მთიელი ბოკვერი
მე, მთიელი ბოკვერი ვარ, და მთიელად ვრჩები, ვიღრინები, როცა მესმის ტურა-მელას ხმები. ვბორგავ, ვყმუი, ვიფოფრები, ვიცავ მიწას ქართულს, ჩემი თათის ლოკვა მიჯობს, უცხო სადილს - ზღაპრულს. მე, მთიელი ბოკვერი ვარ, მტერს დავაყრი სიცილს, ძაღლივით არ დავძუნძულებ, არც დავიწყებ ქიცინს. ყველაფერი მიყვარს მარად - რასაც ჩემი ჰქვია, თითქოს მქონდეს მონახვედრი მონადირის ტყვია. მე, მთიელი ბოკვერი ვარ, სიტყვა მიყვარს სწორი, დე, განსაჯოს მომავალმა, - ტურა ვარ თუ ლომი! ჩემს სამშობლოს შესევიან, დაუნდობლად ღრღნიან, ქართულ სულში შეპარულან, უსირცხვილოდ რყვნიან! ვერ დავუთმობ ჩემს მიწა-წყალს, მონაპოვარ ქართულს, ჩემს მომავალს, აწმყოსა და თმაჭაღარა წარსულს! მე, მთიელი ბოკვერი ვარ, და გუშაგი ღამის, ვღრიალებ და ვიღრინები, შიში არ მაქვს არვის! რაც დამირჩა საბრძანისი, გამიყიდეს ლამის, დღესაც ისმის ხმა შიგნიდან, გატეხილი კარის! აკი ვთქვი, რომ ვერ დავუთმობ მე ცოცხალი თავით, თუნდ ჩამაგდონ საფუტკრეში, თაფლწასმული ტანით! მე, მთიელი ბოკვერი ვარ, გავარდნილი მეხი, ხელი მთისკენ გამიწვდია, ბარშიც მიდგას ფეხი! ფარნავაზის, გორგასალის, დავითის და თამარის, ბრწყინვალეს და სააკაძის, რისხვა ახლა სად არის! სელიმ ბეგის, მემედ ბეგის, და ერეკლეს სადარი, მტრის შიში და მრისხანება, საქართველო სად არის! მარადიულ ძილით სძინავთ, შოთას, ვაჟას, აკაკის, გარდაცვლილა საქართველო მაგრამ... მაინც აქ არის! მე, მთიელი ბოკვერი ვარ, და მთიელად ვრჩები, ჩემი ქვეყნის სიყვარულში ერთიანად ვდნები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი