ქართულად
ქართველებო ყველგან ვწეროთ ქართულად, ასო-ასო ამოვქარგოთ წლები, განვლილი დღე ისტორიას დავუთმოთ, აწმყოს ვანდოთ ხვალის იდეები. მომავალი თუმცა ბინდით მოსილი, ოცნებების ფარდით შემოსილი, უცნობია მისი გზა და ფიქრები, განგებაზე არის მინდობილი. ციხე-კოშკებს მიუვალი ბილიკი უცხოთათვის რთულად გასავლელი, წინაპართა სისხლით გამონაჭედი ქართველთათვის რწმენით დასაძლევი. ვაზის ყლორტებს ისევ ასდით სურნელი, რქაწითელი მოფერებას ლამობს, ალიონზე მზის სხივებთან მოელის დაკოჟრილი ხელით ნაცნობ ამბორს. ბობოქრობის მოეწევა ფაზები, დაწურილი ამოფრქვევას ლამობს, დადუღდება და სიმაჭრის პერიოდს სიყმაწვილის დღეებს გადაანდობს. ქართველების გაიშლება ნადიმი, სიყვარული მთელ ცხოვრებას ამბობს, ტრადიცია - ჩანერგილი ბუდიდან უფლის მადლით უკვდავებას გვამცნობს. ჩქერში ისევ იბუდება კალმახი, ჭიუხებში ჯიხვი დანავარდობს, ფერდობებზე ქორბუდას ვერ ველევი, მისი ხიბლი გულს სიცოცხლეს ამცნობს. ქართველებო - ყველგან ვწეროთ ქართულად, საქმით, სიტყვით და ცხოვრების გზებით, მომავალ დღეს დავახვედროთ პასუხად ქართველობა - ბრძოლით ნაჭედები. გული ისეც სიყვარლით ბობოქრობს და საგულეს გაუმართავს ფრონტი, ყოველი დღე ღვთის დიდებით იწყება იწერება უკვდავება სტროფით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი