მე დავბრუნდები
მე დავბრუნდები, ლექსებად მოვალ, როცა ცას მთვარე ზღაპრით აბრუებს, როცა კრწანისზე ყაყაჩოები ისევ სისხლისფრად თვალებს ატყუებს, მე დავბრუნდები, მე თქვენთან მოვალ, როცა გოლგოთას რეკენ ზარები, როცა სამშობლო ქუდზე მოუხმობს მამულიშვილებს გულ-შემართებით. მე დავბრუნდები ცისკრის რიჟრაჟზე როცა მზე შუბის წვერზე ამოვა, როცა ბახტრიონს აელვარდება ქართული გორდა და ორლესულა. მე დავბრუნდები გმირთა ძახილით, როცა დიდგორზე ქრიან ქარები, როცა ცხრა ძმასთან გვერდით დადგება ქართველი დედა, ამორძალებით. მე არც წავსულვარ, მე მუდამ აქ ვარ, ნუ შეგაშინებთ თქვენ ეს მანძილი, ვიცი არასდროს დაიკარგება ქართველი ქალის წმინდა მანდილი. მე დავბრუნდები, მოვალ იებად, მოვალ მტრის რისხვად, გასაცილებლად, მე დავბრუნდები ცაში აჭრილი, საქართველოსთვის ლოცვად დაღვრილი, არ იფიქროთ რომ მარტო დაგტოვეთ, მე საქართველო თქვენ დაგიტოვეთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი