განდევნილი წყალობა
ჩვენადვე ვდევნით სილამაზეს, გასაზრდელს ქვეყნად უფლის განგებით გასახარად მონანდობია, წყაროს წყალივით კამკამა და სათუთი კლერტად, ვაზის რტოსავით უძლეველი ფესვთა შტოშია. სითბოს მაგივრად, სიყვარულის ნაცვლად გრძნობების, ღვარძლი და შური მრუდე საქმით მოგვითოხნია და სპეტაკ თოვლზე დაობლებულ იად გაზრდილი ღვთით ბოძებული სილამაზე დაგვიტოვია. ნაყოფად ველით ოქრო ვერცხლის ხონჩებს დიდების, თუმც დიდ საზურგეს მეფეებიც მოუყოლია, ერთი სიწმინდე მოგვებარა უფლისგან ნებად, უგუნურებით, ბნელი საქმით გაგვიქოლია. მზის სხივებს ვნატრობთ, განათებას ვნატრობთ ღვთის ნებით, წყალობას ვითხოვთ, მაგრამ გულით არ გვილოცნია, ოქრო და ვერცხლი?! - ხარჯი არის ურჩი ქმნილების, სწორი გზა გვერგო და ამ გზაზე არ გვიცხოვრია. ჩვენვე განვდევნეთ სილამაზე სახარი ქვეყნად, შური და ბოღმა ეკალ-ბარდად მოგვიპოვია, სიმდიდრის ძებნით დავივიწყეთ ათივე მცნება, იმედის ბოლო კელაპტარიც ქარს გაჰყოლია... იუდას მსგავსად დაგვაბრმავა ვერცხლის სურვილმა, სმენა დავახშეთ, გული კიდე ქვა და ლოდია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი