ჩემო სამშობლოვ


ეჰ, ხელში როგორ მადნები,
ნისლში ირევა გზა-კვალი,
მალულად შემოგეზარდა
მტერი უჩინო, მზაკვარი.

აღარც დედლები დედლობენ,
აგვიკლო მამლის კრიახმა,
პურს ვეღარ აცხობს ხაბაზი,
გემო დაკარგა ხმიადმა.

დაცლილ, მდუმარე სოფლებში,
ვერ აღვწერ, რა წუხილი ძევს,
არვინ ახსენებს არაგველთ,
ცხრა ძმას და ანწუხელიძეს.

დღესაც ამაყი ავხედავ
გელათს, გრემსაც და ურბნისსაც...
იმ „ჩაკრულოსი“ ჭირიმე,
კოსმოსს რომ გადაუფრინა.

თუ მდიდარი ვარ, შენით ვარ,
ჩემია ცხრა მთა, ცხრა წყარო,
ცხრა და, ცხრა ძმა და ცხრა მუხა,
მამულო, ღვთის წილნაყარო.
სად ვპოვებ სხვაგან საგანძურს,
ასე მდიდარს და ღირებულს,
განა ქვეყნისთვის რა მოაქვს
კულტურას იმპორტირებულს.

მეჩვენება თუ ასეა -
მშობლიურ სივრცეს ვშორდებით?!..
ფეისბუქ-ინსტაგრამები,
ყოველდღიური ჭორები...

ვინ რას გაიგებს რა ხდება?
ვისა აქვს დიდი აიქი,
ვინმე ამიხსნის რატომ აქვს 
სისულელეებს ლაიქი.

ალბათ მზეც გაგიჟდება და 
დასავლეთიდან ამოვა,
მარსზე თუ ვაზი იხარებს
აქაც რაღაცა გამოვა.

ღმერთო, გაზარდე თაობა,
აქართველოს და ამშობლოს,
თითო-ოროლა, რაცა გვყავს
გვირგვინს დაადგამს სამშობლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი