ისევ...


ისევ მოვიდა ზაფხული,
დღეს ცაც ისეთი ფერია
უწინ რომ სხივით ათბობდა
და სითბო შემოკლებია.
ისევ იფეთქებს მაყვალი,
ჩქერში კალმახი სხლტებიან,
მინდორში ია-ვარდები
ალიონს ეგებებიან.
მთის პირას, ბარის მიჯნაზე
ბავშვნი სიცელქით ტკბებიან,
სულ სხვაა აქ სიყვარული
ბალახიც სულ სხვა ფერია.
ისევ მოვიდა ზაფხული
და ცაც ცისფერი ფერია,
ღრუბლები მიმოფანტულან
და სიყვარულით ტკბებიან.
ქალაქში ხალხი ფუსფუსებს,
გულს სითბო შემოკლებია,
ბავშური, ცელქი გრძნობები
ოცნებებს შემორჩენიათ.
კლდოვანებს ჯიხვთა ჭიდილი...
კლდეს ორთავ დანანებია,
სიკვდილიც დაღონებულა,
სიცოცხლე შებრალებია.
ისევ მოვიდა ზაფხული,
ცაც ისეთივე ფერია,
ხალხია მხოლოდ შეცვლილი,
გრძნობები გაუთელიათ...
თითქოს დრო წრეზე ტრიალებს,
გზად ხალხი შემოკლებია,
ისევ მოვიდა ზაფხული,
ცაც უწინდელი ფერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი