წითელი პარასკევი


უფალი გვიხმობს... სამსჯავროზე დგენან ცოდვილნი,
უმანკოს სისხლი განსასჯელად წარუდგენიათ,
ცილი დასწამეს, არ დაინდეს თავის ძმობილი
და დასასჯელად ჯვარზედ გაკვრა დაუდგენიათ.
უფალი გვიხმობს... გლოვობს ზეცა, დედას ცრემლი სდის,
თავის საშველად ერთი სიტყვაც არ დასცდენია,
წითლად შეჰღებეს უსჯულოთა სუფთა გულები
იუდა ხარობს, ვერცხლის ჩხრიალს დაჰხარბებია.
დღეს სამსჯავროზე წარადგინეს წმინდად შობილი,
უმანკო დედას თვალს ცრემლები გადმოსდენია,
ჯვარზე გააკრეს ზედიური მადლით მოსილი,
და სამდურავად ერთი სიტყვაც არ დასცდენია.
მაშინ ჩვენც ვიყავთ, ჩვენც გავრიეთ ხელი საქმეში,
ზოგს იუდასი, ზოგს ჯალათის ცოდვა გვეწია,
ზოგმაც ლოცვებით განიცადა დედის ტკივილი
და მადლმოსილი უფლის ნებას დასთანხმებია.
დღეს წითელია პარასკევი, ტირის ბუნება,
დედის ცრემლები გამოუთქმელ ტკივილს ჰყვებიან,
ასე ყოფილა დანაწერი მამა ღვთის ნება,
ვერავინ შეცვლის რაც განგებით დანადგენია...
....................................................................................
დღეს წითელია პარასკევი, ზეცას ცრემლი სდის,
მალე აღდგომა... ცეცხლის ალით მადლი გვწვევია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი