გლეხის ხელები


გლეხის თვალები დაფიქრებით ზეცას გაჰყურებს,
ღამე-გატეხილს ალიონზე გამოჰყვა დარდი,
გადაღლილ სახეს, ცხოვრებისგან გამოვლილ გზაზე
შემორჩენია მძიმე შრომით ნატანჯი კვალი.
გლეხის ხელები - დაკოჟრილი, ბუნებას ებრძვის,
დაღარულ გულზე ჭრილობები გამოსჩენია,
მიწაზე შრომით ბუნებასთან მართავს საუბარს
და ალიონი უფლის ნების დაუდგენია.
სიცოცხლის ნაპირს მოთმინებით უმზერს იმედით,
გზა გასავლელი ცოტა კიდევ შემორჩენია,
ვისთვის გლეხია, ვისთვის - მამა, პაპა-ბაბუა,
ვისთვის იმედი და ცხოვრების საძირკველია.
გლეხის თვალები დაფიქრებით ზეცას გაჰყურებს,
ალალი შრომით ცხოვრების გზა გაუთელია,
სევდანარევი, სიყვარულით აღვსილი გულით
უფლის იმედად მრავალი დღე გაულევია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი