ანდერძი


ბრალს თუ დამადებთ
ნუ გამაკრავთ იმ სამსჯავროზე,
სადაც ხალხთაგან
მაცხოვარი იყო ჯვარს ცმული,
ეკლის გვირგვინი არ დამადგათ,
არც ძმარი მასვათ,
უფლის პატივი დღეს არ არის
ჩემთან საყოფი...
ვერცხლზედ ნუ მყიდით,
ჩემი წილი შავი მიწაა,
ტილოს მაგივრად
მომახვიეთ ძველი ნაჭრები,
არც ფეხსაგებად არ დამიდოთ
ნორჩი ყლორტები
ბალახიც კმარა, გადამხმარი
ხეთა ტოტები...
ბრალს რომ დამწამებთ არ გამცვალოთ
არც ავაზაკზედ,
ჩემი ცოდვებით უწინარეს
მასზე დავდგები,
ცრემლსაც არ ვითხოვ, არ დაღვაროთ
არ შეძრათ არე,
ჩუმი ვედრებით თავდახრილი
ღმერთთან წარვსდგები.
არც ხატი შექმნათ, არც დიდება
არ მინდა ქვეყნის,
არ მიაყაროთ ჩემს საფლავზე
ია-ვარდები,
თუ კი რამეს იქმთ - პატივ ეცით
უფლის ნაშიერს,
დანაპურები გამიხსენებს
კეთილ საქმეში.
ბრალს თუ დამადებთ, ნუ გამაკრავთ
ძელზედ თამამად,
არ ვიმსახურებ განდიდებას
ჯვარის ნათელით,
თოკზედ დამკიდეთ, ან მიმაგდეთ
მგლებთა საჯიჯგნად,
ცოდვილ ცხოვრებას შევალიე
დრო განავლელი...
შენდობას შეგთხოვთ... ვერ ვივარგე,
ამაოდ ვიყავ,
უფალი მიცდის... სასუფეველს
რეკენ ზარები,
ოქროს არ ვითხოვ, არც დიდების არ მინდა ძღვენი,
მომიხსენიეთ მე ცოდვილი
კეთილ საქმეში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი