სვეტი ცხოველი (სვეტიცხოველი)


და როცა მოხდა სამსჯავროზე შედგომა ერის,
ტანისამოსი შემოძარცვეს ბინძურის ხელით,
წილი იყარეს, შუას გაჰყვეს, წაიღეს სახლად,
ერთი ნაწილი საქართველოს მიწას ეახლა...
დედაომ გულით ჩაიხუტა სხეული უფლის
და აღესრულა... აღარ გასცა სიწმინდე რჯულის.
ასე დაკრძალეს... მიაბარეს ის ქართულ მიწას,
მრავალი წელი დაეძებდნენ შემდეგ მის ბინას...
გავიდა ხანი... საუკუნე დადგა ნეტარი.
სიწმინდით მყოფი წმინდა ნინო მცხეთას შემდგარი
ლიბანს გაჰყურებს... შვიდი ნაძვი ზეცას აჰყურებს
და შვიდი სვეტი ტაძრისათვის შეჰკრავს საუნჯეს...
ექვსი იმართა... სადაც სურდათ იქ აღიმართა,
მაგრამ მეშვიდე მიწას იდვა - კაცმა ვერ დაძრა...
მრავალი ცადეს... მოიშველეს მრავალი ხელი,
ვერც საკიდარით ძვრა ვერ უქნეს, ურჩობდა სვეტი
და ღამე ბნელში, სიმარტოვეს დამდგარი მცველი
სილუეტიღა ჩანდა მხოლოდ მლოცველი მხევლის...
უცებ ნათელი... ანგელოზი ეწვია ციდან,
სულ სამი სიტყვა... და უძვრელი სვეტი დაიძრა
და აღიმართა იმ ადგილას, სად უწინ იდგა
კვართი უფლისა სვეტმა არად არ დაივიწყა...
სასწაულები აღესრულა, კურნება ერის,
ქვეყნის მლოცველნი ისწრაფვიან შეხებად ძელის...
რა არ იღონეს უგუნურმა... ფიცარიც აკრეს,
როგორ იფიქრეს რომ უფლის მადლს ტილო აკავებს?!.
იმ დღეს ცა იძრა... აღიმართა ხის ძელი ზეცად,
ვერ დაძრეს მანამ, არ ინება უფლის განგებამ
და ნიშანია... იქ აიგო კომპლექსი ვრცელი - 
- სვეტიცხოველი საქართველოს მრავალგზის მცველი...
უფლის კვართი და სვეტის ძირში დედაოს სძინავს,
მოთმენით ელის საქართველოს კვლავ გაბრწყინებას
და უფლის ნებას მინდობილი უფლის კვართს იცავს,
ცად აღმართული ნათელი სვეტის სიწმინდით ბრწყინავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი