იქნებ გავფრინდეთ
ცათა მიჯნაზე შეიძარცვა მხრებზე მანტია, იქნებ ავფრინდეთ მზის სხივებთან დილა ადრიან, გზის გასაყარზე გადმოვყურებთ ღრუბელთ ნამიანს, ღრუბლების დაბლა ქალაქია, შუქნი ანთია. წამით დავტოვოთ მიწა - ფულით გაუძღრომელი, გულს ავუხდინოთ საწადელი დაუცხრომელი, თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც შევკრათ კამარა და ავიწიოთ სიმაღლეზე ღმერთის ამარად. ჩაძინებული გადმოგვყურებს ზეცით სიონი, დაფიქრებულა წარბშეკრული კავკასიონი, ციცაბო კალთებს ოხშივარი ასდით ნისლებად და იძირება გული ფიქრში განარინდებად. ფიქრით გავფრინდეთ, განვიძარცვოთ ხორცის დიდება, ფულის მოხვეჭა არ ვაქციოთ მთავარ დილემად, ციდან სამ მეტრზე და მიწიდან ღრუბლებზე მაღლა გავინავარდოთ სიმსუბუქით მზის სხივთა დარად. ცათა მიჯნაზე ციაგებენ ცისკრის სხივები, მიმქრალი მთვარე ელოდება პირველ ალიონს, წლები - ცხოვრების განსაცდელით დანამძიმები, ცად აწეული - ცელქმა სიომ ფიქრად წაიღო... ცათა მიჯნაზე განიძარცვა ჩვენი მანტია, ვცადოთ, ავდრინდეთ მზის სხივებთან დილა ადრიან, გზის გასაყარზე მივეგებოთ პირველ ალიონს ჩვენი ერთობა მიწამ და ცამ ორად გაიყოს... ვ. ადეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი