90-იანები
მე ისევ მახსოვს სევდიანი დედის თვალები, ღამენათევი, დაფიქრებით უმზერს ალიონს. მე ისევ მახსოვს მამის სახე დარდებ-ნარევი, მძიმე შრომისგან გადაღლილი ძილმა დაიპყრო. მე დილაც მახსოვს თოვლიანი, თეთრი საბანით, მხოლოდ მზის სხივი რომ ათბობდა სახლის ამბიონს. მე ქვაბიც მახსოვს ცარიელი, ძირ გავარდნილი და ოცნებები ნაღვლიანმა - ფიქრმა წაიღო... ბავშვობა მძიმედ გაილია, გაფრინდა წლები, სევდამ და დარდმა უდარდელი გული დაღარა, მოგონებებზე მახსენდება მე დედის ცრემლი და მამის სახე სევდიანი... თმებში ჭაღარა... უკვე შორიდან, მოსაყოლად ვიხსენებ ყრმობას, გზა გათელილი აწმყოს კვალად გამოსდევნია, ვერ შეაშინებს გულს ცხოვრების მკაცრი დინება გამობრძემიდილა, გაჭირვებას არ გაქცევია... დედის თვალები სიყვარულით გზას მინათებენ, ცოტა ასაკი შერევია... არაფერია... მამის ხელები დაკოჟრილი იმედს მინთებენ, მშობლებთან ერთად მძიმე ჟამი დანაძლევია... ვისთვის ცხოვრება ჭიდილია ყოველდღიური და ვისთვის კიდე ყოველივე - არაფერია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი