადება შებინდებისას წვიმა დაიწყო, მსუბუქად ცრიდა შინდისფერ ცაზე ჯიხვთ შეაფარეს თავი კლდის ქვაბულს, ზედაშე წრუპეს, აფრქვევდნენ ჰანგებს. ანაზდად ზეცა პირქუში გახდა, გამოქვაბულის გაიხსნა მკერდი და მის სიღრმეში გამოისახა კლდის წარგზავნილი ზღვისფერი ელჩი. ელჩს ვამბობ თორემ იყო გველძაღლა, დაჰყეფდა კუშტად ჯიხვებს სამთავა, მარადიული სულის სიყვარულს იფიცებოდა დანთებულ სანთლად. პირქუშ სიფათზე სანგვინი ეცხო არ შეშრობოდა ჯერ ფოცხვრის სისხლი, მის მჭრელ თვალებში სიცივე ენთო, მზერაში სჭვივის ცეცხლი სიფიცხით. ალბათ უბრალო დამთხვევა იყო, ან იქნებ ზეცამ ინება ასე?! ნუთუ ვალს დასდებს გველძაღლა ჯიხვებს, მათ გაწვრთნას ლამობს ეგება მყისედ? აათამაშა ბაგე სამთავამ, კლდის ცივ ქვაბულში გამართავს სცენას, ცდილობს დაიპყროს ჯიხვთა აურა, ლექსად გამოსცრის ხრინწიან ბგერას: "სერობას მართავთ, მე არ მპატიჟებთ, ჩემს სამეფოში ფანტავთ სიჩუმეს რიდი თუ არ გაქვთ წყვდიადის მადლის, მადლიერება რად მოიმდურეთ?! " ბრაზს არ მალავდა ელჩი ჰადესის, თან აცეცებდა თვალებს ალცეცხლის, თითქოს გაწვრთნასო ლამობს ჯიხვების ნუთუ ასრულებს გზავნილს ღმერთების?! ჯიხვთა მოლხენას ფერი ეცვალა საყდარს ემსგავსა უცებ ქვაბული მძაფრმა სიჩუმემ დაისადგურა ჩამოუვლიათ თითქოს ქერუბიმთ. ჯიხვთ შეცბუნება შეწყვიტა ბურჯმა, როს აიტაცა ფიალა ღვინის: მასვე აღმოხდა; "გველო განდექი, მადლობის მეტი შენი რა გვეთქმის, თუ საჭიროა ქედსაც მოვიხრით, ქვესკნელის წყვდიადს ლოცვით გავხედნით. " უცებ ურჩხულის დაგეშილ სახეს დრუნჩზე დაეტყო ღიმილის ბაგე: "მე გველძაღლასა ჩემის შხამგესლით ძლივს დამიცვია ქვესკნელი ბნელი , თქვენ კი აპირებთ ფაფუკი რქებით რომ შეაჩეროთ კაცთქვეყნის მსხვერპლნი?" "ვისთვის ფაფუკი და ვისთვის ბასრი, ჩვენ არ ვაპირებთ აქ ბრძოლას ყანწით. ჩვენი აბჯარი არს სიტყვა მარდი და მუზარადი ქმედება სხარტი." სტყორცნა გულკაცმა გველს რითმა ნაღდი. ურჩხული დაცხრა, ალიც ჩააქრო. ჯიხვებს გამოცდას უპირებს ალბათ. " მაშ შემიშვიხართ საბრძანებელში რომ დაეუფლოთ ცხოვრების არსსა, ყველა მომღიმარს გულს ნუ გაუხსნით, მოგიწევთ ბრძოლა უბირებთანაც". "მოდი შეგვისვი ფიალა ღვინის სულის ბოღმასა ჰკურნავსო მყისით, ბოროტებასაც დათრგუნავ ნიჭით თუ გულით გიყვარს მოყვასი თვისი, თანაც ამ რწმენით ეზიარები ამქვეყნიური ცხოვრების სინდისს ." მიუგო ბურჯმა სულების დარაჯს და გაუწოდა სითხე ღვთიური: „საკურნებელი ძალა აქვს, თანაც მოქმედებს როგორც ძილისპირული.” ძილი კი მართლაც მაგიურია, თან ენერგიის უშრეტი წყარო. კურნავს სულს ყველა იარებისგან თავს უყრის ერთად კაცსაც და ტაროს. გამგზავრებს დროში, სივრცეებს შორის არად დაგიდებს ამ ქვეყნის კანონს, იმ ქვეყანაშიც გაგგზავნის წამით, განზომილებას შეცვლის უბადლოდ და მის დამთრგუნველ ველურ დემონებს ღვინო აძინებს ისე, უბრალოდ. რახან ვერ ჭვრეტდნენ რას უმზადებდნენ ღმერთები მოყვასთ, და ვერც გველძაღლას მოვლინებას განსჯიდნენ სწორად, ნებით მიიღეს ეს გამოწვევა ელჩის ჯიხვებმა, ყველა მოვლენას ახსნის გულისთქმა თუკი გაქვს რწმენა. ჰოდა ნადიმში გასტანეს ღამე, კლდის ჟანგის ნამი აწვეთდათ თავზე და თითქოს გრძნობდნენ რა ელით ხვალე, სითბოს, სიყვარულს აფრქვევდნენ განზე. გაირიჟრაჟა, შინდისფერ ცაზე მეხი გაისმა, ეს გამოქვაბულს დაებერტყა ღმერთთა გნიასი, სინათლის სხივმა კლდე გააპო, როგორც ნაფოტი შიგ ცეცხლის კიბე ჩაიკიდა ქვესკნელთ სამყოფში. კიბის ბოლოს კი ქალწული იდგა ძალზედ უმწიკვლოდ, ბურჯსა და გულკაცსს თან უხმობდა ძალზედ უსირცხვოდ, ალისფერ კაბას უფრიალებს ცეცხლის გრიგალი ხაკისფერ ფერფლად რომ ჩამწვარა თეთრი კლდის ნამში. სულში ჩაგწვდება, გაგიტაცებს ქვევით კლდისკარში და თუ ჩაყვები დაგაბრმავებს სევდის თრიაქით. ბურჯი წამოდგა, გადახედა გულკაცს ქირქილით: "ეს ბედისწერა რას გვიმზადებსო ნეტავ ღინცილით?! თუ ეს ბანგია მოგზავნილი ჰადესის პირით ღირს რომ ვასწავლოთ ჭკუა ქალწულს კვნესა-კივილით. და თუ შხამია მოვლენილი ტკბილი ღიმილით? არც ჩვენ დავაკლებთ ღონეს და ხერხს მარდი ლირიკით." ჰოდა ჩაუყვნენ ძმანნი უტიფრად კიბეს ცეცხლოვანს, უკან დახევა მათ არ სჩვევიათ, ირჩევენ ბრძოლას, თანაც მიჰყვებათ ლოცვა-ნუგეში სისხლ-ხორცთ ზემოდან, ასეთ დროს ძალის, რწმენის აღქმას სულ სხვა გემო აქვს. ქვესკნელში დახვდათ რეალობა მათ სულ სხვაგვარი, მითი სიბნელის გაიფანტა ვით ქვიშა ქარში. იქ ფასობს შრომა მუყაითი, სიტყვაც მართალი. მრუდეს და მტყუანს იქ უჩენენ ადგილს საკადრისს. ოდეს განგებამ შექმნა მეტყველი, შეამკო გონით, ანათლა გარჯა, მისცა სრულყოფის მართვის უნარი რომ არ დანებდეს ყოფის თრიაქსა. ძილს არ მიეცე, ებრძოლე ყოფას, სულს ნუ მიჰყიდი განდეგილ ფაკირს, სულის საყუდელს ხრავს ტკბილი ბანგი დაბურულ ნისლში ზულუქობს გვამი. მავანს თუ ამხელ, მტრადაც გაგიჩენს არად დაგიდევს მყაზარ ნაოჭებს, კაცს რას გაუგებ, ან წუთისოფელს ან რას უმზადებს, ამ გულის ფორებს. ვერ გაექცევი ცხოვრების მორევს, სჯობს მოთმინებით ენდო შემოქმედს თან თვით ააგო ამ სოფლის ყორე, ზედაშეც ფასობს მერმე ესოდენ. თავი მეორე / ყოფის არჩევანი კაცის საწვრთნელად განგებამ შექმნა წესთა კრებული. ვინც მას შეიცნობს ქერუბიმთ მადლი მათკენ ეშურვის. ბურჯსა და გულკაცს აერჩიათ გზა ამ კრებულის, იქნებ ამიტომ წინ გაეხსნათ გზა აბრეშუმის, დიდი წყურვილით დაეწაფნენ ცხოვრების დუღილს, რიტმს უნდა აჰყვე რომ შეიცნო იქ ყოფის ბუმი, თუ ჩამორჩები არ ჩაგაგდებენ არც აინუნში, რიტმს გადაასწრებ? დაგაფასებენ მხურვალე გულით. რადგან ასეა უცხო ქვეყნის რიდი და წესი, რადგან ჩასულებს პატივს სცემენ გარჯის მიხედვით, ხელს გაუწვდიან დაინახეს თუკი კაცში დიდი იმედი შეაფასებენ შრომით, ვიდრე გვარით, ქონებით. წესიერება, ცოდნა მეფობს იქ წარუშლელი, თავისუფლების გრძნობაც ჰგიეს მაშ განუყრელი. " რა გვეგონა და რა ყოფილა ბურჯო კლდისკარი რატომ ყოფილა დაცული და დაგმანული მისი ჭიშკარი" აღმოხდა გულკაცს ვერ დამალა განცდა ჯიგარი, გადაეხვია ძმობილს თბილად, იყო მცინარი. "მაგის პასუხი არ გეგონოს გულკაც ჩემი თქმა, ქალწული, ლანდი რომ გვეგონა, ცხადი ყოფილა. მისი სურნელი, ღვთაებრივი კვლავაც მოვიდა, ნეტავ დიაცსა გულში რა აქვს, რას ქნის მოყმისგან?!“ ქალწული თურმე სხვა მიზნით არის მათთან გზავნილი, ღმერთებისგან აქვს თასმით შეკრული აზრთა გრაგნილი, ძმები ყოფილან შერჩეულნი ღმერთთა წადილით, რომ შეისმინონ და განავრცონ ქვეყნის ძახილი. იმ გრაგნილში იკითხებოდა დაშიფრული სიტყვის ლაშქარი ძმებისთვის იყო განკუთვნილი იდუმალი აზრთა ნაჯვარი. რომ გაეშიფრათ ყველა მწკრივში დაგებული სხარტი ხაფანგი, ევალებოდათ ზედმიწევნით შესრულება ღმერთთა ქადაგის. იპოვნონ შიფრი ცრაკლიტულისა ქვეყნის სარჩენად, ხელეწიფებათ ნეტავ მოყმეთ საქმის განჭვრეტა? ჰოდა წილად ხვდათ ძმებს მისია კაცთ საამებლად, მიაგნონ წამალს ნეტარების საზიარებლად. ყველა ბოქლომს რახან უდგება თავისი მხსნელი, და ყველა კითხვას ეძებნება პასუხი წრფელი, რახან საკითხი არ არსებობს გადაუჭრელი და არც შეცდომა იბადება უსწორებელი, საკმარისია ხედვა ბასრი, ჭვრეტა უშრეტი მკვეთრად გამიჯნვა გულისთქმისა თქმისგან გონების. ჭეშმარიტებამ რომ იპოვოს გზა, საკმეველი საკმარისია ჩაიხედოს კაცმა თვის გულში სადაც იპოვის ყველა კითხვას განსჯილს, ამოხსნილს, იქვე ირწევა ჩვენი ქვეყნის მხსნელი გოდოლიც. გრძნობათ ჭიდილში დღე გაილია მორცხვად, მდუმარედ, ძმებიც შეუდგნენ მზრუნველობას მოყვასთ მხურვალედ. დასხდნენ, გაშალეს იდუმალი გრაგნილი ღმერთთა, მოოქროვილმა ასოთმწკრივმა ანათა კლდეკარს, საწყისი ფრაზის ამოცნობისას გამოიხატა ცად მშვილდოსანი, მეწამულისფერ ფრაკით შემოსილს, რაში ამშვენებს მარდი, ფრთოსანი. მოზიდა მშვილდი ვაზით დაწნული, ისარი სტყორცნა ღრუბელს მროკავი. ღრუბლის ქაფში კი გამოისახა სიტყვის ლაშქარი ურცხვად მცოცავი. განსწავლულობა იკითხებოდა სიტყვის ლაშქარში. შრიფტის მიხედვით ცოდნის შეძენა ევალებოდათ ძმებს დიდ ტაძარში. მისი კარები ღია იყო რჩეულთათვის ცოდვილთ ფარაში. ვინც მოინდომებს ეზიარება საუკუნედ ყოფას საკადრისს. ძმებს გზას უკაფავს მშვილდოსანი ისართა ჯერით, ჰოდა ითვისებს საძმო ცოდნას რომ იხსნან ჭერი. წიგნის კითხვაში ეჯიბრეთ ერთურთს თუ გწამდეთ ღმერთი, ანდაც გარჯაში მუყაითურში თუ გიყვართ ერი. რაკი ნათელს ჰფენს გონის ქანქარებს წიგნიერება და ტვინის ღარებს ღრმად დაღარავს უშრეტი ცოდნა, თუ წიგნს გაიხდის კაცი ერთბაშად თავის მეგობრად, მაშინ შეიგრძნობს ბუნების ძალას, თვის სულის თრთოლვას. რაკი წიგნია იგი საკვები ტვინის ხვეულთა, მათი სიმრავლე გაანათებს წყვდიად კუნჭულსაც, ქვეყნიერებას აზრი მართავს მოდგმისა კაცთა, მის სწორ აღზრდას ხომ წიგნი უდგას ერთგულ დარაჯად. ჰოდა დაადგნენ ძმები ერთად ყოფის შარაგზას ნაცრისფერ ნისლში იწრთობაო ლურჯი კამარა არ დანებდეთ ქერუბიმნო მაცდურ თრიაქსა გონის ნაღვენთი მოაშუშებს სულის იარას. ჩამობინდდა და ძმებმა სწავლისაგან განტვირთვა სცადეს, მეგზურად ჰყავდათ ვარსკვლავები მეწამურ ცაზე. დუქნის კარები ფართოდ შეაღეს კლდეთ შესაყარზე აღმაფრენასაც მიეცნენ და სვამდნენ ზედაშეს. გაიხსენებენ ყრმობის ჟამს ხალასს, მონატრებულ ადგილს და მამულს, ჩირაღდნის ჩრდილში უხვად აფრქვევენ სიყვარულს კაცურს, უწილადებენ იქ მყოფთ გულუხვად, ვაზის ტკბილ ნაჟურს, თავის წესებს და თავის ადათებს უზიარებენ იმ ქვეყნის დამხვდურთ. ოდეს ხედავდნენ ეშხსა და სითბოს ირგვლივ არნახულს, აღივსებოდნენ თვითდაჯერებით, სცემდნენ ტაშფანდურს, აცეკვდნენ კიდეც, რიტმში სვამენ ფეხმარდად ფერხულს, ჰანგი ლხენისა ეღვრება დუქანს, ღვინით დაქანცულს. ამ დროს გამოჩნდა დუქნის პირას გუნდი ირმების, შველას ეძებდნენ ქანცგალეულნი, სისხლდადენილები. ბროლის თვალებში ეკითხებოდათ შიშის ჭინკები, ზრუნვით უშრობდნენ სანგვინსს ერთურთს დამსკდარ ძარღვებში, იქნებ გუმანით ამოიცნეს ხსნა ბრგე ჯიხვებში, ჰოდა ღიმილით ათამაშდა სისხლფერი მათი ჩლიქები, იმედი ხსნისა ჩაისახა და გამოჩნდა მათ გლუვ თვალებში, ოდეს მოესმათ ძმების ჭექა დუქნის სარკმლებში. აფთართა ხროვა დადევნებოდა ირმებს კვალდაკვალ, ბასრ კბილთა ლანდი ასხივოსნებდა ჭალას განდაგან. დუქნის ჭრაქებმა შეაფერხეს აფთართ ამალა, თუმც მათი მზერა შმაგად მიჰყვა ირმებს კარდაკარ. თითქოს იგრძნესო, მოახლოვდა მათი მისია, ბურჯმა, გულკაცმა ქოხი დუქნისა დასტოვეს ხისტად, წყვდიადს შეერწყნენ, ალყა შეკრეს, შეკრეს ნაკვთებიც, ეძგერნენ აფთართ, ხვეულ რქებზე აცვეს პირწმინდად. დაჭრილ აფთართა სუნი დადგა მყის დუქნის პირას, კუდმოძუებულ აფთართა ხროვა გაიქცა ტყისას. ირმების გუნდმა მუხლმოდრეკილმა მადლობის ნიშნად, გადააფრქვიეს ქორალი ხმების ხავერდის წყვდიადს. შემდეგ დუქანშიც აუბეს ბანი, გაგრძელდა სეფა, შერაცხეს ძმები საამაყო ღამის გმირებად, მთვარეც იქ იყო, არ დამალულა, უცქერდა სპექტაკლს. იმ ღამის მერე, ამბობენ თურმე კაცს არ უნახავს აფთრის მაგვარი, არც ავლილი და არც ჩამოვლილი არვის უნახავს, არსად უნახავთ, დუქნის გარშემო, ველურ ჭალაში. თავი მესამე / სიყვარული მონატრების პირმშო თავს დაათენდათ ძმებს შეუმჩნევლად, ცამ ივარდისფრა. მშვილდოსანს ცაზე გაჰღვიძებოდა, მშვილდი მოზიდა. ისარს გააკრავს სხივების ქსელში, სარტყელს მოჭიმავს, სარტყლის ფერებში კი ირეკლება ძმების ქრონიკა, მათ განვლილ შრომას შეაფასებს ღმერთის ლოგიკა. პაპირუსის შემდგომ მწკრივად კი, დაშიფრულ ტექსტში, ამოიტვიფრა თავდადება კეთილ საქმეში. განსწავლულობა წინგამძღოლი გამოცდილების, საძირკველია წესრიგთან ერთად ქვეყნის შენების. თავდადება კი საფუძველია თვით წარმატების. ამ ჯაჭვის ფასი ნეტავ იციან მავანთმა ქვეყნის? მის აწყობას ხომ არვინ ცდილობს და ჯაჭვს ხრავს ჟანგი. თუ ჯაჭვის მარცვლებს გაშიფრავს კაცი, როს ააჟღერებს ჰანგებს სისხლძარღვში, გრაგნილის მწკრივებს ჩაიკრავს გულში, თან ნაპერწკალი გაღვივებული, ცეცხლად იქცევა თუ დაჰკრავს ქარიც, თუკი მანტიას მოიცვამს ალიც, მზის სიმფონიას დაუკრავს ქნარიც, მაშინ იელვებს ჯაჭვი კაზმული და ნათელს მოჰფენს მიდამოს შარმით. შთამბეჭდავია ორკესტრი მათი, როს აიჭრება გორგალი ცაში, თან ეს ელვარე, მწველი ერთობა გაიფანტება ღრუბლების კვამლში. მათ რუხ ქულებში აისახება ამ წუთისოფლის ნამდვილი ნამწვი. „როდის ავაწყობთ ნეტავ ძამიკო ამ ჯაჭვის მარცვლებს, სად ვპოვებთ მის ნირს?!” ეკითხებოდნენ ერთურთსა ძმები, ცდიან ააწყონ მარცვლების რიგი, დრო კი არ ჩქარობს, თავის რითმს მისდევს, ყოველ მარცვალს აქვს თავისი ჯერი. გრაგნილის ბმულის შემდგომი შრიფტი აკაშკაშდება რელიეფურად, თუ ამოცანას ღრუბლებში სახულს თავს გაართმევენ ძმები მეფურად. ღრუბლების ნისლში გამოისახა ფრაზა წყობილი მუგუზლის ფერად. შინ და ოჯახი იკითხებოდა ცაში შეკიდულ შემდგომ მისიად, სიყვარული და მონატრებაა რომ არ გავიწყებს მშობლიურ კერას. გულკაცმა ბურჯსა შესძახა სევდით, ფიქრმორეული ჩანდა ანაზდად: "ბურჯო დავბრუნდეთ შინ თუნდაც წამით, მოვინახულოდ მოყვასნი ლაღად". მონატრებაა ახლა ის გრძნობა რაც უღრღნის ძმებსა გულღვიძლს აშკარად. ოჯახის ულევ სიყვარულს თურმე, ცხონება მოაქვს სულისთვის მარად. კაცის ცხოვრება რა უნდა იყოს მონატრება თუ არ უძგერს გულში, თუნდ მოგენატროს მეზობლის ფისო, მაშ გიხაროდეს შენ არ ხარ კუშტი. თუ მონატრება მუდამ გიღვივის, მაშინ დაგათრობს ცხოვრება ლურჯი და სიყვარულის ნუგბარ მორევში გაცურავ ლაღად კამკამა სულით. სხვა რა უნდოდა ბურჯს აზვირთებულს მასც მონატრებით უმძიმდა დღენი. მყისვე დაუკრა კვერი გულკაცსა, გადააგორა ლოდები სევდის. იტვირთნენ ძღვენით ათასნაირით და მიაშურეს სამშობლოს ლხენით. კაცის სული ფაქიზია, მოვლა უნდა ვით ნაწრეტსა, ერთხელ თუკი აამღვრიე, წლები უნდა მის დაწმენდას. ყველა იარა კი არ ხორცდება, ზოგიერთი გახსნილი რჩება. მის მოშუშებას დროც არ უშველის, არც წამლით ქრება, ტკივილს ნებდება. და ამ ტკივილში უზარმაზარში თუ დაიბადა გულგაცრუება, მერეა ცოდვა ღმერთისა პირმშო, განმგები იწყებს ზარების რეკვას. იქნებ ამიტომ უფალმა კაცსა უბოძა თავი ერთობ ტევადი, რომ ჩაატიოს შიგ საღი აზრი, სიყვარული და სიკეთე ნაღდი. როს ჩააღწიეს ძმებმა სამშობლოს იყნოსეს ხარბად მამულის სუნთქვა, იქ ხომ ჟანგბადსაც თუნდაც კვამლნარევს, სულ სხვა გემო აქვს, იქ სული ცქმუტავს. სამშობლო კოხტა, ბუნების ხედს ჰგავს, რაც უფრო შორით ჭვრეტ და უცქერ მას, სიტკბო და ხიბლი მისი იზრდება, უფრო ნატიფად ის გეჩვენება. სამშობლოს სუნი კარგ სუნამოს ჰგავს, ერთხელ თუ ჩასწვდა ცნობიერებას, წაეთამაშა ყნოსვას და გრძნობას, თუკი შეეხო სულსა და ხორცსა და გააშმაგა სისხლძარღვთა როკვა, მას ვეღარ წაშლის ვერც დროის ბორგვა, ვეღარც წყლისა ჭავლი ან ცეცხლის თრთოლვა. კვლავ აიკინძნენ ყველა ერთ მძივად, ზეცას სწვდებოდა ლხინის სიმღერა, სისხლის კივილი ჟღერს სხვანაირად ძვალრბილს დაივლის, თან აფრქვევს სიქას. ღამე გასტანეს ხუთმა კისკისში, თან იხსენებდნენ ტკბილ ამბებს სიყრმის. მშობლების გულიც გაბრწყინდა მყისით, წყვდიადი ძღება ყოფის ღიღინით, ხანდახან წამიც სჯობსო მარადისს თუმც დრო არ გვზოგავს, ცხოვრება მიჰქრის. გარიჟრაჟზე მათ ზღვას მიაშურეს, რუხი ტალღები წვდებოდნენ ღრუბლებს, ცეცხლის სფერო კი აისს არ ჩქარობს, ზღვასთან არშიყობს, მის ქაფს იპკურებს. ჰოდა შესცქერის ოჯახი ხარბად, ამ ფერთა შერწყმის საოცარ ხიბლსა, წაეთამაშნენ ბობოქარ ტალღებს, თითქოს უნდათო მზე იხსნან ზღვისგან, წყლისა და ცეცხლის ჭიდილში მუდამ ხომ ყველამ იცის ვინ რჩება გმირად. იქნებ ამიტომ მზე ცად აიჭრა თავის სატახტოს ეფრქვია სხივად. აქსიომაა ყოფის უშლელი: მზე ზეცად მეფობს და წყალი მიწად. ვინც სხვის ყოფაში ფათურსა ცდილობს, ავნებს თავის თავს, მოდგმასაც თვისსა. არავინ იცის ტალღებთან თამაშს და ერთმანეთში გემრიელ ბაასს, შეელეოდნენ თუ არა ჯიხვნი და დაარღვევდნენ განწყობას ხალასს, რომ არა ძმების მახვილი თვალი როს გადააწყდნენ ჰადესის დარაჯს, ოდეს უღრინა ძმებს ტალღებიდან, ააფრიალა თავები შმაგად. ძმების გახედვნა უნდა გველძაღლას, მათი მისია რომ ამცნოს მკაცრად. თუმცა მიუხვდნენ სამთავას ზრახვას, ჯიხვნი შეუყვნენ მედგრად მთის კალთას ერთგუნდად მწყობრში აუყვნენ აღმართს. ძმებმა იციან გარჯის დრო დადგა, ვერ ეპუებიან ოჯახთან გაყრას. თუმცა ასეა ცხოვრების დამკა, ზოგჯერ გულსა ხომ გონება მართავს. ის იყო ჯიხვნი ნაძვებს შეერწყმნენ, წამოეწიათ სისინი გველთა, მართლაც ქოფაკის წვრილი ენები ნაძვებს სწვდებოდნენ ჩურჩულის ბგერად: "არ ვარ მოსული სამტროდ ძმობილნო, ვაფასებ თქვენს ნიჭს და მონდომებას, გრაგნილის შრიფტის გაშიფრვით იხსნით თქვენს ქვეყანასაც და კაცთა მოდგმას. ჰადესს კი არგებთ სულის სიმშვიდეს რომ გაემიჯნოს მის კლიშეს ვერაგს, რადგან გრაგნილის ფრაზათა მწკრივი მოუხსნის ჯადოს და გახდის ნეტარს. მე კი დავცხრები, მერე მიგულეთ თქვენ მფარველ ძმად, რომ დაგიცვათ ყველგან. თქვენ შეგარჩიეს ღმერთებმა მსტოვრად, ხელგეწიფებად ერთგულად შრომა". "ჩვენ საქმეს ქოფაკ არ გავაფუჭებთ, იყავი მშვიდად გქონდეს იმედი. თუმცა გვაცალე ახლა ოჯახის მონახულება, ტკბობა სისხლხორცით". აღმოხდა ბურჯსა მშრალი ხახიდან თან შეჰყვნენ ქარაფს ლაღი სიმღერით. მზემ კი აცხუნა ქარაფებს, ლურჯ ზღვას, სამთავაც ბოჭა სხივებით მწველით, ოფლი ადინა სიმწრის გველძაღლას და აიძულა შემალვა ბნელში. სამთავაც მიხვდა რომ ფუჭად ცდილობს სიამტკბილობის დარღვევას ძმების და კვლავ შეერწყა ტალღებს ერთბაშად თითქოს შერცხვაო, დაწია მხრები, ჯიხვებს დაუთმო კვლავ ასპარეზი. თავი მესამე / ყოფის მათრობელი ხიბლი დათოვლილ კლდეზე, ნაძვნარის ღრეში, ნესტიან მიწას დაჰკრავს სხივები. იქ მზის ოქროსფერ მწველ ანარეკლში იბადებიან ნორჩი იები. თოვლის ქულებში მორცხვად ჩახრილნი სურნელს აფრქვევენ ირგვლივ იმედის. მერქნის სურნელთან სინთეზშიც ისმის ხეთა მკურნალი კოდალას რეპი. მის სწრაფ რითმზე კი სოლოს იმღერებს, შაშვი მგოსანი, ტყის ჟამთაღმწერი, ამ თავბრუდამხვევ ფერად ფოლკლორში, მოცვიც ყვავილობს თან იებს ეტრფის. ჯიხვნიც ტკბებიან ამ სიმფონიით, თვითონაც ქმნიან ამ ფოლკლორის რიტმს. ქარაფზედ შესდგნენ, სხივით გამთბარნი, ხვეულ ყანწები აღმართეს ცაში, კენკეშის ნაყოფს აგემოვნებენ, თან შესცქერიან მნათობებს მაღლით. არაფერი სჯობს ცის ცქერას ამ დროს, როცა ცა თვის სახლს ორ ტახტს დაუთმობს. ორი ძმობილი მართავს სამეფოს ენაცვლებიან ერთურთს საწუთროს. შინდისფერი ცა შეუქმნის მათ ფონს, სხარტად მოიხდენს მრავლისმთქმელ სამოსს, ერთმხრივ შეყვითლულს, მზისა სადაროდ, მეორე მხარეს მორუხო წალკოტს მთვარის სამადლოდ, ღამის საამოდ. შიგ მობნეული ოქროს ვარსკვლავნით და შემღვრეული ღრუბელთ მაყარით შექმნის ფერნაწერს ღმერთი საკადრისს კაცთა და მხეცთა სამყოფს მარადისს. გაუძლებს ამდენს მხრები ატლასის!? ღამის წყვდიადში ჯიხვებმა ნავახშმევს კოცონი აჭრეს ცის კამარაზე, გარს შემოუსხდნენ, ფიალა აავსეს, ზედაშეს სურნელით გაჟღინთეს კლდე და ტყე. ბურჯი ნაკვერჩხალს აღვივებს მედგრად ღამის წყვდიადში რომ შეძლონ ხედვა, ცის გუმბათისკენ გატყორცნა ბგერა თითქოს უნდაო მთვარის მოძებნა რომ დაანათოს ზეციდან სეფას. მთვარემ ისმინა ბურჯის ვედრება, დაუსხლტა ხისტად ღრუბელთ ტყვეობას აფრქვია შუქი და მადლი ოჯახს. ბურჯი წამოდგა, ჩანდა მწყურვალი შეავსო ღვინით ყანწი გულდასმით. გადაისწორა ხელით ულვაში, მოიფათურებს ენას მუზაში თან გადაუხსნის ოჯახს გულს ნატიფს: "თუ ღვინოშია ჭეშმარიტება და წუთისოფელს სიკეთე მართავს, თუ მიწიერებს სიკეთისათვის ზოგჯერ მოუწევთ ცოდვებით გასვრა, თუ თვით სიკეთეც, მადლიანი, აღმოცენდება ალაგ ბოროტთგან, თუკი მავანთ გენებში უზით ფარჩაკობით საზრდოს მიღება, და სხვისი გარჯით ეწევიან თვისი ცხოვრების აუგ შენებას. თუ ბოროტების მარად ჩამდენნი იყიდიან იოლ ცხონებას, ვერ კი ხვდებიან მდაბიონი რომ ამკვიდრებენ უმეცარობას, მაშ რა ფერია სამართალი, საიდან მოდის ანდაც რად შფოთავს?!" აღმოხდა ბურჯსა და აიტაცა ყანწი ხვეული, თან დასცა ბოლთა: "ეს ამ სასმისით იმ ცოდვის იყოს, როს დაატარებს სიკეთის ნოტას, ცოდვის გარეშე კაცთა მოდგმაში არც სამართალს აქვს თავისი წონა. ზოგჯერ ხომ ცოდვა გარდუვალია კეთილი საქმე რომ იშვას გონსა." შესძახა ბურჯმა ომახით ოჯახს, თან გადახედა გულკაცსა ხოტბად. გულკაციც ჩანდა გაბრწყინებული თითქოს იელვა მის გონში აზრმა, და გააგრძელა ბურჯის ნათქვამი თან აიტაცა ფიალა მარდად. გაიხსენა რა ამბავი იგი, როს მათ გადახდათ სიყრმისა ჟამსა: "ეს მოხდა ადრე, შველი მომწონდა კოპლებიანი, ყელს იღერებდა. ვეტრფოდი ჩუმად შორიახლოდან, ისიც ჩემს მზერას კუნტრუშს აფრქვევდა. მიჰქროდნენ სხარტად ლურჯი დღეები, მე შველის ნახვა სიხარულს მგვრიდა, მისი ზღვისფერი ბროლის თვალები სიკეთესა და სიწმინდეს ღვრიდა. ერთხელაც შველი აღარ გამოჩნდა თვალს, გულს დააკლდა მისი გოგმანი. შვლის სამყოფელი არვინ იცოდა ქარიც ეძებდა მის სულს, მბორგავი. ტყე უმწეობით მოთქმით ტიროდა, სევდით აცვენდა ფოთლებს შვლის ნაბიჯს. ფოთლებს დაეტყოთ ჭაღარა ფონი, ზეცამაც შეკრა ღრუბლების დოღი. მეც მოვიწყინე, შველს დავეძებდი, ავავსე ტყეღრე იების კონით, მათ შველს ვუძღვნიდი და მტკიცე რწმენით ვიკვლევდი ყოველს რომ მეხსნა შველი. იქნებ ამ წრფელმა გულმოდგინებამ ხმა მიაწვდინა ბუნაგსა ირმის, სად იშუშებდა თურმე ჭრილობებს შველი, ლამის რომ დაცლილა სისხლით. ჰოდა ბუნებამ, ოჯახის ზრუნვამ გადაარჩინა დაჭრილი სიკვდილს. " გულკაცა დიდი გულაღტკინებით თხრობდა ამბავსა ამაღელვებელს, თვით ძალზედ სწუხდა თუ რა გადახდა იმ დილას შველსა, სათაყვანებელს. თურმე იმ დილას შველი კუნტრუშით ასდევნებია პეპლების მაყარს, ხტოდა ხალისით პეპლების ირგვლივ, შორით მანძილი უვლია ტურფას. გზა აბნევია ტყეში ანაზდად, ვერც შეამჩნია რომ შეაბინდდა ბრმად მიჰყვებოდა პეპლის ქარავანს, თუმცა პეპლები ემსხვერპლნენ წყვდიადს. უეცრად მოთქმა გაისმა შაშვთა, თითქოს ბრაზობდნენ შველის ცელქობას, ნაძვნარიც შვლის ყურს ჩასჩურჩულებდა დაბრუნებოდა ოჯახის ჭიშკარს. ალბათ იგრძნესო შვლის ბედისწერა როს მოევლინათ ტყის მკვიდრთა ხილვად. თურმე აფთარი შეუნიშნავთ მათ როგორ დაძრწოდა მშიერი ტყისას სარჩოს ეძებდა თან ანათებდა ტყის განს თვალებით ცეცხლივით მრისხანს. გულით ჰყვებოდა ამბავს გულკაცი მოავლო ოჯახს თვალნი წყლიანი წამით შეჩერდა, ზეცას შესცქირა ცას ხმა ესროლა ომახიანი: "გვიანი იყო ტყის მკვიდრთ გოდება, ბედის ბორბალი ტრიალებს მარდად, აფთარმა ხახა მომართა მყისად როს შეამჩნია საკბილო თვისა, აფოფრა ტანი როს დაედევნა ყელმოღერებულ ბინადარს ტყისას. ჩლიქოსანმა კი ოინს მიმართა ნახტომში მოკლა აფთრის წადილი ოდეს ისკუპა მაღლით ქარაფსა ცაში გაისმა ქვათა ბღავილი, ჰოდა ეკვეთა შველი კლდის კალთას, პირველს მეორე მოჰყვა ნახტომი, კლდის ბუღი დადგა, ცაში აიჭრა, მნათობთ შეეხო შველის ხავილი. ზეცას დაეტყო სიმწრის ნაოჭი როს მიწას ეცხო ცოდვის ქარგილი, სანგვინის სუნი ჰაერს შეერწყა წითლად იფერა კლდეღრემ წამებში. ქიმს წამოეგო შველი ხტომისას, როს აჭრილიყო მახვილად კლდისა, გადაიტყავა ფეხი ბარძაყში ძვლის ლულას ჩასწვდა ჭრილობა მყისად. ვეღარ დგებოდა საბრალო შველი ყელი ამართა მხოლოდ მდუმარედ მისი თვალები სევდანადები შველას ეძებდა კლდედ, ჟიჟრიბანდზე. გამოჩენილა იქვე ირემი წყლის დასალევად ბარს გამოსული გზად იმორჩილებს კლდის იმ ბასრ კალთას სად შველი ებრძვის უძლურად განცდას. უცებ შენიშნა დობილი მიწად როს გართხმულიყო გულის შემძრავად, სისხლი სდიოდა, თვალს არ ხუჭავდა, თუმცა თანდათან სულსა ღაფავდა. ჰაერს დაეტყო გაქნილი კვალი, ირმის ნახტომის მხურვალე რკალი, ცის მნათობებმაც შეკრეს კამარა ირემს აენთნენ იღბლის ლამპარად. სხარტი გამოდგა სალტო ირემის, თან მოიმარჯვა რქები გიშერის მყის აიტაცა ხვეულით შველი მარდად მოჰკურცხლა ბღავილით მწველით ცდილობს მიჰგვაროს დაჭრილი ექიმს იქ სად ბინადრობს ჰარემი მჭვრეტი. გზად შეუნიშნავს აფთრის ფანტომი მაღლა ქარაფზე ლანდად ქცეული, როს დაჰყურებდა შველს სევდიანი, ნუთუ საქციელს ნანობს ეული?! ამტყდარა რეკვა ზართა ჰარემში, როს დაინახეს სისხლის ყანწები, დასტაქარების შეიქნა ჯერი შველს მკურნალობდა ერიც და ბერიც." ამოიხვნეშა გულკაცმა ჩუმად, თანაც ასწია სასმისი კუშტად: "ეს ამ ფიალით იმ ნების იყოს შურისძიების გრძნობას რომ თრგუნავს, რომ განბანს კაცსა ცუდ ფიქრებისგან, ხორცს ამსუბუქებს და სულსაც კურნავს. ახლა ვიცი რომ ამ გრძნობას ვზღუდავ, მაშინ ვერ ვქენი მისი დათრგუნვა. ჰოდა იმ აფთარს ტყეღრე ვეძებდი, დასჯა მინდოდა მხეცის კერკეტის, ავაწრიალე ტყეც, ღელეებიც. ძილშიც, ღვიძილშიც ვერ ვისვენებდი. მზე აცხუნებდა იმ დღეს ქარაფებს, როს გადავაწყდით აფთარს კლდის თავზე, ეფიცხებოდა მნათობს მდუმარედ თვალთვალობდა მსხვერპლს ტყის გასაყარზე. სისხლი მომაწვა მყის საფეთქლებზე გახშირდა სუნთქვა, პულსიც ძარღვებზე, ბრაზი აცეკვდა რქის ნაპერწკლებზე ცქერაც მწველია ცხელ ნაკვალევზე. " ყმაწვილი იყო მაშინ გულკაცა, რქებიც არ ქონდა ჯერ საბრძოლველად, ვერ აჯობებდა აფთარს ძალითა თუმც მისი დასჯა ძალზედ ეწადა. მიუხვდა ბურჯი ძმობილს გულნადებს, გულკაცის მზერა ფრქვავდა მის სათქმელს ჰოდა მოზიდა ბურჯმა ხვეული აელვდა რქები ხმლებად ქცეული. ზეცამაც შეკრა პირი თეთნულდის ჭავლს ამზადებსო წყლისას მერწყული, ღრუბლებმა იწყეს ცეკვა ფერხულის გვერდში დგომა სურთ თითქოს რჩეულის. ბურჯმა შებღვირა აფთარს შორიდან ჩუმად მიპარვა მას არ ჩვევია ეკვეთა აფთარს, ყანწთ წამოიცვა გაქცევის შანსი ნადირს არ მისცა, ფეხი მოჰკვეთა მტაცებელს ყანწით სისხლმა იჩქეფა ბარძაყის ძარღვის. ჭექაქუხილი გაისმა მაღლით, ცა შეიფერა მეწამულ ალით. აფთარმა მორთო ყმუილის ხლართი თითქოს სიკვდილი იგრძნოო წამით ბედს შეურიგდა, თავი დახარა ალბათ აენთო თვალების ჟღალში წამი თვითგვემის, წარსულის განცდა. თუმცაღა ძმებს არ სჩვევიათ კაცთ კვლა, ავის სათრგუნად სცოდეს ქვეყანას, ჭკუის სწავლება უნდოდათ აფთრის, ახლა კი ცდიან მის გადარჩენას. ზედ აიტაცეს რქებით აფთარი პირი ჩასჭიდეს დაჭრილ ბარძაყში მოგუდეს დრუნჩით სისხლმდენი ტაკვი, მკვირცხლად გაჰქუსლეს ტყის შუაგულში სადაც ეგულვით დასტაქრის ქოხი, რომ გადაკვანძონ სისხლმდენი ძარღვი თან ამოკემსონ ჭრილობა ტაკვის. ტყემაც შეიგრძნო განცდა ჯიხვების ბილიკს უკაფავს ნედლი წიწვებით. კვლავ გამოჭვრიტა მზემან სხივები რომ გაუთბოს ქოხს გირჩის კედლები. მოირგო ბურჯმა ქირურგის ძაფი დაუმუშავა ჭრილობა ნადირს, მადლობის ნებას არ აძლევს დაჭრილს, თანაც შესძახებს მწველი ომახით: "სიკვდილის ღირსი იყავი აფთარ თუმცა გიბოძეთ სიცოცხლე დარად, შესაბრალებლად არა ვიქმთ ამას, არც იმიტომ რომ მფატრავი არ ვარ. უბრალოდ მინდა მთელი ცხოვრება გახსოვდეთ შენც და შენს მოდგმას მარად, თუ რატომ დარჩი სამფეხად ამ ხანს, რომ არ გაბედო მეორედ ქვეყნად, სიკეთის თრგუნვა და სუსტის ჩაგვრა. " შეერწყა სამფეხა ძუნძულით ტყესა, ნუთუ გადასცემს გზავნილს თვის თემსა?! შველი კი კვლავაც ცუნცულებს ველად ტყეც დაუბრუნდა ცხოვრებას ძველსა. როს დაასრულა მოყოლა ამბის ცრემლი წასდინდა გულკაცსა ქარვის ბოლომდე შესვა ვაზის ნაჟური ამბორი სტყორცნა ბურჯსა კაცური. თავი მეოთხე / ვაზის საიდუმლო ქართულ მიწაზე ჩანერგილ წიპწიპს თურმე ძალა აქვს ღმერთის სადარი მის ღვთიურ ნაყოფს და წმინდა ნაჟურს საიდუმლო აქვთ კაცთ უკვდავების. წიპწიპს კი თურმე წარმართი იცავს, შეარქვეს ძველად აგუნა ხიბლით, ღმერთს გაუტოლეს იგი რადგანაც ჯერ ვერვინ ჰპოვა სამყოფი მისი. აგუნას ძალის და გონის ჯობნა ვერ ძალუძს თურმე ქვეყნად ვერავის, აკი ღმერთებმაც სწორედ ამიტომ რჩეულთ მიანდეს დახსნა კაცთ განძის. ისე ინათა ტყის თავზე ცისფრად თან ტყის ფოთლები იფარა მთის ცვრად, რომ ვერც შენიშნა ოჯახმა მზის წვა, სიყრმის ტკბილ ამბებს აფრქვევდნენ ტყის ბანს. როს ჩააღწიეს სხივებმა სეფას, წაეთამაშნენ სარკმლებზე ხის ნამს, ბზინვით შეამკეს სურების კდემა ზედაშეს წვეთს რომ იშრობდნენ ხისტად. თუნუქის სურის მუცელზე უცებ მზემ გამოსახა ჭური ყურძენით, ამოირეკლა ლაჟვარდის ფონზე ქვევრის ნაწურზე ვაზი მტევნებით. და გაიჟღინთა ჰაერი ლანდით ვაზის აჩრდილი აიჭრა ცაში დახუნძლულიყო წვნიანი ქარვით მას ასაზრდოვებს მზის სხივის მადლი. ჰოდა გზავნილის მიზანი იგრძნეს ძმებმა ბახუსით გაჟღენთილ გულზე, რომ გააგრძელონ მისია ფიცხელ მზადება იწყეს, თან სცემდნენ ნუგეშს. აკი მიზანიც ნათლად გაბრწყინდა თვითმყოფადობის განსამტკიცებლად, ქვეყნის ღირსების და საგანძურის, ვაზის ნარგავის გადასარჩენად, მისი მადლი ხომ კვლავ უტოლდება ქართულ ლეგენდას ოდისეადან, ლალისფერ სითხის გასინჯვა ვისც სურს, მისი მოყვანა ასწავლოს შვილსა. ამ წმინდა ბუჩქის გენიალობა მსხვერპლსაც მოითხოვს კაცთა მოდგმისგან, ღირებულებებს, გარჯას მუყაითს თუ მიენდობი და სცემ პატივსა, მაშინ ახდება ძველი თქმულებაც წმინდა სითხის მშობ ნერგის ვაზისა. დაემშვიდობნენ ოჯახს კურთხევით მათ წინ მოელით გარჯა ულევი, რომ მოიძიონ, შრომით გამოწრთონ და გაამრავლონ ვაზის ნერგები. ჰოდა შეკაზმეს ძმებმა ხაბაკი რა განცდას უწყობს ნეტავ მათ ფარსი?! გზა გრძელი, თუმცა საინტერესო, გამოცდილების შანსი აქვთ თვალწინ. უტყვი და სხარტიც წამოიზარდნენ სისხლხორცს უნდათ რომ აუბან მხარი. მკვირცხლ აედევნენ უფროს ძმებს კვალზე, ტყეღრე დაბურეს ფოთოლთა კვამლით. თან აღჭურვილან სამოსის დასტით სულტკბილს უქარგავს ძმებისთვის ბამბით. როს დაეწივნენ უფროს ძმებს გზაზე ჩაშვებილიყო მზე მთის თეთრ კარზე, მიანიშნებსო ჯიხვთ თითქოს ქვაბზე შეუქმნია რა განგებას ხვამლზე, როს აღმართულა მითების სარკედ, ღრუბლებსაც მწყემსავს ცის კამარაზე. იდუმალებით აღვსილა ზეცაც ოდეს შეჰყურებს პიტალო კლდეკარს როს იბზინვარებს თვალისმომჭრელად, დანამულს, იქნებ პრომეთეს ოფლად. ალბათ ისმინეს ძმებმა მზის რჩევა ქვაბულს გაჩერდნენ, ბანაკი დასცეს. გრაგნილიც სწორედ ხვამლს მიანიშნებს, მისი ქვაბული ზეცის მადლს იძენს. კოცონი კაზმეს ძმებმა მთის კარზე, ცივი ჰაერიც დაფრთხა მყის ალით. მთვარეც აცეკვდა ცის კამარაზე, როს აკეკლუცდა, აანთო ხვამლი. შორს კი წყვდიადში ირეკლებოდა ტურააფთართა მშიერი ლანდი. ჯიხვთა გაშალეს გრაგნილი იგი ბჭობენ, სჭვრეტენ გზას ხვამლის მთის შიგნით. ციხექვაბული იშლება კლდეში, თურმე აგუნა ცხოვრობს მის ძირში. სწორედ აგუნა თავის საცავში სათუთად ამწყვდევს ქორფა ნერგს ვაზის, მის იშვიათ ჯიშს ხელეწიფება დახსნა მამულის შეჭირვებულის. ასე წერია გრაგნილში შრიფტით, სინამდვილეა ნეტავ ეს ფიქრი?! ხვამლის ქვაბული ხავსით მოცული, იდუმალებას აფრქვევს ძვალს და გონს, ჯერ არ უნახავს ბუნებას კაცი რომ დაელაშქროს მისი სამყარო. მაშ ძმები ერთად ადგენენ მარშრუტს, როგორ შეიცნონ ხვამლის სამეფო, გაინაწილეს ადგილსამყოფი, ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ გახსნან კარი იგი გრძნეული, წარმოსახული აზრებში მხოლოდ. ალბათ ცდილობენ ამოიკითხონ ის ნიშანწყალი, გზავნილი ციდან, როს დაეცემა სახიზარ სარკმელს ხავსით დაფარულს, მის ცვრიან კირქვას. თან იმედი აქვთ ჯიხვებს ერთთავად ტყის ბინადართა ხელის გაწვდომის, ცის მნათობების გვერდში დადგომის რომ აღასრულონ მისია ყოფის. ჰოდა გაიხსნა უცებ ცისკარი წყვდიადს გააპობს ელვის ისარი, კლდის სარკმელს დაჰკრავს ნაპერწკალს მეხი, ეს ნიშანია ღვთისგან კლდისკარში. როცა სარკმელში აელვდა ხავსი, ძმებმა შეიტყვეს სად ტყდება ნავსი. სარკმელს შიგ ჩასწვდა ნათება ცეცხლის, კირქვას ჩაფერფლავს ღაღადი ღმერთის, მისი ხმა იქცა ქარცეცხლად მეხის, შეუძღვება ჯიხვთ ქვაბულში ელვით. ძმებიც ირაზმნენ საომრად მწყობრში, შესწევს აგუნას ძლევა ამ ბრძოლის?! შორს შეუნიშნავთ მწყემსებს მყოფთ ბარში, ცის პირას, კლდეში ნაკვეთი ალი, როს აელვარდა ღამის წყვდიადში, ტანდემს რომ შექმნის ლოდებთან ქარვის. ბედისწერას ქმნის განგება ქართვლის!? თანაც რიონიც აზვირთდა ლავით წყლის ფსკერს რომ ერთვის კლდის შიდა ქვაბით. პეიზაჟს შექმნის განგება ცხადის, მწყემსებს ჰგონიათ ღმერთების ბრაზი. თავი მეხუთე / ხვამლი ცის შესაყარზე, დანისლულ ღრუბლებს ვრცელი ქარაფი შეუმკობს ღაწვებს. მის რუხ ციცაბოს, ალაგ შეფოთლილს, ჟღალი ქვაბული ამშვენებს თურმე. ქვაბის სალ კალთას არწივი ბუდობს, კლდის საიდუმლოს ფლობს მისი ბუდე და ყოველ ღამე მთვარეს უამბობს იდუმალებით მონუსხულ სათქმელს. ხვამლიც იმედით აჰყურებს მთვარეს გულით რომ უსმენს ფრინველთა მეფეს. თითქოს მხსნელს ეძებს რომ თვის ლეგენდას კლიტე აჰყაროს, შვებას მიეცეს. ჩაუყვნენ ძმები ქვაბის ლაბირინთს გაჩირაღდნებულს მნათობთ სხივებით, თან გზად უხდებათ კაფვა ეკლების ქვაბს რომ ეკრნენ ვით აგუნას მცველნი. თურმე ეკლები ურცხვად სერავენ ქვაბულის კედლებს ნაცრით მოქარგულს, ეკლებს ვეძახი თორემ კაზმულნი არიან აკი ბროლის აბჯარით, ბასრ ელვარებას, თან ვარვარებას აფრქვევენ ირგვლივ კუშტად მტარვალნი. ჰოდა ჯიხვებსაც დიდ გარჯის ფასად უხდებათ თურმე გაწვრთნა ეკლების, ზოგს აიცდენენ, ზოგსაც რქით ტეხენ, თუმც ტანზე რჩებათ შრამი ვარამის. ყველაზე დიდ და ბასრ მხურვალ ეკალს, აპირებდა რა განგმირვას უტყვის, ეკვეთა უმალ მედგრად გულკაცა და ჩაუმსხვრია პერანგი შუშის. საოცარ სცენად იქნა ქვაბული ღვინის ცრემლებად იქცნენ ეკლები, კედლებსაც სდინდათ ცრემლნი ნაჟურის, აგუნას მარნის ყურძნის ნაწურის. სულისკვეთა რომ არა გულკაცის კანს რომ აბურძგლავს სულმთლად ისეთი, სულ სხვანაირი ალბათ სურათი გამოკრთებოდა ქვაბულის ყელში. თანაც ზედაშეს ძალა აქვს ზევსის დიონისეს რომ მფარველობს კვერთით, სძალუძს ალაგმოს აგუნას მცველნი ბროლის ლამპრებად რომ იდგნენ კლდეში. ჰოდა აგუნას მცველთა სიშმაგეს და მათ მახვილთა ცრუ სისასტიკეს, მყის ჩაანაცვლებს ღვინის ცრემლები როს მარცხს იწვნიან ჯიხვთგან ეკლები. კეთილშობილსა სითხეს ვაზისას ქართლში ურწია აკვანი ღმერთმა, სასწაულმოქმედ ვაზის ნაჟური ტყვედ უქცევია ხვამლში აგუნას. ვაზის წრფელ ძალას და მის წვენის მადლს როს ქმნიდა ღმერთი ქართლის საკურნად, რას იფიქრებდა რომ მას აგუნა ხვამლში შთანთქავდა ძალზედ მზაკვრულად?! ვაზში ჩაქსოვილ ღვთიურ მაგიას ხელეწიფება ქართლის დაწმინდვა. ჰოდა ჯიხვებსაც ძალზედ ეამათ როს აგემოვნეს ღვინის წვეთები, ძმებმა მოითქვეს სული მებრძოლი, ღვინოც თითქოს სცემს ნუგეშს დათრობით, ცვრად ჩაეფინა ჯიხვებს მშრალ ხორხში, თან ქვაბულს მისცა ლალის ელფერი. აწ კი სიწყნარე გამეფდა ირგვლივ, ღვინის სურნელმა გაჟღინთა ფიქრნი. ამ დროს კი ქვაბში აგუნას მსტოვარს დრო უხელთია ჯიხვთა სიმშვიდით, ზვერვა დაეწყო გამოქვაბულის, ვერაგ მისიას ასრულებს ხიბლით, მებრძოლთ გულების მოგებას ცდილობს გამოწყობილა ასკეტის სტილში. ძმების იარებს განკურნავს წამში მებრძოლთ ადუნებს უცნაურ ჟინით. ბერის სამოსში შემალულ მტარვალს ვინ ამოიცნობს უცდელი ნირით?! თან თავად ფხიზელობს, ზედაშეს უფრთხის, ძმებს კი აბრუებს ვაზის ნაწურით. უცნობი ბერი ავი ზრახვებით, ალბათ ფიქრობდა რომ სძლია ლაშქარს როს დაინახა მავანთ ზარხოში, აჟღალებული თვალების როკვა. ამ დროს იელვეს ცაში მნათობთა თითქოს ცას მოსწყდნენ, ქვაბს ჩაეკიდნენ, გამოქვაბულის რუხი კედლები მოიცვა უცებ მათმა კაშკაშმა. ძმებმა იფხიზლეს, ეხილათ თვალი მადლიერები ჩანდნენ ვარსკვლავთა, ქვაბულს გაუყვნენ დიდი სიფრთხილით მორიგი ბრძოლის გიჟ მოლოდინში. მსტოვარიც დაფრთხა, დანებდა მებრძოლთ, კლდეს განერიდა, ღვინით გაჟღენთილს. თუკი დაიცავ წამლად რგების ზღვარს და არ ჩაყვინთავ ღვინის მორევში, ღვთიურ სითხეს ხომ აურა მოაქვს ყოვლად წმინდა და აღმატებული. ცა თურმე ამ დროს იყო ნათელი, ვარსკვლავებს ქსოვდა ცრემლით მოფენილთ თუმცა დარდობდა რაღაცას მთვარე, ბაგეს წაშლოდა ლაღი ღიმილი. ხვამლს მიეშურნენ ტყის ბინადარნი ერთობის მუხტით ივსნენ ცხოველნი ფარი აღმართეს სადარაჯოზე გაერთიანდნენ მამულის ტრფობით. ქვაბულს ჩაუყვნენ ირმის ჯოგები, მათი ყვირილი ჩასწვდა კლდის ძარღვებს, ფოცხვერთა გმინვაც. ქვებმა ირეკლეს, თვისსა საკბულოს გვერდში დაუდგნენ. ქორშევარდენნიც, არწივნიც შმაგად, თავბრუდამხვევად რკალავენ ფრთაკლანჭს, თითქოს უნდათო ფრთების მოქნევით თავი მოხადონ აგუნას საცავს. სხვაზე რაღა ვთქვა როს აფთარნიც კი, მკვირცხლად დაეშვნენ ქვაბულის დაღმართს, ფაფარაყრილნი, ჯიხვთა მხარდამხარ კბილებს ილესდნენ სამშობლოს კარად. თურმე განგებამ ასე ისურვა ერთ ჭაპანს სწიონ მთის ბინადარმა, გადასდონ გვერდზე წარსულის შუღლი ერთ მუშტად იკვრნენ ქვეყნის სახარად. ამ სიმფონიის ორკესტრს ზეციდან ვარსკვლავთა ცრემლებს აფრქვევდა მთვარე. ცდილობდა თითქოს ვნებათ განკარგვას, საოცრად მშფოთვარე იყო ის ღამე. ძმებიც აღივსნენ თავგამოდებით, მთის ბინადართა როს იგრძნეს ძალი, ერთად დადგომით და თავგანწირვით მთასაც შეიპყრობს თურმე ლაშქარი. მთას კი დაძრავდნენ საერთო ძალით, უკიდეგანო როს იქნა ჯარი, თუმც არ იცოდნენ რას მოასწავებს გამეფებული სიშმაგე ქვაბში. თავი მეექვსე / არსი კაცისა ამ მოლოდინში ბურჯმა შენიშნა ძველი ნაცნობი აფთართ ხროვაში, როს მოუძღვოდა ლაშქარს დიდებით სჩანდა რომ სცემდა ჯიხვებს დიდ პატივს. გვერდში სადგომად და საბრძოლველად იყო მოსული იგი აფთარი, გული თუ გულობს, აგერ აფთარსაც ხელწიფებია გულძმობა ჯიხვის. ჰოდა გაშეშდა ჯიხვი ერთბაშად კეთილი ნება იგრძნო რა აფთრის, ჯერ შეცბა მყისად, შემდეგ ღიმილმა გადაურბინა სახეზე ხიბლით. სამფეხა იდგა ბურჯის წინ მედგრად, კეთილად იყო ჯიხვთან მოსული. თითქოს ვალი აქვს ბურჯის დიდძალი, მოუყვანია აფთრების ჯოგი, შესძახა ჯიხვებს ომახიანად მადლიერებით იყო აღვსილი: "თქვენ ამიხილეთ ძმებო თვალები სულ სხვა ყოფილა ცხოვრების არსი. იმა დღის შემდეგ შევიცან ნათლად კეთილი საქმის გემოც და აზრიც. საძმოდ გახლავართ ჩვენ დღეს მოსული ვიბრძოლებთ თქვენთან მხარდამხარ ჯიგრით." "გიფასებ სამფეხ შენს ვაჟკაცობას და გულისხმიერ მადლიერებას. მიხარია რომ მწარე წუთებმა გასწავლეს სიმთა სწორად ჩამოკვრა", მიუგო ბურჯმა სიამოვნებით, ქათინაური აღარ დაზოგა. გულკაცმაც წვერზე ხელი მოისვა თან აღტაცებით მხეცს უთათუნა: "სუფრას რომ ვესხდეთ გადღეგრძელებდი, ლოცვად გეტყოდი ქებას და ხოტბას და დღევანდელ დღეს რაც უნდა მოხდეს შენ უკვე შესძელ კარგი კაცობა. ჰოდა მე მინდა დაგაჯილდოვო მხოლოდ ჩვენ გულის გასახარებლად" სთქვა გულკაცმა და თვისი რქის ტოტი უეცრად ხანჯლით ძირში იკვეთა: "ეს გამომართვი, შენთვის მიძღვნია გამოგადგება მეოთხე ფეხად. განგებამ ალბათ ასე ინება ჩვენ მოკვეთილ ფეხს აღიდგენ ჩვენგან. თან ახლა მძლავრი თანამებრძოლი ვით წყალი თევზსა ისე გვჭირდება. ერთად დგომა და ხვამლის დალაშქვრა თან ქვეყანასაც ხომ წაადგება?!" აფთარი იდგა შეცბუნებული ვეღარ მოასწრო უარი ეთქვა არ დაუტოვა გულკაცმა სხვა გზა ძღვენის მიღება დილემად ექცა, თუმცაღა იყო კვლავ მადლობელი, ამ საოცარი კაიყმის ცქერად. როგორ დასდინდა სისხლი რქისძირში გულკაცმა თითქოს არც კი იმჩნია. სანგვინის სუნი კი დადგა ქვაბულს თუმც ეს იარა მისთვის ხიბლია. მადლობის თქმაც კი ვეღარ მოასწრო ის იყო დადგა ოთხზე აფთარი, რომ ჩამობნელდა ქვაბულში ხისტად, აგუნამ კლდისკარს უწყვიტა სიქა. ლოდთა ღრჭიალი გაისმა ქვაბულს ამოქოლეს რა სარკმელი კლდისა. როს ისადგურა ქვაბულს წყვდიადმა, ისეთმა თურმე ნაბიჯს ვერ დაძრავ, სევდა გამეფდა რუხ ლოდებს შორის კლდის ქარაფებსაც ნამი შეაშრათ. ჯიხვნიც, აფთარნიც, მათი მოყვასნიც თითქოს გაქვავდნენ, წაერთვათ სიტყვა. მტრის მოლოდინში გულანთებულებს გაუქრათ თვალწინ ჩინიც და სიქაც. ქარმა დაჰბერა თითქოს უეცრად ციცინათელთა ლაშქარი გაჩნდა შემოანათეს ლოდებთა შორის, გამოქვაბული კვლავ აკიაფდა. ჰოდა აგუნას მორიგი ფანდი ჰაერში მყისვე კვლავ გაიფანტა. ჩვენ მებრძოლებსაც მუხტი მიეცათ კვლავ მიემართნენ ქვაბის დალაშქვრად, ეძგერნენ ძგიდეს აჭრილს ალმასად როს აღუმართავს მათ წინ აგუნას, ცდილობს ვერაგი ლაშქრის დაქსაქსვას ჩაუხერგავს რა იქ გზაბაწარაც. ატყდა ტკაცუნი ალმასის მტვრევის თუმც ბოლო არ აქვს სიმტკიცეს ქანის. ამ დროს გულკაცმა აღმართა თათი ჭკუა იხმარა იქნება განით: " ალმასს ღვთის ცრემლებს რომ უწოდებდნენ არკი ცდებოდნენ პაპანი ჩვენნი, ალმასის კრისტალს ვარვარი უნდა და აორთქლდება ვით წყალი ცაში. შევუნთოთ ცეცხლი ალმასის კედელს და გაიხსნება ქვაბის პერანგი. " სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ დატრიალდნენ კლდის ბინადარნი, მყის მოიზიდა მასალა ცეცხლის ქვაბულს კვლავ ეცხო სიცოცხლის კვალი. უტყვმა და სხარტმა ააზიგზიგეს, ცას რომ მისწვდება ცისფერი ალი. სითბომ იმატა ერთბაშად მთაში, დაჟანგვა იწყეს ქანებმა ქვაბში. ცამაც დაჰბერტყა მეხი კლდეკარსა, გააპობს ლოდებს, გახსნის კლდის თავსა, გზას მისცემს ცისკენ ალმასის ნამწვავს, მისმა ცხელმა და მხუთავმა ორთქლმა რომ არ აღმოფხვრას სიცოცხლე ქვაბსა. ჰოდა როს იწყო ლღობა ალმასმა, ძგიდე დაირღვა, შიგ გზამ ინათა, თუმც მიუვალი გახდა ბილიკი, ისეთი, ჯიხვთაც ვერ ძალუძთ ჩასვლა, როს ქვაბულის ჭერს ჟონვამ დაიწყო აგუნას ცრემლის ელვარე ლავამ. ჯაჭვურად ეკვრნენ ერთურთსა ძმები, ჩაუყვნენ ქვაბულს ციცაბოდ კიდულს. შმაგად უძლებენ მხრების დადაღვას წვეთს წვეთზე ხვდება მხურვალე ლავა. ძმებს უკან გაჰყვნენ მთის ბინადარნი, ეშურა ქვესკნელს მთელი ლაშქარი. ძნელია ცქერა ამ ყოფის ცოდვის, ამ დროს ვლინდება ვინ არის ნაღდი, ვინ კი ამ სკნელის გამხრწნელი ფარსი. ამ დროს მავანი მოიხსნის ნიღაბს, სიკეთის ჟამს რომ მოირგო ნავსად, კეთილშობილი ნიღაბის ჩრდილქვეშ წარმოჩინდება ბინძური კალთა. ზოგიც სუსტია თვისი არსებით რა ქნას განგებამ შექმნა ასეთი, თუ ვერ გაუძლებს განსაცდელს ბედის სწრაფად ნებდება ტკივილს მოვლენილს. ის იყო ძმები ჩაუყვნენ ფლატეს იშუშებდნენ რა დაშანთულ ბეჭებს, მოესმათ ხვნეშა ზედან, ქვაბიდან, კბილთა ღრჭენით და მწველი ქივილით. ეს აფთართ იწყეს ერთურთის გლეჯვა ფარად იხდენდნენ დაგლეჯილ ყმის ტყავს, ასე იცდენდნენ ლავით დადაღვას თვის დასარჩენად სწირავდნენ ყმის თავს. განკითხვის ჟამი დამდგარა ქვაბულს მართალ მტყუანი ვერ იქნენ ყაბულს, სუსტნი წაიქცნენ, ჟანგი ჭამს მათ გულს, ძლიერნი ბოლოს შესვამენ ნაწურს. ასე ტრიალებს ცხოვრება დასტურ, მყვირალ-მჩივანი იგემებს ნადუღს. სამფეხა სცდის ამ სცენის ალაგმვას დადგება მყარად ლოდზე ამადგრად. სუსტებს მოისვრის ქვემოთ ჯიხვებთან სამშვიდობოს მათ უშველის გასვლას. "დიაცთა გლიჯონ ერთურთის ტყავი, სუსტი ყმის ჩაგვრა ხვედრია ლაჩრის, ოდეს სისუსტე არ ნიშნავს ავსა, ჭეშმარიტ ძლიერთ არ სჩვევით ჩაგვრა. " ესროლა იქ მყოფთ ულუფა ბასრი, სამფეხა ცდილობს გახედვნას აფთრის. ჯიხვთაც კვლავ შექმნეს ქვაბულს სავალი თვის ჩლიქებისგან, კიბის მაგვარი. გადარჩენილნი ჩაჰყვნენ ქვაბულს ძირს ჯიხვთ ჩლიქ-რქებ შორის იყვნენ დაცულნი. ზემოთკენ ქვაბულს, "ძლიერთ" ბორგვისას და ბრგე სამფეხას ყოჩურ როკვისას, გამოიკვეთა ბუნების არსი გადარჩენისთვის ბრძოლის უფლება. დგება მომენტი როცა სამართალს არა აქვს ფასი არც ერთი ქათმის, და ზეციური ძალები მაშინ ბუნებრივ რჩევას იწყებენ სოფლის. აკი ვამბობდი წეღან მთვარეზე რომ სხვანაირი შეიქნა იგი. ვერ აიტანა სიმუხთლის ცქერა ააგიგზგიზა ცეცხლი თვალებში, უსამართლობის ალაგმვას ცდილობს თან გამურულ ცას გაანდო ფიქრი. აგუნას ზრახვას უმალ მიუხვდა როს გადაჰკიდა ერთურთს კლდის მკვიდრნი. შეჰყარა უცებ ღრუბელთა ჯარი, ჩასისხლულ თვალებს მიუქსევს კლდისპირს. ბრაზის ცრემლები წასცვივდა ზეცას, ქვაბში ჩასცვივდნენ ყინულის კენჭად, ნიაღვრად იქცნენ მის ლაბირინთში, ლავას შეებნენ ქვაბულში მყისით. ჰოდა გაქვავდნენ ლავის შხეფები მძივად ეკიდნენ ქვაბულის ჭერში. თან გაიყოლეს ავი აურა როს სადგურობდა ხვამლის ქვესკნელში. ამქვეყნიურად ბოროტი ძალა, თურმე ამძიმებს პლანეტას მარად. თან იარსებებს მისი ფესვები სანამ იდგება კაცთ მოდგმა მყარად. ბოროტებასთან ვინც გაიბრძოლებს უჯდება ძალის, ნერვების ფასად, და რომც იმარჯვოს მასთან დუელში, მაინც დატოვებს გულში მწველ ღადარს. იქნებ ამიტომ ჯობდეს ბნელ ძალას, პირი უქციოს მავანმა მარდად, რომ არ ჩაებას ფერხულში მასთან, გვერდი უაროს, დაუშვას ფარდა. მაშინ კი ალბათ ეს მავნე ძალა, თვის ენერგიას, აგრერიგ არამს, რომ ვეღარ გასცემს თვითონვე შთანთქავს, ჩაიფერფლება, გაჰყვება ქარსა. და იქნებ მისმა უმანკო ნამწვმა სიკეთის ყლორტიც ჩასახოს კარად. კვლავ დაირაზმნენ კლდის ბინადარნი, ვინც ცოცხლად დარჩა მომართეს ძალი. ზოგი ჭრილობებს იშუშებს კვნესით, ზოგი ამხნევებს გვერდში მყოფს ხვევნით. თავი მეშვიდე / აზრი სიცოცხლის ნამიან ქვაბში, თეთრი ქიმის ქვეშ, ძმებს შემოესმათ ჩუმი ქვითინი კოპლება შველი ჩამუხლულიყო ჩამოსდიოდა თვალებზე ცრემლი. გულკაცს მისტირის თურმე მალულად მონატრებია სუნთქვა მიჯნურის, ნამიან თვალებს აფრქვევს მიდამოს, გულისთქმას ანდობს კლდის ხავსს ქვაბულში. ხვამლის ლეგენდის მომსწრეა ხავსი ლაღად რომ ღვივის ქვაბის კედელში. ხავსიც მოხატავს ქვაბულს ჩუქურთმით, ხალას ფერებში აანთებს კლდის გულს, სითბოს მოფანტავს ქვაბის წიაღში, იმედის ნუგეშს აპკურებს იქ მყოფთ. შველიც დანამავს ცრემლით ფაფუკ ხავსს, ჩაიძირება ბრმად მის კალთებში. ხავსის სურნელი კვლავ გააშმაგებს სიცოცხლის გემოს, საწადელს ერთობ, ყოფის სურვილს კი გულისთქმა ამბობს მისით დათრობა აისს ჰგავს ზღვის სწორს. სიცოცხლის არსს ხომ ხავსი წარმოშობს ხარბად რომ უქსოვს ქვაბულს გრილ სამოსს, ამ პაწაწინა მწვანე შუქურას წინამორბედი რომ არს სიცოცხლის, თითქოს უნდაო თვის მატიანე იგემოს ტკბილად, სხვასაც აგემოს, გადაიშლება ქვაბულის თავზე ფლირტს გაუმართავს კლდექვას უსულოს. კლდესაც დაასხავს ოფლი სიწითლის, სიცოცხლის ძალამ მოულბო გული, თითქოს იგრძნოო ხავსის ფერება კლდექვის ფორებში გაკრთა ღიმილი. ამ სიმბიოზის აუხსნელ სურნელს ზედ დასტრიალებს თურმე სულტკბილი, ასდევნებია ისიც ძმებს ქვაბში, დღეღამეს ქნიდა მათზე მწველ ფიქრში. ერთობ სწადია მათ გვერდზე ყოფნა, მონატრებოდა მათი ღიმილი. ახლა კი ცდილობს შველს უალერსოს, ცრემლი მოუშროს, მისცეს ნუგეში. ვერ გაუბედავთ შველსა და სულტკბილს რომ დაენახვონ ძმებს გულანთებულთ, მათ აღტკინებას და თავდადებას რომ არ მოაკლდეს მისხალი ძალი. თუმც ძმების ჭვრეტა არც აქ შემცდარა, გუმანით იცნეს ქვითინი მწველი. ხავსში ჩაფლულებს თავზე დაადგნენ, თავად ჩაიფლნენ სიყრმის მორევში. გადაეხვივნენ შვებით ერთმანეთს თითქოს სიცოცხლე აჩუქეს წამით, უნდათ მოასწრონ ულევი სითბოს და გულსათქმელის გაცემა ნაღდის. რარიგ ტკბილია ამ დროს ცხოვრება, თითქოს გინდა რომ გაჩერდნენ დრონი. თვალს გაუსწორებ ჭეშმარიტებას თან არ შეგრცხვება წარბების როკვის. წამი გაწუთდა, წამებას ეხსნა, წამწამთა წირვამ იხსნა საყდარი, სულის სამყაროს სალბუნად ედო ამ მონატრებულ ცრემლთა ვარვარი. ცრემლი კეთილი, პატიოსანი ალალი, სუფთა ვით ლალის თვალი, მის კეთილშობილ, მწველ ანასახში აკი გასჭვივის კაცის ღაღადი. ქვაბულს დაეტყო ოდნავ სიკეთე გრძნობამ იზღვავა გულის ფორებში, ამ უბადლო ჟამს კოცონს მიუსხდნენ, ხანი შეიქნა სულის მომრწყველი. ხვამლის ბინადართ გახსნეს გრძნობები, უნდათ იგემონ ერთურთის განცდა, განცდა იმედის და მონატრების, ძარღვთ რომ ჩასწვდება ცხოვრების ფარად. ჰოდა იდარა ქვაბულს ანაზდად, კვლავაც გაჩაღდა სეფა კლდის დარად. იქნებ მოითქვან სული მოსაგრეთ რომ შეერკინონ აგუნას მტარვალთ. ჯერ კი გულკაცმა თასი ასწია, დინჯად წამოდგა, თან ჩაახველა. სიჩუმედ იქცა ხვამლის ქვაბული ყველამ შესცქირა გულკაცს ყაბულით, თითქოს ელიან ნუგეშს ბრძოლის წინ, ვაზის გამოხსნას ელტვის მთაც, ჯურიც. „აკი შემოქმედს რაც უძერწია და შეუქმნია თვის ღვაწლის დარად, სწორედ სიცოცხლე მოუქსოვია შედევრთა შორის ნიჭის მწვერვალად. სიცოცხლის მადლი, ვისთვის ხილულად, ან უხილავად სჭვივის კამარად, მისით დატქბობა ხარბად ვიჩქაროთ, მას მოფრთხილებაც უნდა სათუთად. ჰოდა სიცოცხლე, თუმც ასე მოკლე, რომ შევითვისოდ მთელი არსებით, რომ დავინახოთ მის ფერთა წყობა ღრმად შევისუნთქოთ მისი სურნელი, დროა შევიცნოთ მისი არსების და ჰარმონიის მთავარი მრწამსი: გაუღეთ გული ფართოდ მოყვასსა, პატივი ეცით მის აზრს, მის ხედვას, ხელს ნუ შეუშლით მის კეთილ საქმეს, მოყვარის გრძნობებს უფრთხილდით ხელად. თუ მოყვრად არა, მტრად ნუ გაიჩენთ თქენს გვერდზე მდგომსა ტიალსა კაცსა, ტკივილი მწველი გადაგტკივდებათ, მის ნაფერფლარს კი დატოვებს ბზარად. ნუ მოიმრავლებთ ნაოჭს, ჭაღარას, ეცადეთ ერთურთს უძღვნათ ღიმილი. შმაგად ეწაფეთ სიცოცხლის მირონს თუ გსურთ იწამოთ გემო ცხოვრების. „ გამოსცრა ბაგეთ გულკაცმა ძუნწად თითქოს უნდოდა ეთქვა სულ სხვა რამ. გულს ვერ გაუგებ ზოგჯერ, ვერც მის თქმას, თუ იმორჩილებს ენას, თითქოს ბრმად. ძმებს გადახედა გულკაცმა ლაღად, თითქოს უნდაო გაანდოს განცდა, ამ დროს იხეთქა გრძნობების ტალღამ გულისთქმას იტყვის გულკაცი ნაღდსა: „ ამ კლდეღრის მოდგმავ, მოგმართავთ ყველას მინდა იცოდეთ, წინ გველის ბრძოლა, გამოვცდით ერთურთს, პათოსსაც თვისსა, მამულს სჭირდება დღეს თავგანწირვა. ერთობაშია სიცოცხლის ძალა დღეს გამოჩნდება ვის უყვარს გარჯა. ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ სისხლისღვრას, სიყვარულია ცხოვრების ტალღა. მოყვასის ცნობა, მადლიერება ჩვენი არსობის საწინდარია, ულევი ჯაფა ქმნის კაცში განცდას რომ შეიძლება მიზნის მიღწევა. მოდით ვუჩვენოთ ნება აგუნას რომ ჩვენც დავწურავთ ვაზის ნაჟურსა, ჩვენი ერთობით, განსჯით და გარჯით ხელგვეწიფება მისი დათრგუნვა. „ დაიგუგუნა ქვაბულს მსმენელმა, ყიჟინა დასცა თანხმობის ნიშნად, გულკაცმაც წრფელი ზეშთაგონებით გულის ნადები მყისედ გადახსნა: „ როგორც არ უნდა დამთავრდეს ღამე, მინდა იცოდეთ დღეის სწორიდან, მე გადავწყვიტე ცხოვრების სიტკბო, გავიზიარო მე ჩემს მიჯნურთან. დიახ შველია ჩემი რჩეული, მას ვუკავშირებ მე ჩემს ცხოვრებას. ძმებო დაგვლოცეთ ჩვენ როგორც ერთნი ერთად რომ შევძლოთ ჭაპანის ზიდვა“ დაამთავრა რა გულკაცმა სიტყვა გულში ჩაიკრა შველი მხურვალედ, ალალი ცრემლი ეპკურა ქვეშ ხავსს, გაბრწყინდა ხავსი, კლდეც კი ელვარებს. ლაშქარმა დასცხო ყიჟინა მქუხედ მაყრულის ჰანგი ეფინა კლდის ჭერს: „თქვენი დიდების იყოს ძმობილო, ცხოვრება მინდა ლაღი გისურვოთ. ახლად შექმნილი ოჯახისათვის ღმერთს დაებერტყოს საუკეთესო რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე, რაც წარმატების საწინდარს ჰბადებს: რკინის სიმტკიცე და დრეკადობა არწივის თვალი და ლომის ძალი შევარდნის ფრთების, ელვის სიმკვირცხლე კუს დღეგრძელობა, ცხენის სიფრთხილე, დელფინის აზრი, კატის გონება ცეცხლის შარმი და წყლის სიწმინდე. ისე განგევლოთ ამ ხცოვრების გზა უკან მოხედვა არ შეგრცხვენოდეთ, ზღვის ბობოქრობა, ღრუბელთ ანცობა კლდის და ტყის ბორგვა დაგბედებოდეთ რომ ყოფილიყოს თქვენი ყოფის გზა წარმტაცი წიგნი მეტყველთ ქცევაზე. „ ნეფე-დედოფალს მიმართა ბურჯმა სითბომ აავსო ირგვლიმყოფთ მუზა, იქ მყოფთაც წყვილი ზედ აიტაცეს ხავსით დაწნული გვირგვინი ადგეს, ჯიხვთა რქებს შორის შარმით აცეკვეს, იქვე მგოსნებმა სატრფიალოც თქვეს. სანახაობა გაჩაღდა თითქოს, ქორწილს ემგვანა სცენა იქ უცებ. ამ დროს აგუნა უკვე ამჩნევდა იქ დარაზმულთა კეთილ აურას, ხვამლის ქვაბულში იმატა რწმენამ რომ სიყვარული დაანგრევს მთებსაც, მთის ბინადართა ერთობით, მადლით დაისადგურებს ქვაბულში შვება, დაშლას დაიწყებს ხვამლის ქანები ოდეს ეცალნონ ძალნი აგუნას, მის წინააღმდეგ აკი ირაზმნენ, მთის ბინადარნი, წიპწიპის მხსნელად. აგუნამ კვლავაც მიმართა ავ ხერხს იცის ჭარბ ქეიფს რომ მოსდევს თრობა, დროა ჯიხვებმა ამძაფრონ მზერა მედგრად დაუდგნენ კლდის გულის ძგერას. მავნე ზრახვებით ცდილობს აგუნა იქ მყოფთ ერთობის და ძალთა რღვევას. ხვამლის კლდეებმა იწყეს ბრდღვიალი ნაჟურის სუნი დადგა ტიალის, ტალღად აზვირთდა ეს მადლიანი, გულის ფსკერს სწვდება მისი ბზრიალი, ოჰ რა ტკბილია ამ დროს თრიაქი ყველა დარდს განბანს მისი თქრიალი, თუმცა თუ გაჯდა კაცის სისხლძარღვში მაშ მასთან ტრფობას მოაქვს ხიფათიც. აკი დაეტყოთ თრობა იქ მებრძოლთ, ნუთუ წალეკავს ღვინო მითს გმირულს? არა კლდის მდგმურნი დამდგარან მედგრად ცხოვრების ნაღველს გასრესენ ხელად?! ოდეს აზვირთდა ბოღმა ნაჟურის ჰაერს დაეტყო თრთოლვა ნაკვთების, შუმის ჭავლს გაჰკვეთს ცივი თვალები მათი სიღრმიდან ალდება ცეცხლი, მისი წვის ძალა დააწყობს აზრებს გულს რომ დაიპყრობს ხანდახან ისეთს, სულსაც ჩასწვდება, არად დაგიდევს, ძვლებში გამოწრთილ ეულ სიფრთხილეს. თავი მერვე / ყოფის სიმუხთლე სამფეხამ ელვით მოავლო რკალი ნახტომში გაწვრთნა სალი კლდის ქიმი. ძმების ოცნებას დაუდგა აბჯრად, ცდილობს მათ მიზანს უკვალოს შარა. შეუნიშნია ქიმზე მსტოვარი როს სცქერდა ქვაბულს მაღლით მდგომარი, არ ჰგავდა მომხდურს და არც მოძულეს, ძმათა ლხინს ტრფობდა ლაღი სიმშვიდით. სამთავა გველი აღმართულიყო ქვაბისთავს კუშტად, ცეცხლოვან თვალებს ხარბად აპყრობს იქმყოფთა სუფრას ნისლით მოცული, ალმა შეიპყრო მისი მანტია, ზანტად ქირქილებს ჰადესის ელჩი, ბოლთას სცემს ქარაფს. სისხლისფერ თვალებს შეაფეთებს სამფეხა გველძაღლს, თითქოს ცდილობსო შეიჭყიტოს მის სულში ხელად. აგერ აღმოხდა მშრალი ხახიდან გამჭოლი სიტყვა, თან ელჩს მიაწვდის ზედაშით აღვსილ ქვისფერ დოსტაქანს: „მოყვრად თუ გვსტუმრობ გველძაღლავ სავსეს მოგაწვდი ფიალას დალოცავ ნეფე-დედოფალს პატივს მიაგებ ჩვენს ადათს. ვერ გიცან, საიდან მოხველ, როგორ მოგვაგენ კლდის კარსა. ჩვენ აქ მისიით მოვსულვართ აგუნას ვუწყვეტთ სიქასა, თუ დავიბრუნებთ სიმდიდრეს მისგან წართმეულს იმხანად, გაიფანტება ბურუსი ნაჟური გაჟღენთს მიწასა. წკვარამი დასთმობს მყის დღის სულს, ჟანგით რომ კემსავს მის აბჯარს.“ გველძაღლა შეცბა, არ ელოდა დახვდომას ამგვარს, კუშტ სიფათზე აუთამაშდა ფრუსტუნი მწველი ძმების ქომაგი, გუშაგად უდგას მათ საქმეს ალალს, მსტოვრად მოსულა თუმც ვერ გასთქვამს მიზეზს იქ ყოფნის. „შენ არ იდარდო ჩემო ძმაო არ ვარ მე მტერი“ ესა სთქვა მხოლოდ და მოხაზა ჰაერში რკალი, გაუჩინარდა გველძაღლა მყისვე, შეერწყა წყვდიადს, თითქოს იცოდა რას უმზადებს აგუნა კლდის რაზმს. გვერდში სადგომად მოევლინა ელჩი ცხელ ქვაბულს ხელეწიფება კი მას დაცვა ბინათართ მთისა?! ბურუსით იმკო ქარაფები იმ ღამეს თურმე ქვაბულის ძირში ჩაეფინა ნაპრალი უცებ უძიროდ ღრმა და კუნაპეტი აღმოჩნდა იგი ღვინით გალეულთ ფეხი უცდათ უხილავ ჭურში. მებრძოლთა ჯერი ჩაიტაცა ნაპრალმა მყისით, მის ვერაგ ბაგეს ექო აღმოხდა სასოწარმკვეთი, ეს მებრძოლთ ხივილს შეუღალავს ხმით კლდის იერი ღრმა ჭურად იქცა აკი ბზარი ლხინის წიაღში. თითქოს აღსრულდა აგუნას ხედვა ერთობ ცბიერი, ლაშქარს დაეტყო სენი ნაჟღინთი აგუნას ცრემლით, კლება იწყო მებრძოლთა რიცხვმა გამოქვაბულში აგუნას რისხვამ გადაღალა ხვამლი ხნიერი. მწველი ღრიალი გაისმა ამ დროს ელჩის ჰაგესის, ცდილობს ნადიმის დამთავრებას, ის ძმებს არ ერჩის, ხმოვან ნიშნულით გააღვივებს ძალას გატეხილს ერთ მუშტად შეჰკრავს კვლავ მებრძოლებს, მათ ჟინს გაღეღილს. „ძმებო იფხიზლეთ, ნუ დაკარგავთ სადავეს ხელად, როს მოიპოვეთ და გამოწრთეთ მოყვასის სისხლად, ჩვენი მიზანი ახლა უპყრია აგუნას ცრემლთა როს ვარვარებენ ძალზედ ცბიერად, უფსკრულის ძირსა“. ხმა დააწია გველძაღლამ ლაშქარს აწ ფოფრილს ცხარედ, თან ჩაანათებს ნაპრალსა შიგან თვალებს ელვარეს. აკი ირაზმნენ ღრმა ჭურის ირგვლივ ჯიხვნი მღელვარედ აგუნას მტარვალთ რომ აძგერონ სული მგზნებარე უფსკრულის ძირში ცრემლებს დასდინდათ ურცხვად ზედაშე მისმა სურნელმა აკი წაართვა ზოგიერთს სახე. კლდეც გაიჟღინთა, ვაზის ნაწური აქრობს კელაპტრებს, შთანთქავს წყვდიადი ხვამლში ნათელს რარიგ სანატრელს?! არ დაუშვებენ ძმები აგუნას კვლავაც მეტახტედ, ჭური მახედ ვერ წაადგება ცბიერ მეკარეს. ხერხს მიმართავენ ძმები, გაიჭრნენ ქვაბიდან გარეთ, ჩაუყვნენ ჯიხვნი ხვამლის ციცაბოს რიონის მხარეს, რუხი კლდის ჩრდილი ტყის სურნელს უკმევს მზით გამთბარ ჯიხვებს, ნარნარი სიო მათ რქებს ევლება, ვით ჯიხვი ფოთრებს, კლდის ძირს დაეშვნენ, ვერხვთა შრიალიც ძმებს ძალას მისცემს. ჰოდა მიადგნენ აგუნას შექმნილ ზედაშეს ჭურჭელს. მუჯუროს ფუძე რქით გამოღადრეს, შეიქნა ღრიჭო, მის ცივ ფორებში, ვით საწნახელში, დადინდა ღვინო, კლდეს ნამი ეცხო, მეწამულისფრად ოდეს შეიმკო, ნამი რუდ იქცა, ფერდობს ჩაუყვა, შეერთო რიონს, ზედაშეს დონემ იკლო ჭურჭელში, ხავსმაც ცა იგრძნო, გამოქვაბულში მზეც კი შეიჭრა, სხივნი დაანთო, ხავსს მიეფერა, ლაშქარს უნათა, გული გაუთბო. მზე ჭურსაც ჩასწვდა, მის ძირს შეახო თბილი ხელები, შექმნილ ღრიჭოში თესლმა იფეთქა ვითარც ქუხილი. აგუნას ცრემლთგან აღმოცენდა ნორჩი მარცვალი კლდის ნამს ამოჰყვა წიპწიპას ნერგი, ქორფა ვით ცვარი სისხამ დილით ბალახს რომ ამკობს ფლირტით მაშვრალი, კვირტსაც მოისხამს იმედისმომცემს აგუნას განძი, სიცოცხლის მომგვრელ აურას მოჰფენს დაქანცულ ქვაბში. უცებ გაისმა ჭურის ძირში კვნესა მგორგავი გულისყურს რომ ხვრეტს ვით ტაძრის მრევლის მწველი ქორალი, წიპწიპის ნერგთან ჩასკუპულა შველი მშფოთვარი აგუნას ტყვეს რომ დასციცინოს თურმე ფორაქით. სწადდა საბრალოს რომ დაეცვა ვაზის ნობათი, თურმე აგუნას განუზრახავს დაღუპვა ნერგის, ოდეს ცდილობდა ვაზის ჩალპობას ღვინის ნალექში, მოკლავს აგუნა თვისსა განძსა, საფიცარს წლების?! წესი ყოფილა დაუწერელი ესე ამ ქვეყნის ვერ ეგუება ზოგიერთი თმობას გავლენის, ჰო, მის დათმობას ამჯობინებს თელვას ზნეობის, წლობით ნაშენებს ხელად გაცვლის ჟინში მეფობის. ჰოდა ეცადა შველი ეხსნა ზედაშეს ნერგი, რომ არ დაუშვას მისი ჩამარხვა ყურძნის ბლანტ თხლეში, მარდად მოჩიჩქნის ზედაშეს ნალექს წიპიწიპის ირგვლივ, რომ აღმოცენდეს მისი ნაყოფი დარად ამ ქვეყნის. აკი ვამბობდი, კვნესა აღმოხდა შველს კლდის ნაპრალში ძირს დაშვებულან ქარაფებიდან ქვების ნატეხნი, ბოლო შეტევას ცდილობს აგუნა თვის სამეფოში, შვლის ჩლიქს განგმირავს ის უღმერთო, თან ნერგსაც ერჩის. აზვირთდა ძალი, ხელად დაგრიხა საძმომ ჭაპანი, ჩაუშვეს ფსკერზე ვით გემის ღუზა, ჭურში ბაწარი. ჰადესის ელჩი ბადეს დაწნავს, ზედაშით ნაჟღენთს, ჭურს დააფარებს, ვით მზე ცას სხივებს, თვის ნაქსოვ ხლართებს, ცეცხლოვან თვალებს ესვრის ცვრიან კლდეს, ვით ალი ბუხარს, ცდილობს აგუნას თვის მწველი მზერით აწვნიოს ხურდა. აგუნაც ხვდება უკვე სულს ღაფავს, ვით თევზი უწყლოდ, ლაყუჩს რომ ძაბავს, კუდს რომ მოიქნევს თითქოს უმწიკვლოდ, ბოლო ცრემლებსაც გადმოაფრქვევს ქვაბულში უხმოდ, ნუთუ ინანებს განვლილ ცხოვრებას, განდევნის ბოროტს?! „ მედგრად დადექით ძმისგულნო, ჩვენზეა ახლა ქვეყნის ხსნა, ბოლო აკორდიც ჩამოვკრათ, როგორც გვჩვევია ლილეს თქმა, თოკს ჩავუყვები, რომ ვიხსნა ჩემი მამაცი შველუკა როგორ დაგვასწრო ამ ციცქნამ, ჩვენი საქმნელი გმირობა“ , გულკაცის ექო ამოჰყვა წნულ ბაწარს ჭურის ძირიდან, ღვინის და სისხლის სურნელი შერწყმულა იქ სანგვინისფრად. ფერმა ფერი ცნო, თუმცაღა ატომთ რწყმა არ სურს განგებას, ღვინო ღვინოდ და სისხლი კი, სისხლად დარჩება ამ ქვეყნად. ჰოდა დასძახეს ძმებმა ლილეო, მზეს რომ მიწვდება მქუხარე სითბო: „ლილეო-და, დიდება შენდა! სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ, დარჩი, ო, თეთრო მზეო, დიდება შენდა! შენ ხარ იმედი პირმშოთა შენთა! სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ დარჩი, მსხვერპლად შეგწიროთ ჯიხვი და არჩვი, სამთის ფერხულით გაგიძღვეთ წინ და ფიქალის კოშკი აგიგოთ წმინდა, რომ მისი მსგავსი არ იყოს არსად, ქორ-შევარდენი უვლიდეს გარსა, არწივი კრავდეს კამარას მაღლა, შუნი და ჯიხვი წვებოდეს დაბლა!“ (ხალხური ლილეო, სვანური - თარგმანი: აკაკი გელოვანი.) “შენ შველს მიხედე გულკაცო, არ დაიცალოს სისხლადა, დროს მიაქვს სიცოცხლის წამი, ნუღარ გავფლანგავთ ხელადა, წიპწიპის ნერგის გაკვირტვა, იმედს აანთებს ქვეყნადა ჩვენი მიზანიც ეგ იყო, ყურძნის გაფურჩქვნა ველადა. შენ მანდ უშველე შველს და ვაზს, ჩვენ აქ დავიცავთ კლდეკარსა, რომ არვინ მიჰყოს ძმობილო, ხელი ჩვენ მიზნის თელვასა“. ჩასძახეს გულკაცს ღვიძლძმებმა, ნუგეში ანთეს ჩირაღდნად, ჰადესის ელჩიც ჟღალ თვალებს ააგიზგიზებს კელაპტრად: “ერთობას მოაქვს აღმასვლა, ყველა საქმეში ანაზდად, აქსიომაა ძველთქმული, ვინც გაირჯება აღმა ხნავს. მშრომელ კაცს, ჭკუისმოყვარეს, ვერც მგელი ერჩის, ვერც კატა. პატიოსან და გამრჯე კაცს ყისმათიც უჭრის შარაგზას “. გამოსცრა სამთავა ძაღლმა, თან ხერხს უჩვენებს ქარავანს ცდილობს ლაშქარი გამოწრთოს, რომ არ დაქსაქსოს შამანმა, ელვარე მზერით განგმირავს ბანგით გაჟღენთილ კლდეკარსა მტერი ბოლო სვლას ამზადებს, განსჭვრეტს გველძაღლა კლდის ფარსსა?! გულკაცი შვლის დანახვაზე შეძრწუნდა, გაშრა ადგილზე, აწ უკვე მისი მეუღლე დავარდნილიყო ქვათლილზე, ცრემლი სდიოდა საბრალოს, ფეხი მოეტნა ლოდის ქვეშ ვარდნილ ლოდს ფეხი ეჭეჭყა, სისხლს შეეღება შფოთი კლდეც. ნარჩენი ღვინით წმენდილსა, ნერგს მოეღერა კისერი შესცქერის თავის მშველელსა, უნდა რომ მისცეს ნუგეში, შიშს აფრქვევს შველის თვალები, ლივიდური აქვს ტუჩები ამ ავი სცენის მხედვარე აგუნაც იფლო მწუხრებით. „ეს რა მოგსვლია გულისმზევ, თავს ვერ ვპატიობ შენს გვემას, არ მინდა ქვეყნისთვის ბრძოლა, მსხვერპლად ეწიროს ჩვენს გრძნობას, გამბედაობას გიფასებ გმირობის ტოლფას ქმედებად, თუმცაღა ღვინო ღვინოდ და, სისხლი სისხლად ქმნა განგებამ“. აღმოხდა გულკაცს გიჟურად, მყის სტყორცნა ლოდი განზედა, შვლის ფეხი სანგვინს შეეპყრო, საბრალოს ცრემლებს ადენდა, ხელთ აიტაცა მიჯნური, ბაწრით აზიდა გულაღმა, შვლის ამოყვანა მოასწრეს, დაუმუშავეს ჭრილიბა, ფეხს შეუხვევენ ძმები შველს, ქვაბის გზას კვალავს გველძაღლა, შველი მყის დასვეს მარხილზე, გამოარიდეს კლდეკარსა აფთარნი ებნენ მარხილში, შველს მიავლენენ დასტაქარს გზად თავზე ადგას სულტკბილი, შინ მიაცილებს მშვიდადა. შვებით ისუნთქა გულკაცმა, როს სატრფო იხსნა ავ ძალთგან, თვალი მოავლო ველურ ჭურს, ვაზის ყლორტს ნაზად გამარგლავს. ამ დროს კი ჰადესის ელჩი ცდილობს ავ ძალთა გაფანტვას, აგუნას ზრახვის ამოხსნას, მისი ნაცელის გაფარცხვას. ალის სხივს სტყორცნის ცხრაკლიტულს ქვაბში აჭედილს ჭერადა, მხოლოდ ელჩი თუ ამჩნევსო კლდეში დანამულ ხელადას მის კარს ქარბუქი გაანგრევს აღძვრილი ტყეთა რხევადა, როს აფოფრილან კლდის ირგვლივ, ცდილიბენ ძმათა შველასა, ხელადა ცრემლებს ინახავს ყურძნის მარცვლების წვენადა, აკი ცრემლებში აჯიშებს აგუნა ვაზის კელაპტარს. ჰოდა დადინდა ცრემლები ხელადას მსხვრეულ ტუჩთაგან, განთავისუფლდნენ ცრემლები აგუნას ტყვეობისაგან, ცრემლთა წიპწიპნი ჩასახეს, ძმათ მიზნის ასახდენადა აგუნა ქვაბულს ეცლება, მის სულს ჰადესი მწყემსავსა. „მადლიერებით აღვივსე, ძმებო როს ვხედავ თქვენ გარჯას, მოდით შემოვცხოთ ნადური, ნერგების გასამხნევადა. ჩემმა წიპწიპამ იხარა, იფურჩქნა ჭურის ძირასა მალე მეც თქვენთან ამოვალ, გეზსაც ავიღებთ შინათა, მშობლებსაც ჩავეხუტებით, გველიან ქვაბის პირასა საამურია სოფელი, ოდეს მოყვასი ფეთქავსა. „ ასძახა თანამესანგრეთ გულკაცმა გრძნობით დამწვარმა, ეს გული რამდენს დაიტევს სიყვარულსა და სიქასა?! „ შენ ოღონდ დროზე ამოდი, ჩვენზეა ლხინის მოწყობა, ჩვენი მიზნისთვის ფრთის შესხმა გულში აანთებს კოცონსა, ახალი ძალით ვამხნევებთ ერთურთს, თან დავწნავთ გოდორსა, ყურძენს დავკრიფავთ, დავწურავთ, მთაზე ავღმართავთ გოდოლსაც“. ჩასჭექა უტყვმა გულკაცსა, თან ძმას უჭიმავს ბაწარსა, სხარტმა მეორე ხმა მისცა, მედგრად დაიჭერს ჭაპანსა: „ჩვენი გზა თუმც ეკლიანი, მოიფინება ვარდებით ვისაც ეკალი აშინებს, ის გაებმება ბარდებში. ცხოვრება ველურ ყვავილს ჰგავს, აღმოცენებულს მინდორში, თუკი მას კაცი არ მოსწყვეტს, ჯორი გათელავს ჩლიქებით. ვისაც არ უყვარს სმა ღვინის, ის ვერ შეიგრძნობს ხმას სტვირის, ამ სოფლის შანსის დაჭერა მგონი შევძელით, რას იტყვით?!“ და დასცხეს ძმებმა მხედრული, ხმა სწვდა ცის თაღს და მთის კალთებს, სისხლი ასჩქებდა ძარღვებში, ვნება შეერწყა კლდის ჰაერს. „ხმალი მომეც და ხანჯალი აბჯარი თუნდაც ხისაო, მტერს უნდა გული გავუპო, წერა გავხადო ხმლისაო ვაჟკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდაც ხისაო, თვალნი ქორებულ მხედავნი, მუხლები შავარდნისაო „ (ხალხური) მღერა არ ჰქონდათ დამთავრებული ოდეს აგუნამ იწყო ფართხალი, სულთმობრძაობას შეეპყრო იგი, უმართავ კრუნჩხვას მოეცვა მყისით, ჰოდა შეირყენ კლდის ქარაფები, დაიძრა ლოდთა რუხი ლაშქარი, დაუნდობელი შეიქნა ხვამლი, რისხვის ფარდაგი დაეშვა ქვაბში. მწუხარე ნისლი ჩამოწვა მთებზე, თითქოს გლოვობენ იერიშს ძმებზე, მთების კალთები მოიცვა სევდამ, ფრინველთ გალობა შეცვალა ქშენამ. ნუთუ განგებას მოკლე ხელი აქვს აღკვეთოს ცოდვა ბუნების ძალთა?! კლდეში უფსკრულად ჩაიხსნა ქვაბი, სანგვინის სუნი აიჭრა ცაში, საცოდაობის სცენა დაიდგა, ცნობიერება მის აღქმას სცდება, ქვაბულში ისმის დაჭრილთა დრტვინვა, ზოგს ძალა შესწევს, გაღმა მოკურცხლავს, ზოგიც ლოდების ქვეშ მოყოლილა ბედმა არგუნათ სულის დათმობა. ვინ დადგა ნეტავ ეს წარმოდგენა, ჰაგესი არჩევს სულებს თვის ლუკმად?! მიმოიფანტნენ ჯიხვნიც, აფთრებიც, ბედისწერას წერს ჭური ქვაბულსა, ჩაუხერგია ლოდს ჭურის თავი შიგ მომწყვდეულა გულკაცა ობლად. შეურაცხადად იქცა სამი ძმა, როს წარმოუდგათ ჭურის ძირს სცენა, ლოდს განეგმირა გულკაცის ფეხი, მის მკერდს აწვება ქვალოდი რისხვად. ეტაკნენ ძმები ჩახერგილ ლოდსა რქებით უნდათ რომ დასძლიონ ბოღმა, მაგრამ ვაი რომ ცდა ამაოა ლოდი ჯიუტად არ თმობს მტკაველსაც. „ გამაგრდი ძმაო, მალე გიშველით შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩვენი, იქნება შევძლოთ შენთან ჩამოსვლა გადავაგოროთ ვერაგი ლოდი, ჭრილობას ხელად დაგიმუშავებთ, სახლისკენ გავწევთ, სად გველის ქველი“. სასოწარქვეთით იგმინა უტყვმა, ცდილობს რომ ჩაყვეს ჩაშვებულ ბაწარს მაგრამ ვაი რომ ჭურის ყელს და თავს ლოდი დაეცა და მის პირს ფარავს, დარჩენილ ხვრელში, ბაწრის გარშემო მხოლოდ მზის სხივი აღწევს მალულად თითქოს უნდაო გული გაუთბოს ლოდქვეშ წაქცეულ ბობოქარ გულკაცს, თან ნორჩ ვაზის კვირტს ეკეკლუცება, ოქროსფერ სხივით უკოცნის პწკალსა. ქორფა ნერგი კი პწკლით თოკს ეხვია, თითქოს უნდაო მზეს აჰყვეს ცადა. ლოდის გარშემო მებრძოლნი ჯგუფდნენ ძმებს მხარს უბავენ ჯიხვის საშველად, ხვამლის კლდის ნატეხს, დაძვრაც არ უნდა გაჯიქდა უშნოდ, მზის სხივებს ლანდავს. „ვაზი ვახარეთ, ვათავისფლეთ, აგუნას მივცხეთ, განძიც ვიბრუნეთ, ვერ ამიხსნია რატომ გვიმუხთლა ასე სასტიკად ხვამლმა მის სტუმრებს. ჰადესის ელჩიც გაქრა უგულოდ თვის სამფლობელო წერამ შეიპყრო, ნუთუ გულკაცის წაყვანა უნდა თვის სამეფოში სულთა საამოდ?! „ სულის სიღმიდან აღმოხდათ დრტვინვა, ძმებს აღარ ედოთ სახეზე ფერი, ამაზე მწველი რა უნდა იყოს: შველა შეგეძლოს ძმის წაქცეულის, თუმც ვერ შველოდე მხოლოდ იმიტომ რომ ვერ ძალგიძდეს მისვლა მის ფერხთით. ანგელოზები ცად როს პურობენ ირჩევენ თურმე მიწაზე გმირებს, მათ გამოწვრთნიან, თან მფარველობენ, სწორ გზას აჩვევენ ვით ჯოკეი ცხენს. ეჯიბრებიან თურმე მფარველნი ვინ უკეთ სტყორცნის შეგირდს მიზნისკენ, ანგელოზები ერთურთსაც სცდიან, ეხმარებიან ერთმანეთს კიდეც. ჰოდა რჩეულ გმირს თუ გაუმართლა მცველთა ანსამბლი ფარავდეს იქნებ. თუკი აუსხლტა შეგირდს ნაბიჯი არ აყვედრიან დახმარების ხელს. თუმცა ანგელოზს ბეწვის ხიდზე სვლა ხანგრძლივად თურმე არ ეხერხება თუ კაცმა სცადა მრუდედ სვლა ხშირად, ხიდი ფეხებქვეშ მალე გაცვდება, ჰოდა ეს ბეწვი თურმე თუ გაწყდა ანგელოზთა ცდა იქ უძლურია. კაცსა ტიალსა, ოხერტიალსა ვაი რომ სჩვევის ზეცის ძალთ ცდენა, მაშინ მფარველის ნების გაცვეთა აკი უჯდება კაცს განსაცდელად. „იყარე ტანი ჩემო ნანატრო, ჩვენო იმედო ვაზის ლერწამო, აჰყევი ბაწარს, მზის სხივს ეწაფე, შენი ნაყოფით მოძმე ახარე. მტერსაც ასწავლე ვისი გორის ვართ, სიდან მოვსულვართ, რა გვისწავლია, ისიც უთხარი რომ ჩვენი გული კარგი კაცისთვის ნაღდი განძია. მზეო და წვიმავ თქვენ გვერდში დგომას ახლა მოველი როგორც არასდროს, რომ არ მოაკლებთ ჩვენ გარჯის ნაყოფს თქვენს მზრუნველობას, არც წყალს, არც სითბოს“. შეჰვედრა ზეცას ლოცვით გულკაცმა, შვება ეფინა თურმე მის სულსა, მზეც ჩაეფინა ღრუბლებში მორცხვად ჩუმ ცრემლს იწმინდავს, ჰფენს ცისარტყელას. კაცის ცხოვრება ლაგამზე კიდია, ვარსკვლავებიც ხომ ლაჟვარდის მითია, მიჰქრიან ქარები, ზარებიც კივიან, არად დაგიდევენ შენს ოფლს, შენს მიმიკას. ჯობს გაიღიმო, მზერა წინ მიაპყრო, შენი თვალები ხომ შენ სათქმელს ამბობს. და თუ ვერ შეიცნეს ეს შენი რითმა-შნო ჟამს ვერვინ უგებს, წუთიც არ იდარდო. დროსთან ჯიდილში თუ გაწრთე სიყვარული, ჩათვალე გიცხოვრია, არ გქონდეს სინანული. თურმე ეს ქვეყანა ერთი იოტია, თანაც ზეცაში ნავსად მიჰკრობია. ნუთუ განგება ბედის სიმფონიას შემთხვევითად გვიწერს და თან ირონიად?! თოვლის ქულასავით მოვლენილ სამართალს, ზეცა ურიგებსო ამ ქვეყნის ქარავანს, ვის მოწყალებით და ვის მრისხანებით აღასრულებინებს სტიქიურ ბალადას. თანაც დაგაყვედრებს ალალ გამოხედვას და არად დაგიდევს პატიოსან ხედვას. გულს ნუ გადაუშლი, სული გეტკინება ასეთი ყოფილა წუთის შერკინება. ბუნებრივი რჩევის ჯაჭვში განგებამ თუ დაგვსვა თავში, ამ სამყაროს სამართავად თუ ჩაგვაცვა თვისი კვართი, თანაც ადამთ მოდგმას ურცხვად ვაშლს თუ აპარინებს ბაღში, მოყვასს მოაკვლევინებს, თან ცოდვას ანანიებს სანთლით, ნუთუ ცხოველთ რჯულისაგან მხოლოდ იმით ვრჩებით მაღლით, რომ ამ ულევ ქვეყანაში შვეულ დგომას ვიძენთ წამით?! ჰოდა ამავ სოფლად, ამა წელთაღრიცხვის იშვა ქვეყნად ჯიხვი თურმე სულმთლად ჭყინტი. იყო უწყინარი, ფრთხილი, მხიარული, ხშირად წყნარი, დინჯი, თუმცა ზოგჯერ ფიცხი. ღამე ყოფილა მაშინ ნათელი ცაზე აჭედილი ოქროსფერ სანთლებით ზეგან იღვრებოდა თაფლად გაწელილი სითბო და სიკეთე ღვინით დაწერილი. მშვიდი დრო ყოფილა გასაჭირს აცდენილი, თან სიყვარულს ღვრიდნენ მონობით გაჟღენთილნი. დრო იყო უდროო თოვლში ჩამალული, სისპეტაკე ჩანდა ფიფქით დაფარული. ამ ფიფქების ქვეშ კი ლპებოდა ფოთლები და გუნდად ზვირთდებოდა პროტესტის მორევი. ჯიხვიც იზრდებოდა, რქები დაეკვირტა, ქარაფებს ითვისებს ჯიშის საკადრისად. მარდად დახტის კლდეზე, ფოთლებს აცმაცუნებს, ნახტომს სხარტად ჭრის და მთის ნისლს შმაგად უტევს. ნაცრისფერ ნისლში კი ღრუბლების თავზედა, ზევსის სატახტოში აჭრილა დევგმირად, ჯიხვთა სამფლობელოს სწრაფად გამხედნავი, უმწიკვლო სპირალის ცხრათავა მხედარი. შხარად გაჭიმული სამეფოს კალთებზე, ზანტად იზმორება ჯიხვი ქარაფებზე, ხარბად აგემოვნებს ცვრიან კენკეშებს, თან ლუკმას ანაწილებს თავის ღვიძლ დაძმებზე. თავად როგორც პირმშო მიუძღვის წვერისკენ, ხუთქიმად შეკრულთ ცხოვრების ტეხილზე. უეცრად მაღლა ნისლის გასაყარზე არწივი გამოჩნდა ცის კამარაზე, ფრთებით მიაპობდა ნესტიან ქარაფებს. არ ემორჩილება წესსა და ადათებს. და როცა შენიშნა მან ჯიხვთა ნაკრები, მოშივდა მრისხანეს, აფოფრა კისერი. მთის კალთას დაეშვა, მომართა ბრჭყალები, ალი აუვიდა, აძგერდა თვალებით. ერთ რამედ ღირდა ციდან გადმოხედვა, ათ ქიმად იქცა ჯიხვთა გამოხედვა. ცაში აიტყორცნა ხვეული ყანწები, ტალღისებრ ხვეულთა შეიქნა ფარები. და მათ ჩუქურთმებში გრგვინვად აისახა არწივის კლანჭების ფუჭი იავნანა. ერთობა შობს თურმე ძლიერთა ქვეყნისა გეზს რომ გამოწნიან ამ სოფლის ბედისა და თუკი შენდობაც შეძელი მოყმისა მაშინ უძლეველი იქნები თემისა. ნამუსი ოქროდ ფასობს, სიმდაბლე ტიტანად, ეს ყოველი კი მარგალიტთ მძივსა კრავს. გამარჯვებულნი მთის კალთას ჩაუყვნენ, ქანცნარევ ღიმილით ძირს რქებიც დაუშვეს. ხუთნი იყვნენ თორემ ასს უტოლდებოდნენ, ერთ მუშტად შეკრულნი ცას უსწორდებოდნენ. "ბურჯი მოდი შევდგეთ, ოდნავ შევისვენოთ" შესძახა პირმშოსა ძმობილმა გულკაცმა. "ოდნავ წავიხემსოთ, გავკრათ კბილი ხორბალს, თქვენთვის მაქვს მონახული ქვერე, მთის პირასა, მაშ სულ სხვა ეშხი აქვს ვახშამს კლდის ძირასა როს მარდად ვეკვეთეთ არწივის მუქარას. "სიამოვნებით გულკაცო, მოვდივართ", " ჩავუყვეთ კლდის ხვეულს მდელომდე სხარტადა", "გადავაყოლებთ გულს უფლის რისხვასა“ "თან სიმღერას მოვცხებთ, დავდგებით კელაპტრად". გაიყვეს პასუხი ოთხივემ ხელადა. მდელო რომ მართლაც ულევი იყო, თავთავთ შეექმნათ მზესთან ტანდემი, ოქროსფერ ნაწნავს იღერებდნენ, თან თავს იწონებდნენ სხივთა მორევში. ოქროს თავთავებს ეწაფნენ ტუჩით ჰაერში იშვა მტვრის თეთრი ბუღი. "აფერუმ გულკაც შენს მედგარ დუღილს, რომ მოგვინახე მინდორი პურის, უკიდეგანო და საამური". აღმოხდა სულტკბილს ბაგეთა შორის ერთადერთ შუნსა ბრგე ვაცებს შორის. უტყვი და სხარტი, ტყუპებს რომ გვანდნენ, დოქს გაუვსებენ სისხლხორცს გულუხვად. თავთავთ აპკურეს ვაზის ნაწური სულ სხვა გემო აქვს ასეთ ულუფას. "ეს რა მოგსვლია ბურჯო ძამიკო, შერკინებისას რქა მოგტეხია". შეამჩნია რა გულკაცმა ძმასა როგორ სდიოდა მას რქიდან სისხლი, სიტყვა არ ქონდა დამთავრებული როს უწილადა მას ყანწი თვისი. თუმცა რქის ხვეულნაკლული რჩება, გულში აქვს მრავლად ხვეული ტკბილი. "მყარად დადექი ჩემო ძამიკო, ჩემს რქას ნახვევიც ეყოფა ბაწრით, მაშინ გამისკდეს ფეხქვეშ უფსკრული თუ გამოგართვა მე შენ ეგ განძი". მაშ დაეხვივნენ ძმასა მოყვასნი დაუმუშავეს ჭრილობა თასმით. თავისუფლების გემო და სუნი თავბრუდამხვევად ტრიალებს ცაში, აღვირს რომ ახსნი ცხენს გაუხედნავს, მართვა უნდა რომ არ ჩახტეს ხრამში. თვითკმაყოფილნი იმ დღის გმირობით მბზინავ ქარაფებს შეუყვნენ ჯიხვნი, უნდათ ბოლომდე იგემონ მადლი თავისუფლებას რომ მოაქვს ხვავით. თურმე პირველად დარჩნენ პირისპირ პასუხსაგებად თვის ნამოქმედრის, თუმცა ძნელია მართო ვნებები მას თუ არ ახლავს ცოდნა ქცევების. ჰოდა კლდის ქიმებს შეეთამაშნენ ჯიხვნი ამ ვნებით ატროებულნი, ნახტომს სერავენ ხარბად ლოდებზე თითქოს მზეს ტრფობენ ვით ქერუბიმნი. ქვებმა ღრჭიალი იწყეს კალთებზე, ჰაერს შეერწყა მათი ღაღადი, შორს არ წახვიდეთ თქვენ ქერუბიმნო ახლა სჭირდებით სწორედ ყმათა შვილთ! ფოცხვერი ბუდობს თურმე მეზობლად, კბილებს ილესავს, თვის სარჩოს ელის. აკი ჯიხვების უაღვირობა, თამამი ხტომა, რქებით ანცობა, არ დარჩენილა მაცქერალთ მიღმა, არც დააყოვნა პასუხი მტერმა, ოდეს მოზიდა ეშვი ფოცხვერმა თათებზე შედგა, სასხლეტს ემსგავსა, ჩაიქირქილა მაშინ ღრუბელმა: “მაშ ბედისწერას უნდა ფრთხილება”. ტკივილის ქარმა დაჰკრა მთის კალთებს შავი ღრუბელი მოქუშდა კლდის თავს. გვიან შენიშნეს რქოსანთ ფოცხვერი, როს გადაჭიმა ჰაერში სალტო, ჯიხვთა ხავილი ღრუბელს შეეხო ჭექა გავარდა მეხის საამოდ. ეკვეთნენ ჯიხვნი ციცაბოს დაღმა, გაცხარებული სჩანდნენ საკმაოდ. სიცოცხლის ჟინსა ვერ თრგუნავს შიში, აკი სიფრთხილე შთანთქავს ბნელ ზრახვას. შიშს რიდი უნდა ამ ქვეყნის კართან, სწორად თუ მართავ, დგას ყოფის ფარად. ჰოდა ედევნა ჯიხვთ გუნდს ფოცხვერი ცდილობს ყელში სწვდეს ნორჩ ჯიხვს საბრალოს, ყირამალა ქნა მათმა ტანდემმა ტრიალ-ტრიალით სერეს პიტალო. უძლურ თვალებით სცქერდნენ ბედს ჯიხვნი ჯერ არ ენახათ მსგავსი ნადირი არც აგრესიით სავსე სცენარი, სძალუძთ კი უცდელთ სძლიონ მტრის შიში?! ამ დროს გაიხსნა ზეცის კამარა ღრუბლებს დასცვივდათ ცრემლი ღვარღვარად ფოცხვერს ეძგერა მეხის მაგვარად ზღვისფერი ელჩი, ჰადესის დარად. განგმირა მტერი მძლავრი ეშვებით კვლავ კლდეს შეერწყა კლდის მოვლენილი. მაშ ქერუბიმნი ერთობ გარჯილან არ დატრიალდა ცოდვის ბორბალი, მსხვერპლს გადაურჩა ჯიხვების მოდგმა, უსუსურობის იგემეს განცდა. გამოცდილების შიშვლად შეძენა ცოდნის გარეშე, არღვევს ყოფის არსს. სჯობს ცურვის სწავლა ლივლივა წყალში, რომ არ ჩაგძიროს ზღვის კუშტმა ტალღამ. თავი პირველი / გამოცხადება შებინდებისას წვიმა დაიწყო, მსუბუქად ცრიდა შინდისფერ ცაზე ჯიხვთ შეაფარეს თავი კლდის ქვაბულს, ზედაშე წრუპეს, აფრქვევდნენ ჰანგებს. ანაზდად ზეცა პირქუში გახდა, გამოქავაბულის გაიხსნა მკერდი და მის სიღრმეში გამოისახა კლდის წარგზავნილი ზღვისფერი ელჩი. ელჩს ვამბობ თორემ იყო გველძაღლა, დაჰყეფდა ქუშტად ჯიხვებს სამთავა, მარადიული სულის სიყვარულს იფიცებოდა დანთებულ სანთლად. პირქუშ სიფათზე სანგვინი ეცხო არ შეშრობოდა ჯერ ფოცხვრის სისხლი, მის მჭრელ თვალებში სიცივე ენთო ცეცხლოვან გუგებს კარკლავს სიფიცხით. ალბათ დამთხვევა იყო უბრალოდ, ან იქნებ ზეცამ ინება ასე?! ნუთუ ვალს დასდებს გველძაღლა ჯიხვებს, ანდაც ეგება მათ გაწვრთნას ლამობს? აათამაშა ბაგე სამთავამ, კლდის ცივ ქვაბულში გამართავს სცენას, ცდილობს დაიპყროს ჯიხვთა აურა, ბგერებს გამოსცრის ხრინწიანს, ლექსად: "სერობას მართავთ, მე არ მპატიჟებთ, ჩემს სამეფოში ფანტავთ სიჩუმეს რიდი თუ არ გაქვთ წყვდიადის მადლის, მადლიერება რად მოიმდურეთ?! " ბრაზს არ მალავდა ელჩი ჰადესის, თან აცეცებდა თვალებს ალცეცხლის, თითქოს ლამობსო გაწვრთნას ჯიხვების ნუთუ ასრულებს გზავნილს ღმერთების?! ჯიხვთა მოლხენას ფერი ეცვალა საყდარს ემსგავსა უცებ ქვაბული მძაფრმა სიჩუმემ დაისადგურა ჩამოუვლიათ თითქოს ქერუბიმთ. ჯიხვთა ცბუნება შეწყვიტა ბურჯმა, როს აიტაცა ფიალა ღვინის: მყის აღმოხდა ბურჯს "გველო განდექი, მადლობის მეტი შენი რა გვეთქმის, თუ საჭიროა ქედსაც მოვიხრით, ქვესკნელის წყვდიადს დავიცავთ გარჯით " უცებ ურჩხულის დაგეშილ სახეს დრუნჩზე დაეტყო ღიმილის ბაგე: "მე გველძაღლასა ჩემის შხამგესლით ძლივს დამიცვია ქვესკნელ შავბნელი, თქვენ კი აპირებთ ფაფუკი რქებით რომ შეაჩეროთ კაცთქვეყნის მსხვერპლნი?" "ვისთვის ფაფუკი და ვისთვის ბასრი, ჩვენ არ ვაპირებთ აქ ბრძოლას ყანწით. ჩვენი აბჯარი არს სიტყვა მარდი და მუზარადი ქმედება სხარტი." სტყორცნა გულკაცმა გველს რითმა ნაღდი. ურჩხული დაცხრა, ალიც ჩააქრო. ჯიხვებს გამოცდას უპირებს ალბათ. " მაშ შემიშვიხართ საბრძანებლოში რომ დაეუფლოთ ცხოვრების არსსა, ყველა მომღიმარს გულს ნუ გაუხსნით, მოგიწევთ ბრძოლა უპირებთანაც". "მოდი შეგვისვი ფიალა ღვინის სულის ბოღმასა ჰკურნავსო მყისით, ბოროტებასაც დათრგუნავ ნიჭით თუ გულით გიყვარს მოყვასი თვისი, თანაც ამ რწმენით ეზიარები ჰარმონიული ცხოვრების კისკისს." მიუგო ბურჯმა სულების დარაჯს და გაუწოდა სითხე ღვთიური: „საკურნებელი ძალა აქვს, თანაც მოქმედებს როგორც ძილუსპირული.” ძილი კი მართლაც მაგიურია, თან ენერგიის უშრეტი წყარო. კურნავს სულს ყველა იარებისგან თავს უყრის ერთად კაცსაც და ტაროს. გამგზავრებს დროში, სივრცეებს შორის არად დაგიდებს ამ ქვეყნის კანონს, იმ ქვეყანაშიც გაგგზავნის წამით, განზომილებას შეცვლის უბადლოდ და მის დამთრგუნველ ველურ დემონებს ღვინო აძინებს ისე, უბრალოდ. რახან ვერ ჭვრეტდნენ რას უმზადებდენ ღმერთები დაძმებს, და ვერც გველძაღლას მოვლინებას განსჯიდნენ ცხარედ, ნებით მიიღეს ეს გამოწვევა ელჩის ჯიხვებმა, ყველა მოვლენას ახსნის გულისთქმა თუკი გაქვს რწმენა. ჰოდა ნადიმში გასტანეს ღამე, კლდის ჟანგის ნამი აწვეთდათ თავზე და თითქოს გრძნობდნენ რა ელით ხვალე, სითბოს, სიყვარულს აფრქვევდნენ განზე. გაირიჟრაჟა, შინდისფერ ცაზე გაისმა მეხი, ეს გამოქვაბულს სტყორცნეს ღმერთებმა შარავანდედი, სინათლის სხივმა კლდე გააპო როგორც ნაფოტი შიგ ცეცხლის კიბე ჩაიკიდა ქვესკნელთ სამყოფში. კიბის ბოლოს კი ქალწული იდგა ძალზედ უმწიკვლოდ, ბურჯსა და გულკაცსს თან უხმობდა ძალზედ უსირცხვოდ, ალისფერ კაბას უფრიალებს ცეცხლის გრიგალი ხაკისფერ ფერფლად რომ ჩამწვარა თეთრი კლდის ნამში. სულში ჩაგწვდება, გაგიტაცებს ქვევით კლდისკარში და თუ ჩაყვები დაგაბრმავებს სევდის თრიაქით. ბურჯი წამოდგა, გადახედა გულკაცს ქირქილით: "ბედისწერა რას გვიმზადებსო ნეტავ ღინცილით?! თუ ეს ბანგია მოგზავნილი ჰადესის პირით ღირს რომ ვასწავლოთ ჭკუა ქალწულს კვნესა-კივილით. და თუ შხამია მოვლენილი ტკბილი მიმიკით? არც ჩვენ დავაკლებთ ღონეს და ხერხს მარდი ლირიკით." ჰოდა ჩაუყვნენ ძმანნი უტიფრად კიბეს ცეცხლოვანს, უკან დახევა მათ არ სჩვევიათ, ირჩევენ ბრძოლას, თანაც მიჰყვებათ ლოცვა-ნუგეში სისხლხორცთ ზემოდან, ასეთ დროს ძალის და რწმენის აღქმას სულ სხვა გემო აქვს. ქვესკნელში დახვდათ რეალობა სულაც სხვაგვარი, მითი სიბნელის გაიფანტა ვით ქვიშა ქარში. იქ ფასობს შრომა მუყაითი, სიტყვაც მართალი. მრუდეს და მტყუანს იქ უჩენენ ადგილს საკადრისს. ოდეს განგებამ შექმნა მეტყველი, შეამკო გონით, ანათლა გარჯა, მისცა სრულყოფის მართვის უნარი რომ არ დანებდეს ყოფის თრიაქსა. ძილს არ მიეცე, ებრძოლე ყოფას, სულს ნუ მიჰყიდი განდეგილ ფაკირს, სულის საყუდელს ხრავს ტკბილი ბანგი დაბურულ ნისლში ზულუქობს გვამი. მავანს თუ ამხელ, მტრადაც გაგიჩენს არად დაგიდევს მყაზარ ნაოჭებს, კაცს რას გაუგებ, ან წუთისოფელს როს რას უმზადებს, ამ გულის ფორებს. ვერ გაექცევი ცხოვრების მორევს, სჯობს მოთმინებით ენდო შემოქმედს თან თვით ააგო ამ სოფლის ყორე, სულ სხვა გემო აქვს მერე ზედაშეს. თავი მეორე / ყოფის არჩევანი კაცის საწვრთნელად განგებამ შექმნა წესთა კრებული. ვინც ამ კრებულს სცნობს შეიქნება ის ცხონებული. ბურჯსა და გულკაცს აერჩიათ გზა ამ კრებულის, იქნებ ამიტომ წინ გაეხსნათ გზა აბრეშუმის, დიდი წყურვილით დაეწაფნენ ცხოვრების დუღილს, რიტმს უნდა აჰყვე რომ შეიცნო იქ ყოფის ბუმი, თუ ჩამორჩები არ ჩაგაგდებენ არც აინუნში, რიტმს გადაასწრებ? მაშ აგავსებენ იქ აფერუმით. რადგან ასეა უცხო ქვეყნის რიდი და წესი, რადგან ჩასულებს იქ პატივს სცემენ გარჯის მიხედვით, ხელსაც უწვდიან თუ დაინახეს კაცში იმედი და აფასებენ მას შრომით ვიდრე გვარით, ქონებით. წესიერება, ცოდნა მეფობს იქ წარუშლელი, თავისუფლების გრძნობაც მიტოა იქ განუყრელი. "ჩვენ რა გვეგონა და რა ყოფილა ბურჯო კლდისკარი ამიტომ არის დაცული ასე მისი ჭიშკარი" აღმოხდა გულკაცს ვერ დამალა განცდა ჯიგარი, გადაეხვია ძმობილს თბილად, იყო მცინარი. "მაგის პასუხი არ გეგონოს გულკაც ჩემი თქმა, ქალწული, ლანდი რომ გვეგონა, ცხადი ყოფილა. მისი სურნელი, ღვთაებრივი კვლავაც მოვიდა, მისი მზერა განმგმირავი წერს ბედისწერას.“ ქალწული თურმე სხვა მიზნით არის მათთან გზავნილი, ღმერთებისგან აქვს თასმით შეკრული აზრთა გრაგნილი, ძმები ყოფილან შერჩეულნი ღმერთთა წადილით, რომ შეისმინონ და განავრცონ ქვეყნის ძახილი. იმ გრაგნილში იკითხებოდა დაშიფრული სიტყვის ლაშქარი ძმებისთვის იყო განკუთვნილი იდუმალი აზრთა ნაჯვარი. რომ გაეშიფრათ ყველა მწკრივში დაგებული სხარტი ხაფანგი, ემართებოდათ ზედმიწევნით შესრულება ღმერთთა ქადაგის. იპოვნონ შიფრი ცრაკლიტულისა ქვეყნის სარჩენად, ხელეწიფებათ ღმერთების გზავნილთ მოყვასთ სარგებლად? ჰოდა წილად ხვდათ ძმებს მისია კაცთ საამებლად, მიაგნონ წამალს ნეტარების საზიარებლად. ყველა ბოქლომს რახან უდგება თავისი მხსნელი, და ყველა კითხვას ეძებნება პასუხი წრფელი, რახან საკითხი არ არსებობს გადაუჭრელი და არც შეცდომა იბადება უსწორებელი, საკმარისია ხედვა ბასრი, ჭვრეტა უშრეტი მკვეთრად გამიჯნვა გულისთქმისა თქმისგან გონების. ჭეშმარიტებამ რომ იპოვოს თვის საკმეველი საკმარისია ჩაიხედოს კაცმა თვის გულში და იქ იპოვის ყველა კითხვას განსჯილს, ამოხსნილს. ნუთუ ჩვენს მამულს ეღირსება ოდეს პასუხი?! გრძნობათ ჭიდილში დღე გაილია მორცხვად, მდუმარედ, ძმებიც შეუდგნენ მზრუნველობას მოყვასთ მხურვალედ. დასხდნენ, გაშალეს იდუმალი გრაგნილი ღმერთთა, მოოქროვილმა ასოთმწკრივმა ანათა კლდეკარს, საწყისი ფრაზის ამოცნობისას გამოიხატა ცად მშვილდოსანი, მეწამულისფერ ფრაკით შემოსილს, რაში ამშვენებს მარდი, ფრთოსანი. მოზიდა მშვილდი ვაზით დაწნული, ისარი სტყორცნა ღრუბელს მროკავი. ღრუბლის ქაფში კი გამოისახა სიტყვის ლაშქარი ურცხვად მცოცავი. ბოჰემიის აკადემია იკითხებოდა სიტყვის ლაშქარში. შრიფტის მიხედვით ცოდნის შეძენა ევალებოდათ ძმებს დიდ ტაძარში. მისი კარები ღია იყო რჩეულთათვის ცოდვილთ ფარაში. ვინც მოინდომებს ეზიარება საუკუნედ ყოფას საკადრისს. ძმებს გზას უკაფავს მშვილდოსანი ისართა ჯერით, ჰოდა ითვისებს საძმო ცოდნას რომ იხსნან ჭერი. წიგნის კითხვაში ეჯიბრეთ ერთურთს თუ გწამდეთ ღმერთი, ანდაც გარჯაში მუყაითურში თუ გიყვართ ერი. რაკი ნათელს ჰფენს გონის ქანქარებს წიგნიერება და ტვინის ღარებს ღრმად დაღარავს უშრეტი ცოდნა, თუ წიგნს გაიხდის კაცი ერთბაშად თავის მეგობრად, მაშინ შეიგრძნობს ბუნების ძალას, თვის სულის თრთოლვას. რაკი წიგნია იგი საკვები ტვინის ხვეულთა, მათი სიმრავლე გაანათებს წყვდიად კუნჭულსაც, ქვეყნიერებას აზრი მართავს მოდგმისა კაცთა, მის სწორ აღზრდას ხომ წიგნი უდგას ერთგულ დარაჯად. ჰოდა დაადგნენ ძმები ერთად ყოფის შარაგზას ნაცრისფერ ნისლში იწრთობაო ლურჯი კამარა არ დანებდეთ ქერუბიმნო მაცდურ თრიაქსა გონის ნაღვენთი მოაშუშებს სულის იარას. ჩამობინდდა, ძმებმა სწავლისაგან განტვირთვა სცადეს, მეგზურად ყავდათ ვარსკვლავები მეწამურ ცაზე. დუქნის კარები ფართოდ შეაღეს კლდეთ შესაყარზე აღმაფრენას მიეცნენ წამით, სვამდნენ ზედაშეს. გაიხსენებენ ყრმობის ჟამს ხალასს, მონატრულ მამულს, ჩირაღდნის ჩრდილში უხვად აფრქვევენ სიყვარულს კაცურს, უწილადებენ იქ მყოფთ გულუხვად, ვაზის ტკბილ ნაჟურს, თავის ადათ-წესს უზიარებენ იმ ქვეყნის დამხვდურთ. ოდეს ხედავდნენ ეშხსა და სითბოს ირგვლივ არნახულს, აღივსებოდნენ თვითდაჯერებით, სცემდნენ ტაშფანდურს, აცეკვდნენ კიდეც, რიტმში ჩასვავენ ფეხმარდად ფერხულს, ჰანგი ლხენისა ეღვრება დუქანს, ღვინით დაქანცულს. ამ დროს გამოჩნდა დუქნის პირას გუნდი ირმების, შველას ეძებდნენ ქანცგალეულნი, სისხლდადენილნი. ბროლის თვალებში ეკითხებოდათ შიშის ჭინკები, ზრუნვით უშრობდნენ ერთურთსა სანგვინსს დამსკდარ ძარღვებში. იქნებ გუმანით ამოიცნეს ხსნა ბრგე ჯიხვებში, ჰოდა ღიმილით აათამაშეს სისხლფერ ჩლიქები, იმედი ხსნისა ჩაისახა მათ გლუვ თვალებში. ოდეს მოესმათ ძმების ჭექვა დუქნის სარკმლებში. აფთართა ხროვა დადევნებოდა ირმებს კვალდაკვალ, ბასრ კბილთა ლანდი ასხივოსნებდა ჭალას განდაგან. დუქნის ჭრაქებმა შეაფერხეს აფთართ ამალა, თუმც მათი მზერა შმაგად მიჰყვება ირმებს კარდაკარ. თითქოს იგრძნესო რომ მოახლოვდა მათი მისია, ბურჯმა, გულკაცმა ქოხი დასტოვეს დუქნისა ხისტად, წყვდიადს შეერწყნენ, ალყა შეკრეს, შეკრეს მიმიკაც, ეძგერნენ აფთართ, ხვეულ რქებზე აცვეს პირწმინდად. დაჭრილ აფთართა სუნი დადგა მყის დუქნის პირას, კუდმოძუებულ აფთართა ხროვა გაიქცა ტყისას. ირმების გუნდმა მუხლმოდრეკილმა მადლობის ნიშნად, გადააფრქვიეს ქორალი ხმებში ხავერდის წყვდიადს. შემდეგ დუქანშიც აუბეს ბანი, გაგრძელდა სეფა, შერაცხეს ძმები ღამის გმირებად, მთვარეც ცქერს სპექტაკლს. იმ ღამის მერე, თურმე ამბობენ კაცს არ უნახავს აფთრის მაგვარი, არც ავლილი და არც ჩავლილი დუქნის გარშემო, ველურ ჭალაში. თავი მესამე / სიყვარული მონატრების პირმშო თავს დაათენდათ ძმებს შეუმჩნევლად, ცამ ივარდისფრა. მშვილდოსანს ცაზე გაჰღვიძებოდა, მშვილდი მოზიდა. ისარს გააკრავს სხივების ქსელში, სარტყელს მოჭიმავს, სარტყლის ფერებში კი ირეკლება ძმების ქრონიკა, მათ განვლილ შრომას შეაფასებს ღმერთის ლოგიკა. პაპირუსის შემდგომ მწკრივად კი, დაშიფრულ ტექსტში, ამოიტვიფრა თავდადება კეთილ საქმეში. განსწავლულობა წინგამძღოლი გამოცდილების, საძირკველია წესრიგთან ერთად ქვეყნის შენების. თავდადება კი საფუძველია თვით წარმატების. ამ ჯაჭვის ფასი ნეტავ იციან მავანთმა ქვეყნის? მის აწყობას ხომ არვინ ცდილობს და ჯაჭვს ხრავს ჟანგი. თუ ჯაჭვის მარცვლებს გაშიფრავს კაცი, როს ააჟღერებს ჰანგებს სისხლძარღვში, გრაგნილის მწკრივებს ჩაიკრავს გულში, თან ნაპერწკალი გაღვივებული, ცეცხლად იქცევა თუ დაჰკრავს ქარიც, თუკი მანტიას მოიცვამს ალიც, მზის სიმფონიას დაუკრავს ქნარიც, მაშინ იელვებს ჯაჭვი კაზმული და ნათელს მოჰფენს მიდამოს შარმით. შთამბეჭდავია ორკესტრი მათი, როს აიჭრება გორგალი ცაში, თან ეს ელვარე, მწველი ერთობა გაიფანტება ღრუბლების კვამლში. მათ რუხ ქულებში აისახება ამ წუთისოფლის ნამდვილი ნამწვი. „როდის ავაწყობთ ნეტავ ძამიკო ამ ჯაჭვის მარცვლებს, სად ვპოვებთ მის ნირს?!” ეკითხებოდნენ ერთურთსა ძმები, ცდიან ააწყონ მარცვლების რიგი, დრო კი არ ჩქარობს, თავის რითმს მისდევს, ყოველ მარცვალს აქვს თავისი ჯერი. გრაგნილის ბმულის შემდგომი შრიფტი აკაშკაშდება რელიეფურად, თუ ამოცანას ღრუბლებში სახულს თავს გაართმევენ ძმები მეფურად. ღრუბლების ნისლში გამოისახა ფრაზა წყობილი მუგუზლის ფერად. შინ და ოჯახი იკითხებოდა ცაში შეკიდულ შემდგომ მისიად, სიყვარული და მონატრებაა რომ არ გავიწყებს მშობლიურ კერას. გულკაცმა ბურჯსა შესძახა სევდით, ფიქრმორეული ჩანდა ანაზდად: "ბურჯო დავბრუნდეთ შინ თუნდაც წამით, მოვინახულოდ მოყვასნი ლაღად". მონატრებაა ახლა ის გრძნობა რაც უღრღნის ძმებსა გულღვიძლს აშკარად. ოჯახის ულევ სიყვარულს თურმე, ცხონება მოაქვს სულისთვის მარად. კაცის ცხოვრება რა უნდა იყოს მონატრება თუ არ უძგერს გულში, თუნდ მოგენატროს მეზობლის ფისო, მაშ გიხაროდეს შენ არ ხარ კუშტი. თუ მონატრება მუდამ გიღვივის, მაშინ დაგათრობს ცხოვრება ლურჯი და სიყვარულის ნუგბარ მორევში გაცურავ ლაღად კამკამა სულით. სხვა რა უნდოდა ბურჯს აზვირთებულს მასც მონატრებით უმძიმდა დღენი. მყისვე დაუკრა კვერი გულკაცსა, გადააგორა ლოდები სევდის. იტვირთნენ ძღვენით ათასნაირით და მიაშურეს სამშობლოს ლხენით. კაცის სული ფაქიზია, მოვლა უნდა ვით ნაწრეტსა, ერთხელ თუკი აამღვრიე, წლები უნდა მის დაწმენდას. ყველა იარა კი არ ხორცდება, ზოგიერთი გახსნილი რჩება. მის მოშუშებას დროც არ უშველის, არც წამლით ქრება, ტკივილს ნებდება. და ამ ტკივილში უზარმაზარში თუ დაიბადა გულგაცრუება, მერეა ცოდვა ღმერთისა პირმშო, განმგები იწყებს ზარების რეკვას. იქნებ ამიტომ უფალმა კაცსა უბოძა თავი ერთობ ტევადი, რომ ჩაატიოს შიგ საღი აზრი, სიყვარული და სიკეთე ნაღდი. როს ჩააღწიეს ძმებმა სამშობლოს იყნოსეს ხარბად მამულის სუნთქვა, იქ ხომ ჟანგბადსაც თუნდაც კვამლნარევს, სულ სხვა გემო აქვს, იქ სული ცქმუტავს. სამშობლო კოხტა, ბუნების ხედს ჰგავს, რაც უფრო შორით ჭვრეტ და უცქერ მას, სიტკბო და ხიბლი მისი იზრდება, უფრო ნატიფად ის გეჩვენება. სამშობლოს სუნი კარგ სუნამოს ჰგავს, ერთხელ თუ ჩასწვდა ცნობიერებას, წაეთამაშა ყნოსვას და გრძნობას, თუკი შეეხო სულსა და ხორცსა და გააშმაგა სისხლძარღვთა როკვა, მას ვეღარ წაშლის ვერც დროის ბორგვა, ვეღარც წყლისა ჭავლი ან ცეცხლის თრთოლვა. კვლავ აიკინძნენ ყველა ერთ მძივად, ზეცას სწვდებოდა ლხინის სიმღერა, სისხლის კივილი ჟღერს სხვანაირად ძვალრბილს დაივლის, თან აფრქვევს სიქას. ღამე გასტანეს ხუთმა კისკისში, თან იხსენებდნენ ტკბილ ამბებს სიყრმის. მშობლების გულიც გაბრწყინდა მყისით, წყვდიადი ძღება ყოფის ღიღინით, ხანდახან წამიც სჯობსო მარადისს თუმც დრო არ გვზოგავს, ცხოვრება მიჰქრის. გარიჟრაჟზე მათ ზღვას მიაშურეს, რუხი ტალღები წვდებოდნენ ღრუბლებს, ცეცხლის სფერო კი აისს არ ჩქარობს, ზღვასთან არშიყობს, მის ქაფს იპკურებს. ჰოდა შესცქერის ოჯახი ხარბად, ამ ფერთა შერწყმის საოცარ ხიბლსა, წაეთამაშნენ ბობოქარ ტალღებს, თითქოს უნდათო მზე იხსნან ზღვისგან, წყლისა და ცეცხლის ჭიდილში მუდამ ხომ ყველამ იცის ვინ რჩება გმირად. იქნებ ამიტომ მზე ცად აიჭრა თავის სატახტოს ეფრქვია სხივად. აქსიომაა ყოფის უშლელი: მზე ზეცად მეფობს და წყალი მიწად. ვინც სხვის ყოფაში ფათურსა ცდილობს, ავნებს თავის თავს, მოდგმასაც თვისსა. არავინ იცის ტალღებთან თამაშს და ერთმანეთში გემრიელ ბაასს, შეელეოდნენ თუ არა ჯიხვნი და დაარღვევდნენ განწყობას ხალასს, რომ არა ძმების მახვილი თვალი როს გადააწყდნენ ჰადესის დარაჯს, ოდეს უღრინა ძმებს ტალღებიდან, ააფრიალა თავები შმაგად. ძმების გახედვნა უნდა გველძაღლას, მათი მისია რომ ამცნოს მკაცრად. თუმცა მიუხვდნენ სამთავას ზრახვას, ჯიხვნი შეუყვნენ მედგრად მთის კალთას ერთგუნდად მწყობრში აუყვნენ აღმართს. ძმებმა იციან გარჯის დრო დადგა, ვერ ეპუებიან ოჯახთან გაყრას. თუმცა ასეა ცხოვრების დამკა, ზოგჯერ გულსა ხომ გონება მართავს. ის იყო ჯიხვნი ნაძვებს შეერწყმნენ, წამოეწიათ სისინი გველთა, მართლაც ქოფაკის წვრილი ენები ნაძვებს სწვდებოდნენ ჩურჩულის ბგერად: "არ ვარ მოსული სამტროდ ძმობილნო, ვაფასებ თქვენს ნიჭს და მონდომებას, გრაგნილის შრიფტის გაშიფრვით იხსნით თქვენს ქვეყანასაც და კაცთა მოდგმას. ჰადესს კი არგებთ სულის სიმშვიდეს რომ გაემიჯნოს მის კლიშეს ვერაგს, რადგან გრაგნილის ფრაზათა მწკრივი მოუხსნის ჯადოს და გახდის ნეტარს. მე კი დავცხრები, მერე მიგულეთ თქვენ მფარველ ძმად, რომ დაგიცვათ ყველგან. თქვენ შეგარჩიეს ღმერთებმა მსტოვრად, ხელგეწიფებად ერთგულად შრომა". "ჩვენ საქმეს ქოფაკ არ გავაფუჭებთ, იყავი მშვიდად გქონდეს იმედი. თუმცა გვაცალე ახლა ოჯახის მონახულება, ტკბობა სისხლხორცით". აღმოხდა ბურჯსა მშრალი ხახიდან თან შეჰყვნენ ქარაფს ლაღი სიმღერით. მზემ კი აცხუნა ქარაფებს, ლურჯ ზღვას, სამთავაც ბოჭა სხივებით მწველით, ოფლი ადინა სიმწრის გველძაღლას და აიძულა შემალვა ბნელში. სამთავაც მიხვდა რომ ფუჭად ცდილობს სიამტკბილობის დარღვევას ძმების და კვლავ შეერწყა ტალღებს ერთბაშად თითქოს შერცხვაო, დაწია მხრები, ჯიხვებს დაუთმო კვლავ ასპარეზი. თავი მესამე / ყოფის მათრობელი ხიბლი დათოვლილ კლდეზე, ნაძვნარის ღრეში, ნესტიან მიწას დაჰკრავს სხივები. იქ მზის ოქროსფერ მწველ ანარეკლში იბადებიან ნორჩი იები. თოვლის ქულებში მორცხვად ჩახრილნი სურნელს აფრქვევენ ირგვლივ იმედის. მერქნის სურნელთან სინთეზშიც ისმის ხეთა მკურნალი კოდალას რეპი. მის სწრაფ რითმზე კი სოლოს იმღერებს, შაშვი მგოსანი, ტყის ჟამთაღმწერი, ამ თავბრუდამხვევ ფერად ფოლკლორში, მოცვიც ყვავილობს თან იებს ეტრფის. ჯიხვნიც ტკბებიან ამ სიმფონიით, თვითონაც ქმნიან ამ ფოლკლორის რიტმს. ქარაფზედ შესდგნენ, სხივით გამთბარნი, ხვეულ ყანწები აღმართეს ცაში, კენკეშის ნაყოფს აგემოვნებენ, თან შესცქერიან მნათობებს მაღლით. არაფერი სჯობს ცის ცქერას ამ დროს, როცა ცა თვის სახლს ორ ტახტს დაუთმობს. ორი ძმობილი მართავს სამეფოს ენაცვლებიან ერთურთს საწუთროს. შინდისფერი ცა შეუქმნის მათ ფონს, სხარტად მოიხდენს მრავლისმთქმელ სამოსს, ერთმხრივ შეყვითლულს, მზისა სადაროდ, მეორე მხარეს მორუხო წალკოტს მთვარის სამადლოდ, ღამის საამოდ. შიგ მობნეული ოქროს ვარსკვლავნით და შემღვრეული ღრუბელთ მაყარით შექმნის ფერნაწერს ღმერთი საკადრისს კაცთა და მხეცთა სამყოფს მარადისს. გაუძლებს ამდენს მხრები ატლასის!? ღამის წყვდიადში ჯიხვებმა ნავახშმევს კოცონი აჭრეს ცის კამარაზე, გარს შემოუსხდნენ, ფიალა აავსეს, ზედაშეს სურნელით გაჟღინთეს კლდე და ტყე. ბურჯი ნაკვერჩხალს აღვივებს მედგრად ღამის წყვდიადში რომ შეძლონ ხედვა, ცის გუმბათისკენ გატყორცნა ბგერა თითქოს უნდაო მთვარის მოძებნა რომ დაანათოს ზეციდან სეფას. მთვარემ ისმინა ბურჯის ვედრება, დაუსხლტა ხისტად ღრუბელთ ტყვეობას აფრქვია შუქი და მადლი ოჯახს. ბურჯი წამოდგა, ჩანდა მწყურვალი შეავსო ღვინით ყანწი გულდასმით. გადაისწორა ხელით ულვაში, მოიფათურებს ენას მუზაში თან გადაუხსნის ოჯახს გულს ნატიფს: "თუ ღვინოშია ჭეშმარიტება და წუთისოფელს სიკეთე მართავს, თუ მიწიერებს სიკეთისათვის ზოგჯერ მოუწევთ ცოდვებით გასვრა, თუ თვით სიკეთეც, მადლიანი, აღმოცენდება ალაგ ბოროტთგან, თუკი მავანთ გენებში უზით ფარჩაკობით საზრდოს მიღება, და სხვისი გარჯით ეწევიან თვისი ცხოვრების აუგ შენებას. თუ ბოროტების მარად ჩამდენნი იყიდიან იოლ ცხონებას, ვერ კი ხვდებიან მდაბიონი რომ ამკვიდრებენ უმეცარობას, მაშ რა ფერია სამართალი, საიდან მოდის ანდაც რად შფოთავს?!" აღმოხდა ბურჯსა და აიტაცა ყანწი ხვეული, თან დასცა ბოლთა: "ეს ამ სასმისით იმ ცოდვის იყოს, როს დაატარებს სიკეთის ნოტას, ცოდვის გარეშე კაცთა მოდგმაში არც სამართალს აქვს თავისი წონა. ზოგჯერ ხომ ცოდვა გარდუვალია კეთილი საქმე რომ იშვას გონსა." შესძახა ბურჯმა ომახით ოჯახს, თან გადახედა გულკაცსა ხოტბად. გულკაციც ჩანდა გაბრწყინებული თითქოს იელვა მის გონში აზრმა, და გააგრძელა ბურჯის ნათქვამი თან აიტაცა ფიალა მარდად. გაიხსენა რა ამბავი იგი, როს მათ გადახდათ სიყრმისა ჟამსა: "ეს მოხდა ადრე, შველი მომწონდა კოპლებიანი, ყელს იღერებდა. ვეტრფოდი ჩუმად შორიახლოდან, ისიც ჩემს მზერას კუნტრუშს აფრქვევდა. მიჰქროდნენ სხარტად ლურჯი დღეები, მე შველის ნახვა სიხარულს მგვრიდა, მისი ზღვისფერი ბროლის თვალები სიკეთესა და სიწმინდეს ღვრიდა. ერთხელაც შველი აღარ გამოჩნდა თვალს, გულს დააკლდა მისი გოგმანი. შვლის სამყოფელი არვინ იცოდა ქარიც ეძებდა მის სულს, მბორგავი. ტყე უმწეობით მოთქმით ტიროდა, სევდით აცვენდა ფოთლებს შვლის ნაბიჯს. ფოთლებს დაეტყოთ ჭაღარა ფონი, ზეცამაც შეკრა ღრუბლების დოღი. მეც მოვიწყინე, შველს დავეძებდი, ავავსე ტყეღრე იების კონით, მათ შველს ვუძღვნიდი და მტკიცე რწმენით ვიკვლევდი ყოველს რომ მეხსნა შველი. იქნებ ამ წრფელმა გულმოდგინებამ ხმა მიაწვდინა ბუნაგსა ირმის, სად იშუშებდა თურმე ჭრილობებს შველი, ლამის რომ დაცლილა სისხლით. ჰოდა ბუნებამ, ოჯახის ზრუნვამ გადაარჩინა დაჭრილი სიკვდილს. " გულკაცა დიდი გულაღტკინებით თხრობდა ამბავსა ამაღელვებელს, თვით ძალზედ სწუხდა თუ რა გადახდა იმ დილას შველსა, სათაყვანებელს. თურმე იმ დილას შველი კუნტრუშით ასდევნებია პეპლების მაყარს, ხტოდა ხალისით პეპლების ირგვლივ, შორით მანძილი უვლია ტურფას. გზა აბნევია ტყეში ანაზდად, ვერც შეამჩნია რომ შეაბინდდა ბრმად მიჰყვებოდა პეპლის ქარავანს, თუმცა პეპლები ემსხვერპლნენ წყვდიადს. უეცრად მოთქმა გაისმა შაშვთა, თითქოს ბრაზობდნენ შველის ცელქობას, ნაძვნარიც შვლის ყურს ჩასჩურჩულებდა დაბრუნებოდა ოჯახის ჭიშკარს. ალბათ იგრძნესო შვლის ბედისწერა როს მოევლინათ ტყის მკვიდრთა ხილვად. თურმე აფთარი შეუნიშნავთ მათ როგორ დაძრწოდა მშიერი ტყისას სარჩოს ეძებდა თან ანათებდა ტყის განს თვალებით ცეცხლივით მრისხანს. გულით ჰყვებოდა ამბავს გულკაცი მოავლო ოჯახს თვალნი წყლიანი წამით შეჩერდა, ზეცას შესცქირა ცას ხმა ესროლა ომახიანი: "გვიანი იყო ტყის მკვიდრთ გოდება, ბედის ბორბალი ტრიალებს მარდად, აფთარმა ხახა მომართა მყისად როს შეამჩნია საკბილო თვისა, აფოფრა ტანი როს დაედევნა ყელმოღერებულ ბინადარს ტყისას. ჩლიქოსანმა კი ოინს მიმართა ნახტომში მოკლა აფთრის წადილი ოდეს ისკუპა მაღლით ქარაფსა ცაში გაისმა ქვათა ბღავილი, ჰოდა ეკვეთა შველი კლდის კალთას, პირველს მეორე მოჰყვა ნახტომი, კლდის ბუღი დადგა, ცაში აიჭრა, მნათობთ შეეხო შველის ხავილი. ზეცას დაეტყო სიმწრის ნაოჭი როს მიწას ეცხო ცოდვის ქარგილი, სანგვინის სუნი ჰაერს შეერწყა წითლად იფერა კლდეღრემ წამებში. ქიმს წამოეგო შველი ხტომისას, როს აჭრილიყო მახვილად კლდისა, გადაიტყავა ფეხი ბარძაყში ძვლის ლულას ჩასწვდა ჭრილობა მყისად. ვეღარ დგებოდა საბრალო შველი ყელი ამართა მხოლოდ მდუმარედ მისი თვალები სევდანადები შველას ეძებდა კლდედ, ჟიჟრიბანდზე. გამოჩენილა იქვე ირემი წყლის დასალევად ბარს გამოსული გზად იმორჩილებს კლდის იმ ბასრ კალთას სად შველი ებრძვის უძლურად განცდას. უცებ შენიშნა დობილი მიწად როს გართხმულიყო გულის შემძრავად, სისხლი სდიოდა, თვალს არ ხუჭავდა, თუმცა თანდათან სულსა ღაფავდა. ჰაერს დაეტყო გაქნილი კვალი, ირმის ნახტომის მხურვალე რკალი, ცის მნათობებმაც შეკრეს კამარა ირემს აენთნენ იღბლის ლამპარად. სხარტი გამოდგა სალტო ირემის, თან მოიმარჯვა რქები გიშერის მყის აიტაცა ხვეულით შველი მარდად მოჰკურცხლა ბღავილით მწველით ცდილობს მიჰგვაროს დაჭრილი ექიმს იქ სად ბინადრობს ჰარემი მჭვრეტი. გზად შეუნიშნავს აფთრის ფანტომი მაღლა ქარაფზე ლანდად ქცეული, როს დაჰყურებდა შველს სევდიანი, ნუთუ საქციელს ნანობს ეული?! ამტყდარა რეკვა ზართა ჰარემში, როს დაინახეს სისხლის ყანწები, დასტაქარების შეიქნა ჯერი შველს მკურნალობდა ერიც და ბერიც." ამოიხვნეშა გულკაცმა ჩუმად, თანაც ასწია სასმისი კუშტად: "ეს ამ ფიალით იმ ნების იყოს შურისძიების გრძნობას რომ თრგუნავს, რომ განბანს კაცსა ცუდ ფიქრებისგან, ხორცს ამსუბუქებს და სულსაც კურნავს. ახლა ვიცი რომ ამ გრძნობას ვზღუდავ, მაშინ ვერ ვქენი მისი დათრგუნვა. ჰოდა იმ აფთარს ტყეღრე ვეძებდი, დასჯა მინდოდა მხეცის კერკეტის, ავაწრიალე ტყეც, ღელეებიც. ძილშიც, ღვიძილშიც ვერ ვისვენებდი. მზე აცხუნებდა იმ დღეს ქარაფებს, როს გადავაწყდით აფთარს კლდის თავზე, ეფიცხებოდა მნათობს მდუმარედ თვალთვალობდა მსხვერპლს ტყის გასაყარზე. სისხლი მომაწვა მყის საფეთქლებზე გახშირდა სუნთქვა, პულსიც ძარღვებზე, ბრაზი აცეკვდა რქის ნაპერწკლებზე ცქერაც მწველია ცხელ ნაკვალევზე. " ყმაწვილი იყო მაშინ გულკაცა, რქებიც არ ქონდა ჯერ საბრძოლველად, ვერ აჯობებდა აფთარს ძალითა თუმც მისი დასჯა ძალზედ ეწადა. მიუხვდა ბურჯი ძმობილს გულნადებს, გულკაცის მზერა ფრქვავდა მის სათქმელს ჰოდა მოზიდა ბურჯმა ხვეული აელვდა რქები ხმლებად ქცეული. ზეცამაც შეკრა პირი თეთნულდის ჭავლს ამზადებსო წყლისას მერწყული, ღრუბლებმა იწყეს ცეკვა ფერხულის გვერდში დგომა სურთ თითქოს რჩეულის. ბურჯმა შებღვირა აფთარს შორიდან ჩუმად მიპარვა მას არ ჩვევია ეკვეთა აფთარს, ყანწთ წამოიცვა გაქცევის შანსი ნადირს არ მისცა, ფეხი მოჰკვეთა მტაცებელს ყანწით სისხლმა იჩქეფა ბარძაყის ძარღვის. ჭექაქუხილი გაისმა მაღლით, ცა შეიფერა მეწამულ ალით. აფთარმა მორთო ყმუილის ხლართი თითქოს სიკვდილი იგრძნოო წამით ბედს შეურიგდა, თავი დახარა ალბათ აენთო თვალების ჟღალში წამი თვითგვემის, წარსულის განცდა. თუმცაღა ძმებს არ სჩვევიათ კაცთ კვლა, ავის სათრგუნად სცოდეს ქვეყანას, ჭკუის სწავლება უნდოდათ აფთრის, ახლა კი ცდიან მის გადარჩენას. ზედ აიტაცეს რქებით აფთარი პირი ჩასჭიდეს დაჭრილ ბარძაყში მოგუდეს დრუნჩით სისხლმდენი ტაკვი, მკვირცხლად გაჰქუსლეს ტყის შუაგულში სადაც ეგულვით დასტაქრის ქოხი, რომ გადაკვანძონ სისხლმდენი ძარღვი თან ამოკემსონ ჭრილობა ტაკვის. ტყემაც შეიგრძნო განცდა ჯიხვების ბილიკს უკაფავს ნედლი წიწვებით. კვლავ გამოჭვრიტა მზემან სხივები რომ გაუთბოს ქოხს გირჩის კედლები. მოირგო ბურჯმა ქირურგის ძაფი დაუმუშავა ჭრილობა ნადირს, მადლობის ნებას არ აძლევს დაჭრილს, თანაც შესძახებს მწველი ომახით: "სიკვდილის ღირსი იყავი აფთარ თუმცა გიბოძეთ სიცოცხლე დარად, შესაბრალებლად არა ვიქმთ ამას, არც იმიტომ რომ მფატრავი არ ვარ. უბრალოდ მინდა მთელი ცხოვრება გახსოვდეთ შენც და შენს მოდგმას მარად, თუ რატომ დარჩი სამფეხად ამ ხანს, რომ არ გაბედო მეორედ ქვეყნად, სიკეთის თრგუნვა და სუსტის ჩაგვრა. " შეერწყა სამფეხა ძუნძულით ტყესა, ნუთუ გადასცემს გზავნილს თვის თემსა?! შველი კი კვლავაც ცუნცულებს ველად ტყეც დაუბრუნდა ცხოვრებას ძველსა. როს დაასრულა მოყოლა ამბის ცრემლი წასდინდა გულკაცსა ქარვის ბოლომდე შესვა ვაზის ნაჟური ამბორი სტყორცნა ბურჯსა კაცური. თავი მეოთხე / ვაზის საიდუმლო ქართულ მიწაზე ჩანერგილ წიპწიპს თურმე ძალა აქვს ღმერთის სადარი მის ღვთიურ ნაყოფს და წმინდა ნაჟურს საიდუმლო აქვთ კაცთ უკვდავების. წიპწიპს კი თურმე წარმართი იცავს, შეარქვეს ძველად აგუნა ხიბლით, ღმერთს გაუტოლეს იგი რადგანაც ჯერ ვერვინ ჰპოვა სამყოფი მისი. აგუნას ძალის და გონის ჯობნა ვერ ძალუძს თურმე ქვეყნად ვერავის, აკი ღმერთებმაც სწორედ ამიტომ რჩეულთ მიანდეს დახსნა კაცთ განძის. ისე ინათა ტყის თავზე ცისფრად თან ტყის ფოთლები იფარა მთის ცვრად, რომ ვერც შენიშნა ოჯახმა მზის წვა, სიყრმის ტკბილ ამბებს აფრქვევდნენ ტყის ბანს. როს ჩააღწიეს სხივებმა სეფას, წაეთამაშნენ სარკმლებზე ხის ნამს, ბზინვით შეამკეს სურების კდემა ზედაშეს წვეთს რომ იშრობდნენ ხისტად. თუნუქის სურის მუცელზე უცებ მზემ გამოსახა ჭური ყურძენით, ამოირეკლა ლაჟვარდის ფონზე ქვევრის ნაწურზე ვაზი მტევნებით. და გაიჟღინთა ჰაერი ლანდით ვაზის აჩრდილი აიჭრა ცაში დახუნძლულიყო წვნიანი ქარვით მას ასაზრდოვებს მზის სხივის მადლი. ჰოდა გზავნილის მიზანი იგრძნეს ძმებმა ბახუსით გაჟღენთილ გულზე, რომ გააგრძელონ მისია ფიცხელ მზადება იწყეს, თან სცემდნენ ნუგეშს. აკი მიზანიც ნათლად გაბრწყინდა თვითმყოფადობის განსამტკიცებლად, ქვეყნის ღირსების და საგანძურის, ვაზის ნარგავის გადასარჩენად, მისი მადლი ხომ კვლავ უტოლდება ქართულ ლეგენდას ოდისეადან, ლალისფერ სითხის გასინჯვა ვისც სურს, მისი მოყვანა ასწავლოს შვილსა. ამ წმინდა ბუჩქის გენიალობა მსხვერპლსაც მოითხოვს კაცთა მოდგმისგან, ღირებულებებს, გარჯას მუყაითს თუ მიენდობი და სცემ პატივსა, მაშინ ახდება ძველი თქმულებაც წმინდა სითხის მშობ ნერგის ვაზისა. დაემშვიდობნენ ოჯახს კურთხევით მათ წინ მოელით გარჯა ულევი, რომ მოიძიონ, შრომით გამოწრთონ და გაამრავლონ ვაზის ნერგები. ჰოდა შეკაზმეს ძმებმა ხაბაკი რა განცდას უწყობს ნეტავ მათ ფარსი?! გზა გრძელი, თუმცა საინტერესო, გამოცდილების შანსი აქვთ თვალწინ. უტყვი და სხარტიც წამოიზარდნენ სისხლხორცს უნდათ რომ აუბან მხარი. მკვირცხლ აედევნენ უფროს ძმებს კვალზე, ტყეღრე დაბურეს ფოთოლთა კვამლით. თან აღჭურვილან სამოსის დასტით სულტკბილს უქარგავს ძმებისთვის ბამბით. როს დაეწივნენ უფროს ძმებს გზაზე ჩაშვებილიყო მზე მთის თეთრ კარზე, მიანიშნებსო ჯიხვთ თითქოს ქვაბზე შეუქმნია რა განგებას ხვამლზე, როს აღმართულა მითების სარკედ, ღრუბლებსაც მწყემსავს ცის კამარაზე. იდუმალებით აღვსილა ზეცაც ოდეს შეჰყურებს პიტალო კლდეკარს როს იბზინვარებს თვალისმომჭრელად, დანამულს, იქნებ პრომეთეს ოფლად. ალბათ ისმინეს ძმებმა მზის რჩევა ქვაბულს გაჩერდნენ, ბანაკი დასცეს. გრაგნილიც სწორედ ხვამლს მიანიშნებს, მისი ქვაბული ზეცის მადლს იძენს. კოცონი კაზმეს ძმებმა მთის კარზე, ცივი ჰაერიც დაფრთხა მყის ალით. მთვარეც აცეკვდა ცის კამარაზე, როს აკეკლუცდა, აანთო ხვამლი. შორს კი წყვდიადში ირეკლებოდა ტურააფთართა მშიერი ლანდი. ჯიხვთა გაშალეს გრაგნილი იგი ბჭობენ, სჭვრეტენ გზას ხვამლის მთის შიგნით. ციხექვაბული იშლება კლდეში, თურმე აგუნა ცხოვრობს მის ძირში. სწორედ აგუნა თავის საცავში სათუთად ამწყვდევს ქორფა ნერგს ვაზის, მის იშვიათ ჯიშს ხელეწიფება დახსნა მამულის შეჭირვებულის. ასე წერია გრაგნილში შრიფტით, სინამდვილეა ნეტავ ეს ფიქრი?! ხვამლის ქვაბული ხავსით მოცული, იდუმალებას აფრქვევს ძვალს და გონს, ჯერ არ უნახავს ბუნებას კაცი რომ დაელაშქროს მისი სამყარო. მაშ ძმები ერთად ადგენენ მარშრუტს, როგორ შეიცნონ ხვამლის სამეფო, გაინაწილეს ადგილსამყოფი, ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ გახსნან კარი იგი გრძნეული, წარმოსახული აზრებში მხოლოდ. ალბათ ცდილობენ ამოიკითხონ ის ნიშანწყალი, გზავნილი ციდან, როს დაეცემა სახიზარ სარკმელს ხავსით დაფარულს, მის ცვრიან კირქვას. თან იმედი აქვთ ჯიხვებს ერთთავად ტყის ბინადართა ხელის გაწვდომის, ცის მნათობების გვერდში დადგომის რომ აღასრულონ მისია ყოფის. ჰოდა გაიხსნა უცებ ცისკარი წყვდიადს გააპობს ელვის ისარი, კლდის სარკმელს დაჰკრავს ნაპერწკალს მეხი, ეს ნიშანია ღვთისგან კლდისკარში. როცა სარკმელში აელვდა ხავსი, ძმებმა შეიტყვეს სად ტყდება ნავსი. სარკმელს შიგ ჩასწვდა ნათება ცეცხლის, კირქვას ჩაფერფლავს ღაღადი ღმერთის, მისი ხმა იქცა ქარცეცხლად მეხის, შეუძღვება ჯიხვთ ქვაბულში ელვით. ძმებიც ირაზმნენ საომრად მწყობრში, შესწევს აგუნას ძლევა ამ ბრძოლის?! შორს შეუნიშნავთ მწყემსებს მყოფთ ბარში, ცის პირას, კლდეში ნაკვეთი ალი, როს აელვარდა ღამის წყვდიადში, ტანდემს რომ შექმნის ლოდებთან ქარვის. ბედისწერას ქმნის განგება ქართვლის!? თანაც რიონიც აზვირთდა ლავით წყლის ფსკერს რომ ერთვის კლდის შიდა ქვაბით. პეიზაჟს შექმნის განგება ცხადის, მწყემსებს ჰგონიათ ღმერთების ბრაზი. თავი მეხუთე / ხვამლი ცის შესაყარზე, დანისლულ ღრუბლებს ვრცელი ქარაფი შეუმკობს ღაწვებს. მის რუხ ციცაბოს, ალაგ შეფოთლილს, ჟღალი ქვაბული ამშვენებს თურმე. ქვაბის სალ კალთას არწივი ბუდობს, კლდის საიდუმლოს ფლობს მისი ბუდე და ყოველ ღამე მთვარეს უამბობს იდუმალებით მონუსხულ სათქმელს. ხვამლიც იმედით აჰყურებს მთვარეს გულით რომ უსმენს ფრინველთა მეფეს. თითქოს მხსნელს ეძებს რომ თვის ლეგენდას კლიტე აჰყაროს, შვებას მიეცეს. ჩაუყვნენ ძმები ქვაბის ლაბირინთს გაჩირაღდნებულს მნათობთ სხივებით, თან გზად უხდებათ კაფვა ეკლების ქვაბს რომ ეკრნენ ვით აგუნას მცველნი. თურმე ეკლები ურცხვად სერავენ ქვაბულის კედლებს ნაცრით მოქარგულს, ეკლებს ვეძახი თორემ კაზმულნი არიან აკი ბროლის აბჯარით, ბასრ ელვარებას, თან ვარვარებას აფრქვევენ ირგვლივ კუშტად მტარვალნი. ჰოდა ჯიხვებსაც დიდ გარჯის ფასად უხდებათ თურმე გაწვრთნა ეკლების, ზოგს აიცდენენ, ზოგსაც რქით ტეხენ, თუმც ტანზე რჩებათ შრამი ვარამის. ყველაზე დიდ და ბასრ მხურვალ ეკალს, აპირებდა რა განგმირვას უტყვის, ეკვეთა უმალ მედგრად გულკაცა და ჩაუმსხვრია პერანგი შუშის. საოცარ სცენად იქნა ქვაბული ღვინის ცრემლებად იქცნენ ეკლები, კედლებსაც სდინდათ ცრემლნი ნაჟურის, აგუნას მარნის ყურძნის ნაწურის. სულისკვეთა რომ არა გულკაცის კანს რომ აბურძგლავს სულმთლად ისეთი, სულ სხვანაირი ალბათ სურათი გამოკრთებოდა ქვაბულის ყელში. თანაც ზედაშეს ძალა აქვს ზევსის დიონისეს რომ მფარველობს კვერთით, სძალუძს ალაგმოს აგუნას მცველნი ბროლის ლამპრებად რომ იდგნენ კლდეში. ჰოდა აგუნას მცველთა სიშმაგეს და მათ მახვილთა ცრუ სისასტიკეს, მყის ჩაანაცვლებს ღვინის ცრემლები როს მარცხს იწვნიან ჯიხვთგან ეკლები. კეთილშობილსა სითხეს ვაზისას ქართლში ურწია აკვანი ღმერთმა, სასწაულმოქმედ ვაზის ნაჟური ტყვედ უქცევია ხვამლში აგუნას. ვაზის წრფელ ძალას და მის წვენის მადლს როს ქმნიდა ღმერთი ქართლის საკურნად, რას იფიქრებდა რომ მას აგუნა ხვამლში შთანთქავდა ძალზედ მზაკვრულად?! ვაზში ჩაქსოვილ ღვთიურ მაგიას ხელეწიფება ქართლის დაწმინდვა. ჰოდა ჯიხვებსაც ძალზედ ეამათ როს აგემოვნეს ღვინის წვეთები, ძმებმა მოითქვეს სული მებრძოლი, ღვინოც თითქოს სცემს ნუგეშს დათრობით, ცვრად ჩაეფინა ჯიხვებს მშრალ ხორხში, თან ქვაბულს მისცა ლალის ელფერი. აწ კი სიწყნარე გამეფდა ირგვლივ, ღვინის სურნელმა გაჟღინთა ფიქრნი. ამ დროს კი ქვაბში აგუნას მსტოვარს დრო უხელთია ჯიხვთა სიმშვიდით, ზვერვა დაეწყო გამოქვაბულის, ვერაგ მისიას ასრულებს ხიბლით, მებრძოლთ გულების მოგებას ცდილობს გამოწყობილა ასკეტის სტილში. ძმების იარებს განკურნავს წამში მებრძოლთ ადუნებს უცნაურ ჟინით. ბერის სამოსში შემალულ მტარვალს ვინ ამოიცნობს უცდელი ნირით?! თან თავად ფხიზელობს, ზედაშეს უფრთხის, ძმებს კი აბრუებს ვაზის ნაწურით. უცნობი ბერი ავი ზრახვებით, ალბათ ფიქრობდა რომ სძლია ლაშქარს როს დაინახა მავანთ ზარხოში, აჟღალებული თვალების როკვა. ამ დროს იელვეს ცაში მნათობთა თითქოს ცას მოსწყდნენ, ქვაბს ჩაეკიდნენ, გამოქვაბულის რუხი კედლები მოიცვა უცებ მათმა კაშკაშმა. ძმებმა იფხიზლეს, ეხილათ თვალი მადლიერები ჩანდნენ ვარსკვლავთა, ქვაბულს გაუყვნენ დიდი სიფრთხილით მორიგი ბრძოლის გიჟ მოლოდინში. მსტოვარიც დაფრთხა, დანებდა მებრძოლთ, კლდეს განერიდა, ღვინით გაჟღენთილს. თუკი დაიცავ წამლად რგების ზღვარს და არ ჩაყვინთავ ღვინის მორევში, ღვთიურ სითხეს ხომ აურა მოაქვს ყოვლად წმინდა და აღმატებული. ცა თურმე ამ დროს იყო ნათელი, ვარსკვლავებს ქსოვდა ცრემლით მოფენილთ თუმცა დარდობდა რაღაცას მთვარე, ბაგეს წაშლოდა ლაღი ღიმილი. ხვამლს მიეშურნენ ტყის ბინადარნი ერთობის მუხტით ივსნენ ცხოველნი ფარი აღმართეს სადარაჯოზე გაერთიანდნენ მამულის ტრფობით. ქვაბულს ჩაუყვნენ ირმის ჯოგები, მათი ყვირილი ჩასწვდა კლდის ძარღვებს, ფოცხვერთა გმინვაც. ქვებმა ირეკლეს, თვისსა საკბულოს გვერდში დაუდგნენ. ქორშევარდენნიც, არწივნიც შმაგად, თავბრუდამხვევად რკალავენ ფრთაკლანჭს, თითქოს უნდათო ფრთების მოქნევით თავი მოხადონ აგუნას საცავს. სხვაზე რაღა ვთქვა როს აფთარნიც კი, მკვირცხლად დაეშვნენ ქვაბულის დაღმართს, ფაფარაყრილნი, ჯიხვთა მხარდამხარ კბილებს ილესდნენ სამშობლოს კარად. თურმე განგებამ ასე ისურვა ერთ ჭაპანს სწიონ მთის ბინადარმა, გადასდონ გვერდზე წარსულის შუღლი ერთ მუშტად იკვრნენ ქვეყნის სახარად. ამ სიმფონიის ორკესტრს ზეციდან ვარსკვლავთა ცრემლებს აფრქვევდა მთვარე. ცდილობდა თითქოს ვნებათ განკარგვას, საოცრად მშფოთვარე იყო ის ღამე. ძმებიც აღივსნენ თავგამოდებით, მთის ბინადართა როს იგრძნეს ძალი, ერთად დადგომით და თავგანწირვით მთასაც შეიპყრობს თურმე ლაშქარი. მთას კი დაძრავდნენ საერთო ძალით, უკიდეგანო როს იქნა ჯარი, თუმც არ იცოდნენ რას მოასწავებს გამეფებული სიშმაგე ქვაბში. თავი მეექვსე / არსი კაცისა ამ მოლოდინში ბურჯმა შენიშნა ძველი ნაცნობი აფთართ ხროვაში, როს მოუძღვოდა ლაშქარს დიდებით სჩანდა რომ სცემდა ჯიხვებს დიდ პატივს. გვერდში სადგომად და საბრძოლველად იყო მოსული იგი აფთარი, გული თუ გულობს, აგერ აფთარსაც ხელწიფებია გულძმობა ჯიხვის. ჰოდა გაშეშდა ჯიხვი ერთბაშად კეთილი ნება იგრძნო რა აფთრის, ჯერ შეცბა მყისად, შემდეგ ღიმილმა გადაურბინა სახეზე ხიბლით. სამფეხა იდგა ბურჯის წინ მედგრად, კეთილად იყო ჯიხვთან მოსული. თითქოს ვალი აქვს ბურჯის დიდძალი, მოუყვანია აფთრების ჯოგი, შესძახა ჯიხვებს ომახიანად მადლიერებით იყო აღვსილი: "თქვენ ამიხილეთ ძმებო თვალები სულ სხვა ყოფილა ცხოვრების არსი. იმა დღის შემდეგ შევიცან ნათლად კეთილი საქმის გემოც და აზრიც. საძმოდ გახლავართ ჩვენ დღეს მოსული ვიბრძოლებთ თქვენთან მხარდამხარ ჯიგრით." "გიფასებ სამფეხ შენს ვაჟკაცობას და გულისხმიერ მადლიერებას. მიხარია რომ მწარე წუთებმა გასწავლეს სიმთა სწორად ჩამოკვრა", მიუგო ბურჯმა სიამოვნებით, ქათინაური აღარ დაზოგა. გულკაცმაც წვერზე ხელი მოისვა თან აღტაცებით მხეცს უთათუნა: "სუფრას რომ ვესხდეთ გადღეგრძელებდი, ლოცვად გეტყოდი ქებას და ხოტბას და დღევანდელ დღეს რაც უნდა მოხდეს შენ უკვე შესძელ კარგი კაცობა. ჰოდა მე მინდა დაგაჯილდოვო მხოლოდ ჩვენ გულის გასახარებლად" სთქვა გულკაცმა და თვისი რქის ტოტი უეცრად ხანჯლით ძირში იკვეთა: "ეს გამომართვი, შენთვის მიძღვნია გამოგადგება მეოთხე ფეხად. განგებამ ალბათ ასე ინება ჩვენ მოკვეთილ ფეხს აღიდგენ ჩვენგან. თან ახლა მძლავრი თანამებრძოლი ვით წყალი თევზსა ისე გვჭირდება. ერთად დგომა და ხვამლის დალაშქვრა თან ქვეყანასაც ხომ წაადგება?!" აფთარი იდგა შეცბუნებული ვეღარ მოასწრო უარი ეთქვა არ დაუტოვა გულკაცმა სხვა გზა ძღვენის მიღება დილემად ექცა, თუმცაღა იყო კვლავ მადლობელი, ამ საოცარი კაიყმის ცქერად. როგორ დასდინდა სისხლი რქისძირში გულკაცმა თითქოს არც კი იმჩნია. სანგვინის სუნი კი დადგა ქვაბულს თუმც ეს იარა მისთვის ხიბლია. მადლობის თქმაც კი ვეღარ მოასწრო ის იყო დადგა ოთხზე აფთარი, რომ ჩამობნელდა ქვაბულში ხისტად, აგუნამ კლდისკარს უწყვიტა სიქა. ლოდთა ღრჭიალი გაისმა ქვაბულს ამოქოლეს რა სარკმელი კლდისა. როს ისადგურა ქვაბულს წყვდიადმა, ისეთმა თურმე ნაბიჯს ვერ დაძრავ, სევდა გამეფდა რუხ ლოდებს შორის კლდის ქარაფებსაც ნამი შეაშრათ. ჯიხვნიც, აფთარნიც, მათი მოყვასნიც თითქოს გაქვავდნენ, წაერთვათ სიტყვა. მტრის მოლოდინში გულანთებულებს გაუქრათ თვალწინ ჩინიც და სიქაც. ქარმა დაჰბერა თითქოს უეცრად ციცინათელთა ლაშქარი გაჩნდა შემოანათეს ლოდებთა შორის, გამოქვაბული კვლავ აკიაფდა. ჰოდა აგუნას მორიგი ფანდი ჰაერში მყისვე კვლავ გაიფანტა. ჩვენ მებრძოლებსაც მუხტი მიეცათ კვლავ მიემართნენ ქვაბის დალაშქვრად, ეძგერნენ ძგიდეს აჭრილს ალმასად როს აღუმართავს მათ წინ აგუნას, ცდილობს ვერაგი ლაშქრის დაქსაქსვას ჩაუხერგავს რა იქ გზაბაწარაც. ატყდა ტკაცუნი ალმასის მტვრევის თუმც ბოლო არ აქვს სიმტკიცეს ქანის. ამ დროს გულკაცმა აღმართა თათი ჭკუა იხმარა იქნება განით: " ალმასს ღვთის ცრემლებს რომ უწოდებდნენ არკი ცდებოდნენ პაპანი ჩვენნი, ალმასის კრისტალს ვარვარი უნდა და აორთქლდება ვით წყალი ცაში. შევუნთოთ ცეცხლი ალმასის კედელს და გაიხსნება ქვაბის პერანგი. " სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ დატრიალდნენ კლდის ბინადარნი, მყის მოიზიდა მასალა ცეცხლის ქვაბულს კვლავ ეცხო სიცოცხლის კვალი. უტყვმა და სხარტმა ააზიგზიგეს, ცას რომ მისწვდება ცისფერი ალი. სითბომ იმატა ერთბაშად მთაში, დაჟანგვა იწყეს ქანებმა ქვაბში. ცამაც დაჰბერტყა მეხი კლდეკარსა, გააპობს ლოდებს, გახსნის კლდის თავსა, გზას მისცემს ცისკენ ალმასის ნამწვავს, მისმა ცხელმა და მხუთავმა ორთქლმა რომ არ აღმოფხვრას სიცოცხლე ქვაბსა. ჰოდა როს იწყო ლღობა ალმასმა, ძგიდე დაირღვა, შიგ გზამ ინათა, თუმც მიუვალი გახდა ბილიკი, ისეთი, ჯიხვთაც ვერ ძალუძთ ჩასვლა, როს ქვაბულის ჭერს ჟონვამ დაიწყო აგუნას ცრემლის ელვარე ლავამ. ჯაჭვურად ეკვრნენ ერთურთსა ძმები, ჩაუყვნენ ქვაბულს ციცაბოდ კიდულს. შმაგად უძლებენ მხრების დადაღვას წვეთს წვეთზე ხვდება მხურვალე ლავა. ძმებს უკან გაჰყვნენ მთის ბინადარნი, ეშურა ქვესკნელს მთელი ლაშქარი. ძნელია ცქერა ამ ყოფის ცოდვის, ამ დროს ვლინდება ვინ არის ნაღდი, ვინ კი ამ სკნელის გამხრწნელი ფარსი. ამ დროს მავანი მოიხსნის ნიღაბს, სიკეთის ჟამს რომ მოირგო ნავსად, კეთილშობილი ნიღაბის ჩრდილქვეშ წარმოჩინდება ბინძური კალთა. ზოგიც სუსტია თვისი არსებით რა ქნას განგებამ შექმნა ასეთი, თუ ვერ გაუძლებს განსაცდელს ბედის სწრაფად ნებდება ტკივილს მოვლენილს. ის იყო ძმები ჩაუყვნენ ფლატეს იშუშებდნენ რა დაშანთულ ბეჭებს, მოესმათ ხვნეშა ზედან, ქვაბიდან, კბილთა ღრჭენით და მწველი ქივილით. ეს აფთართ იწყეს ერთურთის გლეჯვა ფარად იხდენდნენ დაგლეჯილ ყმის ტყავს, ასე იცდენდნენ ლავით დადაღვას თვის დასარჩენად სწირავდნენ ყმის თავს. განკითხვის ჟამი დამდგარა ქვაბულს მართალ მტყუანი ვერ იქნენ ყაბულს, სუსტნი წაიქცნენ, ჟანგი ჭამს მათ გულს, ძლიერნი ბოლოს შესვამენ ნაწურს. ასე ტრიალებს ცხოვრება დასტურ, მყვირალ-მჩივანი იგემებს ნადუღს. სამფეხა სცდის ამ სცენის ალაგმვას დადგება მყარად ლოდზე ამადგრად. სუსტებს მოისვრის ქვემოთ ჯიხვებთან სამშვიდობოს მათ უშველის გასვლას. "დიაცთა გლიჯონ ერთურთის ტყავი, სუსტი ყმის ჩაგვრა ხვედრია ლაჩრის, ოდეს სისუსტე არ ნიშნავს ავსა, ჭეშმარიტ ძლიერთ არ სჩვევით ჩაგვრა. " ესროლა იქ მყოფთ ულუფა ბასრი, სამფეხა ცდილობს გახედვნას აფთრის. ჯიხვთაც კვლავ შექმნეს ქვაბულს სავალი თვის ჩლიქებისგან, კიბის მაგვარი. გადარჩენილნი ჩაჰყვნენ ქვაბულს ძირს ჯიხვთ ჩლიქ-რქებ შორის იყვნენ დაცულნი. ზემოთკენ ქვაბულს, "ძლიერთ" ბორგვისას და ბრგე სამფეხას ყოჩურ როკვისას, გამოიკვეთა ბუნების არსი გადარჩენისთვის ბრძოლის უფლება. დგება მომენტი როცა სამართალს არა აქვს ფასი არც ერთი ქათმის, და ზეციური ძალები მაშინ ბუნებრივ რჩევას იწყებენ სოფლის. აკი ვამბობდი წეღან მთვარეზე რომ სხვანაირი შეიქნა იგი. ვერ აიტანა სიმუხთლის ცქერა ააგიგზგიზა ცეცხლი თვალებში, უსამართლობის ალაგმვას ცდილობს თან გამურულ ცას გაანდო ფიქრი. აგუნას ზრახვას უმალ მიუხვდა როს გადაჰკიდა ერთურთს კლდის მკვიდრნი. შეჰყარა უცებ ღრუბელთა ჯარი, ჩასისხლულ თვალებს მიუქსევს კლდისპირს. ბრაზის ცრემლები წასცვივდა ზეცას, ქვაბში ჩასცვივდნენ ყინულის კენჭად, ნიაღვრად იქცნენ მის ლაბირინთში, ლავას შეებნენ ქვაბულში მყისით. ჰოდა გაქვავდნენ ლავის შხეფები მძივად ეკიდნენ ქვაბულის ჭერში. თან გაიყოლეს ავი აურა როს სადგურობდა ხვამლის ქვესკნელში. ამქვეყნიურად ბოროტი ძალა, თურმე ამძიმებს პლანეტას მარად. თან იარსებებს მისი ფესვები სანამ იდგება კაცთ მოდგმა მყარად. ბოროტებასთან ვინც გაიბრძოლებს უჯდება ძალის, ნერვების ფასად, და რომც იმარჯვოს მასთან დუელში, მაინც დატოვებს გულში მწველ ღადარს. იქნებ ამიტომ ჯობდეს ბნელ ძალას, პირი უქციოს მავანმა მარდად, რომ არ ჩაებას ფერხულში მასთან, გვერდი უაროს, დაუშვას ფარდა. მაშინ კი ალბათ ეს მავნე ძალა, თვის ენერგიას, აგრერიგ არამს, რომ ვეღარ გასცემს თვითონვე შთანთქავს, ჩაიფერფლება, გაჰყვება ქარსა. და იქნებ მისმა უმანკო ნამწვმა სიკეთის ყლორტიც ჩასახოს კარად. კვლავ დაირაზმნენ კლდის ბინადარნი, ვინც ცოცხლად დარჩა მომართეს ძალი. ზოგი ჭრილობებს იშუშებს კვნესით, ზოგი ამხნევებს გვერდში მყოფს ხვევნით. თავი მეშვიდე / აზრი სიცოცხლის ნამიან ქვაბში, თეთრი ქიმის ქვეშ, ძმებს შემოესმათ ჩუმი ქვითინი კოპლება შველი ჩამუხლულიყო ჩამოსდიოდა თვალებზე ცრემლი. გულკაცს მისტირის თურმე მალულად მონატრებია სუნთქვა მიჯნურის, ნამიან თვალებს აფრქვევს მიდამოს, გულისთქმას ანდობს კლდის ხავსს ქვაბულში. ხვამლის ლეგენდის მომსწრეა ხავსი ლაღად რომ ღვივის ქვაბის კედელში. ხავსიც მოხატავს ქვაბულს ჩუქურთმით, ხალას ფერებში აანთებს კლდის გულს, სითბოს მოფანტავს ქვაბის წიაღში, იმედის ნუგეშს აპკურებს იქ მყოფთ. შველიც დანამავს ცრემლით ფაფუკ ხავსს, ჩაიძირება ბრმად მის კალთებში. ხავსის სურნელი კვლავ გააშმაგებს სიცოცხლის გემოს, საწადელს ერთობ, ყოფის სურვილს კი გულისთქმა ამბობს მისით დათრობა აისს ჰგავს ზღვის სწორს. სიცოცხლის არსს ხომ ხავსი წარმოშობს ხარბად რომ უქსოვს ქვაბულს გრილ სამოსს, ამ პაწაწინა მწვანე შუქურას წინამორბედი რომ არს სიცოცხლის, თითქოს უნდაო თვის მატიანე იგემოს ტკბილად, სხვასაც აგემოს, გადაიშლება ქვაბულის თავზე ფლირტს გაუმართავს კლდექვას უსულოს. კლდესაც დაასხავს ოფლი სიწითლის, სიცოცხლის ძალამ მოულბო გული, თითქოს იგრძნოო ხავსის ფერება კლდექვის ფორებში გაკრთა ღიმილი. ამ სიმბიოზის აუხსნელ სურნელს ზედ დასტრიალებს თურმე სულტკბილი, ასდევნებია ისიც ძმებს ქვაბში, დღეღამეს ქნიდა მათზე მწველ ფიქრში. ერთობ სწადია მათ გვერდზე ყოფნა, მონატრებოდა მათი ღიმილი. ახლა კი ცდილობს შველს უალერსოს, ცრემლი მოუშროს, მისცეს ნუგეში. ვერ გაუბედავთ შველსა და სულტკბილს რომ დაენახვონ ძმებს გულანთებულთ, მათ აღტკინებას და თავდადებას რომ არ მოაკლდეს მისხალი ძალი. თუმც ძმების ჭვრეტა არც აქ შემცდარა, გუმანით იცნეს ქვითინი მწველი. ხავსში ჩაფლულებს თავზე დაადგნენ, თავად ჩაიფლნენ სიყრმის მორევში. გადაეხვივნენ შვებით ერთმანეთს თითქოს სიცოცხლე აჩუქეს წამით, უნდათ მოასწრონ ულევი სითბოს და გულსათქმელის გაცემა ნაღდის. რარიგ ტკბილია ამ დროს ცხოვრება, თითქოს გინდა რომ გაჩერდნენ დრონი. თვალს გაუსწორებ ჭეშმარიტებას თან არ შეგრცხვება წარბების როკვის. წამი გაწუთდა, წამებას ეხსნა, წამწამთა წირვამ იხსნა საყდარი, სულის სამყაროს სალბუნად ედო ამ მონატრებულ ცრემლთა ვარვარი. ცრემლი კეთილი, პატიოსანი ალალი, სუფთა ვით ლალის თვალი, მის კეთილშობილ, მწველ ანასახში აკი გასჭვივის კაცის ღაღადი. ქვაბულს დაეტყო ოდნავ სიკეთე გრძნობამ იზღვავა გულის ფორებში, ამ უბადლო ჟამს კოცონს მიუსხდნენ, ხანი შეიქნა სულის მომრწყველი. ხვამლის ბინადართ გახსნეს გრძნობები, უნდათ იგემონ ერთურთის განცდა, განცდა იმედის და მონატრების, ძარღვთ რომ ჩასწვდება ცხოვრების ფარად. ჰოდა იდარა ქვაბულს ანაზდად, კვლავაც გაჩაღდა სეფა კლდის დარად. იქნებ მოითქვან სული მოსაგრეთ რომ შეერკინონ აგუნას მტარვალთ. ჯერ კი გულკაცმა თასი ასწია, დინჯად წამოდგა, თან ჩაახველა. სიჩუმედ იქცა ხვამლის ქვაბული ყველამ შესცქირა გულკაცს ყაბულით, თითქოს ელიან ნუგეშს ბრძოლის წინ, ვაზის გამოხსნას ელტვის მთაც, ჯურიც. „აკი შემოქმედს რაც უძერწია და შეუქმნია თვის ღვაწლის დარად, სწორედ სიცოცხლე მოუქსოვია შედევრთა შორის ნიჭის მწვერვალად. სიცოცხლის მადლი, ვისთვის ხილულად, ან უხილავად სჭვივის კამარად, მისით დატქბობა ხარბად ვიჩქაროთ, მას მოფრთხილებაც უნდა სათუთად. ჰოდა სიცოცხლე, თუმც ასე მოკლე, რომ შევითვისოდ მთელი არსებით, რომ დავინახოთ მის ფერთა წყობა ღრმად შევისუნთქოთ მისი სურნელი, დროა შევიცნოთ მისი არსების და ჰარმონიის მთავარი მრწამსი: გაუღეთ გული ფართოდ მოყვასსა, პატივი ეცით მის აზრს, მის ხედვას, ხელს ნუ შეუშლით მის კეთილ საქმეს, მოყვარის გრძნობებს უფრთხილდით ხელად. თუ მოყვრად არა, მტრად ნუ გაიჩენთ თქენს გვერდზე მდგომსა ტიალსა კაცსა, ტკივილი მწველი გადაგტკივდებათ, მის ნაფერფლარს კი დატოვებს ბზარად. ნუ მოიმრავლებთ ნაოჭს, ჭაღარას, ეცადეთ ერთურთს უძღვნათ ღიმილი. შმაგად ეწაფეთ სიცოცხლის მირონს თუ გსურთ იწამოთ გემო ცხოვრების. „ გამოსცრა ბაგეთ გულკაცმა ძუნწად თითქოს უნდოდა ეთქვა სულ სხვა რამ. გულს ვერ გაუგებ ზოგჯერ, ვერც მის თქმას, თუ იმორჩილებს ენას, თითქოს ბრმად. ძმებს გადახედა გულკაცმა ლაღად, თითქოს უნდაო გაანდოს განცდა, ამ დროს იხეთქა გრძნობების ტალღამ გულისთქმას იტყვის გულკაცი ნაღდსა: „ ამ კლდეღრის მოდგმავ, მოგმართავთ ყველას მინდა იცოდეთ, წინ გველის ბრძოლა, გამოვცდით ერთურთს, პათოსსაც თვისსა, მამულს სჭირდება დღეს თავგანწირვა. ერთობაშია სიცოცხლის ძალა დღეს გამოჩნდება ვის უყვარს გარჯა. ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ სისხლისღვრას, სიყვარულია ცხოვრების ტალღა. მოყვასის ცნობა, მადლიერება ჩვენი არსობის საწინდარია, ულევი ჯაფა ქმნის კაცში განცდას რომ შეიძლება მიზნის მიღწევა. მოდით ვუჩვენოთ ნება აგუნას რომ ჩვენც დავწურავთ ვაზის ნაჟურსა, ჩვენი ერთობით, განსჯით და გარჯით ხელგვეწიფება მისი დათრგუნვა. „ დაიგუგუნა ქვაბულს მსმენელმა, ყიჟინა დასცა თანხმობის ნიშნად, გულკაცმაც წრფელი ზეშთაგონებით გულის ნადები მყისედ გადახსნა: „ როგორც არ უნდა დამთავრდეს ღამე, მინდა იცოდეთ დღეის სწორიდან, მე გადავწყვიტე ცხოვრების სიტკბო, გავიზიარო მე ჩემს მიჯნურთან. დიახ შველია ჩემი რჩეული, მას ვუკავშირებ მე ჩემს ცხოვრებას. ძმებო დაგვლოცეთ ჩვენ როგორც ერთნი ერთად რომ შევძლოთ ჭაპანის ზიდვა“ დაამთავრა რა გულკაცმა სიტყვა გულში ჩაიკრა შველი მხურვალედ, ალალი ცრემლი ეპკურა ქვეშ ხავსს, გაბრწყინდა ხავსი, კლდეც კი ელვარებს. ლაშქარმა დასცხო ყიჟინა მქუხედ მაყრულის ჰანგი ეფინა კლდის ჭერს: „თქვენი დიდების იყოს ძმობილო, ცხოვრება მინდა ლაღი გისურვოთ. ახლად შექმნილი ოჯახისათვის ღმერთს დაებერტყოს საუკეთესო რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე, რაც წარმატების საწინდარს ჰბადებს: რკინის სიმტკიცე და დრეკადობა არწივის თვალი და ლომის ძალი შევარდნის ფრთების, ელვის სიმკვირცხლე კუს დღეგრძელობა, ცხენის სიფრთხილე, დელფინის აზრი, კატის გონება ცეცხლის შარმი და წყლის სიწმინდე. ისე განგევლოთ ამ ხცოვრების გზა უკან მოხედვა არ შეგრცხვენოდეთ, ზღვის ბობოქრობა, ღრუბელთ ანცობა კლდის და ტყის ბორგვა დაგბედებოდეთ რომ ყოფილიყოს თქვენი ყოფის გზა წარმტაცი წიგნი მეტყველთ ქცევაზე. „ ნეფე-დედოფალს მიმართა ბურჯმა სითბომ აავსო ირგვლიმყოფთ მუზა, იქ მყოფთაც წყვილი ზედ აიტაცეს ხავსით დაწნული გვირგვინი ადგეს, ჯიხვთა რქებს შორის შარმით აცეკვეს, იქვე მგოსნებმა სატრფიალოც თქვეს. სანახაობა გაჩაღდა თითქოს, ქორწილს ემგვანა სცენა იქ უცებ. ამ დროს აგუნა უკვე ამჩნევდა იქ დარაზმულთა კეთილ აურას, ხვამლის ქვაბულში იმატა რწმენამ რომ სიყვარული დაანგრევს მთებსაც, მთის ბინადართა ერთობით, მადლით დაისადგურებს ქვაბულში შვება, დაშლას დაიწყებს ხვამლის ქანები ოდეს ეცალნონ ძალნი აგუნას, მის წინააღმდეგ აკი ირაზმნენ, მთის ბინადარნი, წიპწიპის მხსნელად. აგუნამ კვლავაც მიმართა ავ ხერხს იცის ჭარბ ქეიფს რომ მოსდევს თრობა, დროა ჯიხვებმა ამძაფრონ მზერა მედგრად დაუდგნენ კლდის გულის ძგერას. მავნე ზრახვებით ცდილობს აგუნა იქ მყოფთ ერთობის და ძალთა რღვევას. ხვამლის კლდეებმა იწყეს ბრდღვიალი ნაჟურის სუნი დადგა ტიალის, ტალღად აზვირთდა ეს მადლიანი, გულის ფსკერს სწვდება მისი ბზრიალი, ოჰ რა ტკბილია ამ დროს თრიაქი ყველა დარდს განბანს მისი თქრიალი, თუმცა თუ გაჯდა კაცის სისხლძარღვში მაშ მასთან ტრფობას მოაქვს ხიფათიც. აკი დაეტყოთ თრობა იქ მებრძოლთ, ნუთუ წალეკავს ღვინო მითს გმირულს? არა კლდის მდგმურნი დამდგარან მედგრად ცხოვრების ნაღველს გასრესენ ხელად?! ოდეს აზვირთდა ბოღმა ნაჟურის ჰაერს დაეტყო თრთოლვა ნაკვთების, შუმის ჭავლს გაჰკვეთს ცივი თვალები მათი სიღრმიდან ალდება ცეცხლი, მისი წვის ძალა დააწყობს აზრებს გულს რომ დაიპყრობს ხანდახან ისეთს, სულსაც ჩასწვდება, არად დაგიდევს, ძვლებში გამოწრთილ ეულ სიფრთხილეს. თავი მერვე / ყოფის სიმუხთლე სამფეხამ ელვით მოავლო რკალი ნახტომში გაწვრთნა სალი კლდის ქიმი. ძმების ოცნებას დაუდგა აბჯრად, ცდილობს მათ მიზანს უკვალოს შარა. შეუნიშნია ქიმზე მსტოვარი როს სცქერდა ქვაბულს მაღლით მდგომარი, არ ჰგავდა მომხდურს და არც მოძულეს, ძმათა ლხინს ტრფობდა ლაღი სიმშვიდით. სამთავა გველი აღმართულიყო ქვაბისთავს კუშტად, ცეცხლოვან თვალებს ხარბად აპყრობს იქმყოფთა სუფრას ნისლით მოცული, ალმა შეიპყრო მისი მანტია, ზანტად ქირქილებს ჰადესის ელჩი, ბოლთას სცემს ქარაფს. სისხლისფერ თვალებს შეაფეთებს სამფეხა გველძაღლს, თითქოს ცდილობსო შეიჭყიტოს მის სულში ხელად. აგერ აღმოხდა მშრალი ხახიდან გამჭოლი სიტყვა, თან ელჩს მიაწვდის ზედაშით აღვსილ ქვისფერ დოსტაქანს: „მოყვრად თუ გვსტუმრობ გველძაღლავ სავსეს მოგაწვდი ფიალას დალოცავ ნეფე-დედოფალს პატივს მიაგებ ჩვენს ადათს. ვერ გიცან, საიდან მოხველ, როგორ მოგვაგენ კლდის კარსა. ჩვენ აქ მისიით მოვსულვართ აგუნას ვუწყვეტთ სიქასა, თუ დავიბრუნებთ სიმდიდრეს მისგან წართმეულს იმხანად, გაიფანტება ბურუსი ნაჟური გაჟღენთს მიწასა. წკვარამი დასთმობს მყის დღის სულს, ჟანგით რომ კემსავს მის აბჯარს.“ გველძაღლა შეცბა, არ ელოდა დახვდომას ამგვარს, კუშტ სიფათზე აუთამაშდა ფრუსტუნი მწველი ძმების ქომაგი, გუშაგად უდგას მათ საქმეს ალალს, მსტოვრად მოსულა თუმც ვერ გასთქვამს მიზეზს იქ ყოფნის. „შენ არ იდარდო ჩემო ძმაო არ ვარ მე მტერი“ ესა სთქვა მხოლოდ და მოხაზა ჰაერში რკალი, გაუჩინარდა გველძაღლა მყისვე, შეერწყა წყვდიადს, თითქოს იცოდა რას უმზადებს აგუნა კლდის რაზმს. გვერდში სადგომად მოევლინა ელჩი ცხელ ქვაბულს ხელეწიფება კი მას დაცვა ბინათართ მთისა?! ბურუსით იმკო ქარაფები იმ ღამეს თურმე ქვაბულის ძირში ჩაეფინა ნაპრალი უცებ უძიროდ ღრმა და კუნაპეტი აღმოჩნდა იგი ღვინით გალეულთ ფეხი უცდათ უხილავ ჭურში. მებრძოლთა ჯერი ჩაიტაცა ნაპრალმა მყისით, მის ვერაგ ბაგეს ექო აღმოხდა სასოწარმკვეთი, ეს მებრძოლთ ხივილს შეუღალავს ხმით კლდის იერი ღრმა ჭურად იქცა აკი ბზარი ლხინის წიაღში. თითქოს აღსრულდა აგუნას ხედვა ერთობ ცბიერი, ლაშქარს დაეტყო სენი ნაჟღინთი აგუნას ცრემლით, კლება იწყო მებრძოლთა რიცხვმა გამოქვაბულში აგუნას რისხვამ გადაღალა ხვამლი ხნიერი. მწველი ღრიალი გაისმა ამ დროს ელჩის ჰაგესის, ცდილობს ნადიმის დამთავრებას, ის ძმებს არ ერჩის, ხმოვან ნიშნულით გააღვივებს ძალას გატეხილს ერთ მუშტად შეჰკრავს კვლავ მებრძოლებს, მათ ჟინს გაღეღილს. „ძმებო იფხიზლეთ, ნუ დაკარგავთ სადავეს ხელად, როს მოიპოვეთ და გამოწრთეთ მოყვასის სისხლად, ჩვენი მიზანი ახლა უპყრია აგუნას ცრემლთა როს ვარვარებენ ძალზედ ცბიერად, უფსკრულის ძირსა“. ხმა დააწია გველძაღლამ ლაშქარს აწ ფოფრილს ცხარედ, თან ჩაანათებს ნაპრალსა შიგან თვალებს ელვარეს. აკი ირაზმნენ ღრმა ჭურის ირგვლივ ჯიხვნი მღელვარედ აგუნას მტარვალთ რომ აძგერონ სული მგზნებარე უფსკრულის ძირში ცრემლებს დასდინდათ ურცხვად ზედაშე მისმა სურნელმა აკი წაართვა ზოგიერთს სახე. კლდეც გაიჟღინთა, ვაზის ნაწური აქრობს კელაპტრებს, შთანთქავს წყვდიადი ხვამლში ნათელს რარიგ სანატრელს?! არ დაუშვებენ ძმები აგუნას კვლავაც მეტახტედ, ჭური მახედ ვერ წაადგება ცბიერ მეკარეს. ხერხს მიმართავენ ძმები, გაიჭრნენ ქვაბიდან გარეთ, ჩაუყვნენ ჯიხვნი ხვამლის ციცაბოს რიონის მხარეს, რუხი კლდის ჩრდილი ტყის სურნელს უკმევს მზით გამთბარ ჯიხვებს, ნარნარი სიო მათ რქებს ევლება, ვით ჯიხვი ფოთრებს, კლდის ძირს დაეშვნენ, ვერხვთა შრიალიც ძმებს ძალას მისცემს. ჰოდა მიადგნენ აგუნას შექმნილ ზედაშეს ჭურჭელს. მუჯუროს ფუძე რქით გამოღადრეს, შეიქნა ღრიჭო, მის ცივ ფორებში, ვით საწნახელში, დადინდა ღვინო, კლდეს ნამი ეცხო, მეწამულისფრად ოდეს შეიმკო, ნამი რუდ იქცა, ფერდობს ჩაუყვა, შეერთო რიონს, ზედაშეს დონემ იკლო ჭურჭელში, ხავსმაც ცა იგრძნო, გამოქვაბულში მზეც კი შეიჭრა, სხივნი დაანთო, ხავსს მიეფერა, ლაშქარს უნათა, გული გაუთბო. მზე ჭურსაც ჩასწვდა, მის ძირს შეახო თბილი ხელები, შექმნილ ღრიჭოში თესლმა იფეთქა ვითარც ქუხილი. აგუნას ცრემლთგან აღმოცენდა ნორჩი მარცვალი კლდის ნამს ამოჰყვა წიპწიპას ნერგი, ქორფა ვით ცვარი სისხამ დილით ბალახს რომ ამკობს ფლირტით მაშვრალი, კვირტსაც მოისხამს იმედისმომცემს აგუნას განძი, სიცოცხლის მომგვრელ აურას მოჰფენს დაქანცულ ქვაბში. უცებ გაისმა ჭურის ძირში კვნესა მგორგავი გულისყურს რომ ხვრეტს ვით ტაძრის მრევლის მწველი ქორალი, წიპწიპის ნერგთან ჩასკუპულა შველი მშფოთვარი აგუნას ტყვეს რომ დასციცინოს თურმე ფორაქით. სწადდა საბრალოს რომ დაეცვა ვაზის ნობათი, თურმე აგუნას განუზრახავს დაღუპვა ნერგის, ოდეს ცდილობდა ვაზის ჩალპობას ღვინის ნალექში, მოკლავს აგუნა თვისსა განძსა, საფიცარს წლების?! წესი ყოფილა დაუწერელი ესე ამ ქვეყნის ვერ ეგუება ზოგიერთი თმობას გავლენის, ჰო, მის დათმობას ამჯობინებს თელვას ზნეობის, წლობით ნაშენებს ხელად გაცვლის ჟინში მეფობის. ჰოდა ეცადა შველი ეხსნა ზედაშეს ნერგი, რომ არ დაუშვას მისი ჩამარხვა ყურძნის ბლანტ თხლეში, მარდად მოჩიჩქნის ზედაშეს ნალექს წიპიწიპის ირგვლივ, რომ აღმოცენდეს მისი ნაყოფი დარად ამ ქვეყნის. აკი ვამბობდი, კვნესა აღმოხდა შველს კლდის ნაპრალში ძირს დაშვებულან ქარაფებიდან ქვების ნატეხნი, ბოლო შეტევას ცდილობს აგუნა თვის სამეფოში, შვლის ჩლიქს განგმირავს ის უღმერთო, თან ნერგსაც ერჩის. აზვირთდა ძალი, ხელად დაგრიხა საძმომ ჭაპანი, ჩაუშვეს ფსკერზე ვით გემის ღუზა, ჭურში ბაწარი. ჰადესის ელჩი ბადეს დაწნავს, ზედაშით ნაჟღენთს, ჭურს დააფარებს, ვით მზე ცას სხივებს, თვის ნაქსოვ ხლართებს, ცეცხლოვან თვალებს ესვრის ცვრიან კლდეს, ვით ალი ბუხარს, ცდილობს აგუნას თვის მწველი მზერით აწვნიოს ხურდა. აგუნაც ხვდება უკვე სულს ღაფავს, ვით თევზი უწყლოდ, ლაყუჩს რომ ძაბავს, კუდს რომ მოიქნევს თითქოს უმწიკვლოდ, ბოლო ცრემლებსაც გადმოაფრქვევს ქვაბულში უხმოდ, ნუთუ ინანებს განვლილ ცხოვრებას, განდევნის ბოროტს?! „ მედგრად დადექით ძმისგულნო, ჩვენზეა ახლა ქვეყნის ხსნა, ბოლო აკორდიც ჩამოვკრათ, როგორც გვჩვევია ლილეს თქმა, თოკს ჩავუყვები, რომ ვიხსნა ჩემი მამაცი შველუკა როგორ დაგვასწრო ამ ციცქნამ, ჩვენი საქმნელი გმირობა“ , გულკაცის ექო ამოჰყვა წნულ ბაწარს ჭურის ძირიდან, ღვინის და სისხლის სურნელი შერწყმულა იქ სანგვინისფრად. ფერმა ფერი ცნო, თუმცაღა ატომთ რწყმა არ სურს განგებას, ღვინო ღვინოდ და სისხლი კი, სისხლად დარჩება ამ ქვეყნად. ჰოდა დასძახეს ძმებმა ლილეო, მზეს რომ მიწვდება მქუხარე სითბო: „ლილეო-და, დიდება შენდა! სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ, დარჩი, ო, თეთრო მზეო, დიდება შენდა! შენ ხარ იმედი პირმშოთა შენთა! სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ დარჩი, მსხვერპლად შეგწიროთ ჯიხვი და არჩვი, სამთის ფერხულით გაგიძღვეთ წინ და ფიქალის კოშკი აგიგოთ წმინდა, რომ მისი მსგავსი არ იყოს არსად, ქორ-შევარდენი უვლიდეს გარსა, არწივი კრავდეს კამარას მაღლა, შუნი და ჯიხვი წვებოდეს დაბლა!“ (ხალხური ლილეო, სვანური - თარგმანი: აკაკი გელოვანი.) “შენ შველს მიხედე გულკაცო, არ დაიცალოს სისხლადა, დროს მიაქვს სიცოცხლის წამი, ნუღარ გავფლანგავთ ხელადა, წიპწიპის ნერგის გაკვირტვა, იმედს აანთებს ქვეყნადა ჩვენი მიზანიც ეგ იყო, ყურძნის გაფურჩქვნა ველადა. შენ მანდ უშველე შველს და ვაზს, ჩვენ აქ დავიცავთ კლდეკარსა, რომ არვინ მიჰყოს ძმობილო, ხელი ჩვენ მიზნის თელვასა“. ჩასძახეს გულკაცს ღვიძლძმებმა, ნუგეში ანთეს ჩირაღდნად, ჰადესის ელჩიც ჟღალ თვალებს ააგიზგიზებს კელაპტრად: “ერთობას მოაქვს აღმასვლა, ყველა საქმეში ანაზდად, აქსიომაა ძველთქმული, ვინც გაირჯება აღმა ხნავს. მშრომელ კაცს, ჭკუისმოყვარეს, ვერც მგელი ერჩის, ვერც კატა. პატიოსან და გამრჯე კაცს ყისმათიც უჭრის შარაგზას “. გამოსცრა სამთავა ძაღლმა, თან ხერხს უჩვენებს ქარავანს ცდილობს ლაშქარი გამოწრთოს, რომ არ დაქსაქსოს შამანმა, ელვარე მზერით განგმირავს ბანგით გაჟღენთილ კლდეკარსა მტერი ბოლო სვლას ამზადებს, განსჭვრეტს გველძაღლა კლდის ფარსსა?! გულკაცი შვლის დანახვაზე შეძრწუნდა, გაშრა ადგილზე, აწ უკვე მისი მეუღლე დავარდნილიყო ქვათლილზე, ცრემლი სდიოდა საბრალოს, ფეხი მოეტნა ლოდის ქვეშ ვარდნილ ლოდს ფეხი ეჭეჭყა, სისხლს შეეღება შფოთი კლდეც. ნარჩენი ღვინით წმენდილსა, ნერგს მოეღერა კისერი შესცქერის თავის მშველელსა, უნდა რომ მისცეს ნუგეში, შიშს აფრქვევს შველის თვალები, ლივიდური აქვს ტუჩები ამ ავი სცენის მხედვარე აგუნაც იფლო მწუხრებით. „ეს რა მოგსვლია გულისმზევ, თავს ვერ ვპატიობ შენს გვემას, არ მინდა ქვეყნისთვის ბრძოლა, მსხვერპლად ეწიროს ჩვენს გრძნობას, გამბედაობას გიფასებ გმირობის ტოლფას ქმედებად, თუმცაღა ღვინო ღვინოდ და, სისხლი სისხლად ქმნა განგებამ“. აღმოხდა გულკაცს გიჟურად, მყის სტყორცნა ლოდი განზედა, შვლის ფეხი სანგვინს შეეპყრო, საბრალოს ცრემლებს ადენდა, ხელთ აიტაცა მიჯნური, ბაწრით აზიდა გულაღმა, შვლის ამოყვანა მოასწრეს, დაუმუშავეს ჭრილიბა, ფეხს შეუხვევენ ძმები შველს, ქვაბის გზას კვალავს გველძაღლა, შველი მყის დასვეს მარხილზე, გამოარიდეს კლდეკარსა აფთარნი ებნენ მარხილში, შველს მიავლენენ დასტაქარს გზად თავზე ადგას სულტკბილი, შინ მიაცილებს მშვიდადა. შვებით ისუნთქა გულკაცმა, როს სატრფო იხსნა ავ ძალთგან, თვალი მოავლო ველურ ჭურს, ვაზის ყლორტს ნაზად გამარგლავს. ამ დროს კი ჰადესის ელჩი ცდილობს ავ ძალთა გაფანტვას, აგუნას ზრახვის ამოხსნას, მისი ნაცელის გაფარცხვას. ალის სხივს სტყორცნის ცხრაკლიტულს ქვაბში აჭედილს ჭერადა, მხოლოდ ელჩი თუ ამჩნევსო კლდეში დანამულ ხელადას მის კარს ქარბუქი გაანგრევს აღძვრილი ტყეთა რხევადა, როს აფოფრილან კლდის ირგვლივ, ცდილიბენ ძმათა შველასა, ხელადა ცრემლებს ინახავს ყურძნის მარცვლების წვენადა, აკი ცრემლებში აჯიშებს აგუნა ვაზის კელაპტარს. ჰოდა დადინდა ცრემლები ხელადას მსხვრეულ ტუჩთაგან, განთავისუფლდნენ ცრემლები აგუნას ტყვეობისაგან, ცრემლთა წიპწიპნი ჩასახეს, ძმათ მიზნის ასახდენადა აგუნა ქვაბულს ეცლება, მის სულს ჰადესი მწყემსავსა. „მადლიერებით აღვივსე, ძმებო როს ვხედავ თქვენ გარჯას, მოდით შემოვცხოთ ნადური, ნერგების გასამხნევადა. ჩემმა წიპწიპამ იხარა, იფურჩქნა ჭურის ძირასა მალე მეც თქვენთან ამოვალ, გეზსაც ავიღებთ შინათა, მშობლებსაც ჩავეხუტებით, გველიან ქვაბის პირასა საამურია სოფელი, ოდეს მოყვასი ფეთქავსა. „ ასძახა თანამესანგრეთ გულკაცმა გრძნობით დამწვარმა, ეს გული რამდენს დაიტევს სიყვარულსა და სიქასა?! „ შენ ოღონდ დროზე ამოდი, ჩვენზეა ლხინის მოწყობა, ჩვენი მიზნისთვის ფრთის შესხმა გულში აანთებს კოცონსა, ახალი ძალით ვამხნევებთ ერთურთს, თან დავწნავთ გოდორსა, ყურძენს დავკრიფავთ, დავწურავთ, მთაზე ავღმართავთ გოდოლსაც“. ჩასჭექა უტყვმა გულკაცსა, თან ძმას უჭიმავს ბაწარსა, სხარტმა მეორე ხმა მისცა, მედგრად დაიჭერს ჭაპანსა: „ჩვენი გზა თუმც ეკლიანი, მოიფინება ვარდებით ვისაც ეკალი აშინებს, ის გაებმება ბარდებში. ცხოვრება ველურ ყვავილს ჰგავს, აღმოცენებულს მინდორში, თუკი მას კაცი არ მოსწყვეტს, ჯორი გათელავს ჩლიქებით. ვისაც არ უყვარს სმა ღვინის, ის ვერ შეიგრძნობს ხმას სტვირის, ამ სოფლის შანსის დაჭერა მგონი შევძელით, რას იტყვით?!“ და დასცხეს ძმებმა მხედრული, ხმა სწვდა ცის თაღს და მთის კალთებს, სისხლი ასჩქებდა ძარღვებში, ვნება შეერწყა კლდის ჰაერს. „ხმალი მომეც და ხანჯალი აბჯარი თუნდაც ხისაო, მტერს უნდა გული გავუპო, წერა გავხადო ხმლისაო ვაჟკაცსა გული რკინისა აბჯარი თუნდაც ხისაო, თვალნი ქორებულ მხედავნი, მუხლები შავარდნისაო „ (ხალხური) მღერა არ ჰქონდათ დამთავრებული ოდეს აგუნამ იწყო ფართხალი, სულთმობრძაობას შეეპყრო იგი, უმართავ კრუნჩხვას მოეცვა მყისით, ჰოდა შეირყენ კლდის ქარაფები, დაიძრა ლოდთა რუხი ლაშქარი, დაუნდობელი შეიქნა ხვამლი, რისხვის ფარდაგი დაეშვა ქვაბში. მწუხარე ნისლი ჩამოწვა მთებზე, თითქოს გლოვობენ იერიშს ძმებზე, მთების კალთები მოიცვა სევდამ, ფრინველთ გალობა შეცვალა ქშენამ. ნუთუ განგებას მოკლე ხელი აქვს აღკვეთოს ცოდვა ბუნების ძალთა?! კლდეში უფსკრულად ჩაიხსნა ქვაბი, სანგვინის სუნი აიჭრა ცაში, საცოდაობის სცენა დაიდგა, ცნობიერება მის აღქმას სცდება, ქვაბულში ისმის დაჭრილთა დრტვინვა, ზოგს ძალა შესწევს, გაღმა მოკურცხლავს, ზოგიც ლოდების ქვეშ მოყოლილა ბედმა არგუნათ სულის დათმობა. ვინ დადგა ნეტავ ეს წარმოდგენა, ჰაგესი არჩევს სულებს თვის ლუკმად?! მიმოიფანტნენ ჯიხვნიც, აფთრებიც, ბედისწერას წერს ჭური ქვაბულსა, ჩაუხერგია ლოდს ჭურის თავი შიგ მომწყვდეულა გულკაცა ობლად. შეურაცხადად იქცა სამი ძმა, როს წარმოუდგათ ჭურის ძირს სცენა, ლოდს განეგმირა გულკაცის ფეხი, მის მკერდს აწვება ქვალოდი რისხვად. ეტაკნენ ძმები ჩახერგილ ლოდსა რქებით უნდათ რომ დასძლიონ ბოღმა, მაგრამ ვაი რომ ცდა ამაოა ლოდი ჯიუტად არ თმობს მტკაველსაც. „ გამაგრდი ძმაო, მალე გიშველით შენ შემოგევლოს სიცოცხლე ჩვენი, იქნება შევძლოთ შენთან ჩამოსვლა გადავაგოროთ ვერაგი ლოდი, ჭრილობას ხელად დაგიმუშავებთ, სახლისკენ გავწევთ, სად გველის ქველი“. სასოწარქვეთით იგმინა უტყვმა, ცდილობს რომ ჩაყვეს ჩაშვებულ ბაწარს მაგრამ ვაი რომ ჭურის ყელს და თავს ლოდი დაეცა და მის პირს ფარავს, დარჩენილ ხვრელში, ბაწრის გარშემო მხოლოდ მზის სხივი აღწევს მალულად თითქოს უნდაო გული გაუთბოს ლოდქვეშ წაქცეულ ბობოქარ გულკაცს, თან ნორჩ ვაზის კვირტს ეკეკლუცება, ოქროსფერ სხივით უკოცნის პწკალსა. ქორფა ნერგი კი პწკლით თოკს ეხვია, თითქოს უნდაო მზეს აჰყვეს ცადა. ლოდის გარშემო მებრძოლნი ჯგუფდნენ ძმებს მხარს უბავენ ჯიხვის საშველად, ხვამლის კლდის ნატეხს, დაძვრაც არ უნდა გაჯიქდა უშნოდ, მზის სხივებს ლანდავს. „ვაზი ვახარეთ, ვათავისფლეთ, აგუნას მივცხეთ, განძიც ვიბრუნეთ, ვერ ამიხსნია რატომ გვიმუხთლა ასე სასტიკად ხვამლმა მის სტუმრებს. ჰადესის ელჩიც გაქრა უგულოდ თვის სამფლობელო წერამ შეიპყრო, ნუთუ გულკაცის წაყვანა უნდა თვის სამეფოში სულთა საამოდ?! „ სულის სიღმიდან აღმოხდათ დრტვინვა, ძმებს აღარ ედოთ სახეზე ფერი, ამაზე მწველი რა უნდა იყოს: შველა შეგეძლოს ძმის წაქცეულის, თუმც ვერ შველოდე მხოლოდ იმიტომ რომ ვერ ძალგიძდეს მისვლა მის ფერხთით. ანგელოზები ცად როს პურობენ ირჩევენ თურმე მიწაზე გმირებს, მათ გამოწვრთნიან, თან მფარველობენ, სწორ გზას აჩვევენ ვით ჯოკეი ცხენს. ეჯიბრებიან თურმე მფარველნი ვინ უკეთ სტყორცნის შეგირდს მიზნისკენ, ანგელოზები ერთურთსაც სცდიან, ეხმარებიან ერთმანეთს კიდეც. ჰოდა რჩეულ გმირს თუ გაუმართლა მცველთა ანსამბლი ფარავდეს იქნებ. თუკი აუსხლტა შეგირდს ნაბიჯი არ აყვედრიან დახმარების ხელს. თუმცა ანგელოზს ბეწვის ხიდზე სვლა ხანგრძლივად თურმე არ ეხერხება თუ კაცმა სცადა მრუდედ სვლა ხშირად, ხიდი ფეხებქვეშ მალე გაცვდება, ჰოდა ეს ბეწვი თურმე თუ გაწყდა ანგელოზთა ცდა იქ უძლურია. კაცსა ტიალსა, ოხერტიალსა ვაი რომ სჩვევის ზეცის ძალთ ცდენა, მაშინ მფარველის ნების გაცვეთა აკი უჯდება კაცს განსაცდელად. „იყარე ტანი ჩემო ნანატრო, ჩვენო იმედო ვაზის ლერწამო, აჰყევი ბაწარს, მზის სხივს ეწაფე, შენი ნაყოფით მოძმე ახარე. მტერსაც ასწავლე ვისი გორის ვართ, სიდან მოვსულვართ, რა გვისწავლია, ისიც უთხარი რომ ჩვენი გული კარგი კაცისთვის ნაღდი განძია. მზეო და წვიმავ თქვენ გვერდში დგომას ახლა მოველი როგორც არასდროს, რომ არ მოაკლებთ ჩვენ გარჯის ნაყოფს თქვენს მზრუნველობას, არც წყალს, არც სითბოს“. შეჰვედრა ზეცას ლოცვით გულკაცმა, შვება ეფინა თურმე მის სულსა, მზეც ჩაეფინა ღრუბლებში მორცხვად ჩუმ ცრემლს იწმინდავს, ჰფენს ცისარტყელას. კაცის ცხოვრება ლაგამზე კიდია, ვარსკვლავებიც ხომ ლაჟვარდის მითია, მიჰქრიან ქარები, ზარებიც კივიან, არად დაგიდევენ შენს ოფლს, შენს გულისთქმას. ჯობს გაიღიმო, მზერა წინ მიაპყრო, შენი თვალები ხომ შენ სათქმელს ამბობს. და თუ ვერ შეიცნეს ეს შენი რითმა-შნო ჟამს ვერვინ უგებს, წუთიც არ იდარდო. დროსთან ჯიდილში თუ გაწრთე სიყვარული, ჩათვალე გიცხოვრია, არ გქონდეს სინანული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი