საქართველო


მისტიურია ეს ჩემი მხარე,
მთათა ხეობებს ფარავს ნისლები,
დასძინებიათ წამომდგარ დევებს
კავკასიონის ქედს გარინდებით.
ნისლთა სამყოფელს სიცოცხლე ჰყვავის,
საოცრებაა წალკოტი ღვთისა,
ედემის ბაღის ნაზი ჰანგები
შორიდან ესმის ალიონს მღვიძარს.
მისტიურია ეს ჩემი მხარე,
ჭიუხებს ლაღად ნავარდობს ჯიხვი,
მთათა ბილიკნი მიგვიძღვის ბარად
- ბარს საამური სიმღერა ისმის.
აქ სხვაგვარია ქალ-ვაჟთა ტრფობა,
ქალი - ღვთისმშობლის ხატებად ვიცით,
ვაჟი - ბუნებით შეუდრეკელი
წმინდა გიორგის სახელით იბრძვის.
ოთხი კუთხე და ოთხი კულტურა,
ბუნების ოთხი სხვადასხვა წყება,
აქ უდაბნოა, აქ წალკოტია,
აქ მთა გიღიმის, ზღვა გეფერება.
სტუმარ-მასპინძლის სულ სხვა აქვთ წყობა,
მოსულთ ხალიჩად უგებენ გრძნობას,
თავმდაბალია სტუმრად მისული
და მასპინძელის წინაპრებს ლოცავს.
ერთურთის შეყრით გულნი ხარობენ,
ტრადიციული შემორჩათ ყოფა,
ყოველ საქმეზე უფალს მადლობენ,
განსაცდელებში არ მიატოვა.
მისტიურია ეს საქართველო,
მრავალი წელი უწევდა ბრძოლა,
ათასი გენის მტერი მოვიდა
მაგრამ ვერავინ ვერ დაამონა.
ვერ დააჩოქა მლოცველი დედა,
ვერ შეათხელა ვაჟკაცთა მოდგმა,
გლეხის მარჯვენას ვერ მოერია
და ვაზის ყლორტთან ვერ იბატონა.
აქ დედა ღვთისა - დედაა ერის,
აქ დედა ენა - ფუძეა ენის,
აქ დედა ბოძი - სამშობლოდ გვესმის
სარწმუნოება - იმედი ჩვენი.
მისტიურია - კუთხე ყოველი,
სისხლის წვეთებით მორწყული არე,
ეხლა თუ ჯანღი შემოგვჩვევია,
გვჯერა, რომ ისევ გამოიდარებს.
კურთხეულია ღვთით - საქართველო,
გერგეთის თავზე რეკენ ზარები,
სამების მადლით გაბრწყინებულნი
დაიზრდებიან გმირ ქალ-ვაჟები...
..........................................................................
მადლიანია ჩვენი სამშობლო...
ამაყნი - მდაბლად ვემსახურებით...

ვ. ადეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი