ცხადი თუ სიზმარი


დღეს კავკასიონს ებურა ნისლი,
მისძინებოდა ფიქრში მთაწმინდას,
დაუდგრომელი ვაჟკაცის გული
ამაოებით სულ გაირინდა.
მთიან ხევსურეთს მზე დაწვა თითქოს,
სვანეთის კლდოვანს გაქრნენ ჯიხვები,
აღარც ჭიუხებს აღარ სტუმრობენ
გულანთებული ქართველთ შვილები.
ალაზნის ველზე ჭაობი მოსჩანს,
კახეთის ფერდობს ხმება ჭადარნი,
შემოჰკლებია ლომგულთა მხარეს
მხარშემართულად მტერთან თამაში.
მესხეთის ქვაბულთ ხავსი ბატონობს,
ფალავანთ მხარის გაქრა დიდება,
მიძინებულა ბუმბერაზთ გულში
გაუტეხავი სიტყვის მიცემა.
არც დასავლეთის არ ისმის ქება,
ფეხით მავალის სტუმრად მიღება,
თითქოს გამქრალა უძლეველ გენში
ღვთის ერთგულების გამოვლინება.
დღეს კავკასიონს ეხურა ნისლი,
თითქოს სიზმარში იყო მთა-წმინდაც,
ვერ გავარკვიე ცხადად ვხედავდი
თუ მხოლოდ სიზმრის იყო მხილება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი