კაკალიდან მუხამდე


კაკლის რტოდან მუხის ხემდე
გასავლელი ბილიკები,
არის მთელი ისტორია,
სევდიანი ღიმილებით.
კაკლის რტოსგან მოქნილ აკვანს,
იავ-ნანას სულ პატარას
დედის სითბო, სიყვარული,
მზრუნველობა შვილზე ახლავს.
მუხის ხიდან ანათლელთან
ჰოი ნანა... გულთა-თანა...
ცრემლი, დარდი, მონატრება
თან ერთვის და მიაქვს სადღაც...
ორი ხე და გზა მათ შორის,
ბოლოს ტირე დაიხაზა,
სულ მცირედი მონახაზით
ცხოვრების გზა აისახა...
კაკლის რტოდან მუხის ხემდე
დრო უეცრად გაილია,
იავ-ნანა... ჰოი ნანა...
ისევ გვიხმობს დედასთანა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი