დედა სამშობლო...


ტიროდა დედა სამშობლო
ცრემლები წვიმად ცვიოდა,
ტიროდა ზეცად მშობელი
გულს ჯანღი ჩამოსდიოდა,
დარდებით დაბერებული
კავკასიონი ფიქრობდა...
ბარს ნისლი შემოჰფენია
მთა ღრუბლებს მიღმა ფხიზლობდა,
ღამე უმთვაროდ ნათენი
ალიონს ცეცხლად იწვოდა.
სიზმარი იყო თუ ცხადი,
იყო ერთგვარი მხილება,
მუხლებზე ლოცვად დამდგარი,
თვალს ცრემლი ეფინებოდა.
რეკდნენ სამრეკლოს ზარები
ხმა ზეცით - მიწად ისმოდა,
დედა ღვთისმშობელს იესო
მეოხად ევლინებოდა.
უცებ იყუჩა ბუნებამ
ცას ცრემლი აღარ სდიოდა,
სად გორველა და შუღლია
ია-ვარდებით ირთვოდა,
მთვარემაც გამოანათა
ვარსკვლავნი ღამით ფხიზლობდა,
ალიონს ზეცად სხივები
ბარად გალობა ისმოდა.
მთათა კლდოვანის იწრობებს
ჯიხვები ჯოგად ვიდოდა,
ჩქერებს კალმახი სხარტულა
ალისფრად ეფინებოდა.
ქართველი სიტყვად ფასობდა
სიტყვა კაცური ითქმოდა.
ეს იყო უფლის განგება
ყველა მის ნებად იქმნოდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი