აჭარა


დაგშვენდებოდა მეფობა,
სიტყვა შოთას და ხონელის,
შენ ვერ დაგხატავს ლამაზო,
ფუნჯი მხატვრის თუ პოეტის.

შენს ღრმა ხევებში ჩქაფობენ
კალმახიანი ჩქერები,
სამასჯერ შემოგეხვია
ნაცოდვილარი ხელები.

საყდრებმა ნამუსრევებმა,
ვერსად ვერ ჰპოვეს ალაგი,
სხალთაში შეხიზნულიყო
ანდრიას სიბრძნის მარაგი.

ღამეს უთევდნენ შენს ქართულს, 
სელიმი, ტბელი, ბერები,
ნენემ ბოხჩაში დამალა
ქართული ადათ-წესები.

რუსთველის ენას მალავდნენ,
მთებზე ქოხები სერული,
ობლად შთენილყო ვენახი,
მიწიდან ამოხვეული.
ყელგამომშრალი ჭურები
და დაქცეული მარანი,
შენს მთებში შეხიზნულიყო
ქართული ენის მარაგი.

ჭადზე მალული ჯვარი და 
ადათი შეურყეველი,
შენი მთებია პოემა,
მხარი-მხარ გადახვეული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი