მომავლის ბრძოლა


ჩამონგრეულა კედლის კიდენი,
ციხე-გალავანს აღარ აქვს ფასი,
დათარეშობენ ნაცნობ მხარეში
უცხო-ტომელთა ჭაბუკთა დასი.
ყაყაჩოები კრწანისის ველზე
თავჩაქინდრულად უმზერენ მიწას,
მზე სხივებს გვჩუქნის, მაგრამ სხივები
ვეღარ სწვდებიან სასურველ მიზანს.
მანდილს რატომღაც დაედო მტვერი,
დაფარულია აბჯარი ქსელით,
ფანდურს სიმები მოსდუნებია,
გაცივებულა კერაზე კვერი.
მორღვეულია ძველი ბილიკი,
კარ-მიდამოზე ჯეჯილობს ღვარძლი,
მონატრებიათ დაკოჟრილ ხელებს
მოალერსება ნაზარდი ვაზის.
კაცის სიტყვაში ჩაკვდა ღირსება,
გაქრა ქართველთა საქმით მხილება,
მხოლოდ მცირედში მოიძიება
დაუდგრომელი სისხლის დინება.
ეს საუკუნის არ არის ნება,
არც ქალ-ვაჟური კეკლუცის ბრალი,
ოქრო და ვერცხლზე დახამებულმა
ორთავ გაყიდა თავისი თავი.
ჩამონგრეულა სახლის კიდენი,
თუმცა კანდელი მქრთალად კიაფობს,
იქნებ ჩვენა ვართ რიგით პირველნი
ვინც ახალ გზაზე მართლად იაროს?!
კვლავ შესაყრელად მოგვიხმობს ზეცა,
ნანგრევ ქოხმახში აკვანს თლიანო,
მძიმე ბრძოლაში გვიფარავს დედა,
რომ ეს კოშმარი გავატიალოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი