იბერიის ქარცეცხლი
ცას მოელვარე ხანძარი მიწვდა, არმაზს აეწვა ბებერი კანი, კლდეს შეულეწეს სიპი კედლები, არ ჩანს ზადენი, ტიტანი ტანით. როს შეზანზარდა სასახლის ბჭენი, მოწყდა ორნამენტს ვაზის მტევანი, იბერთა სისხლით მოირწყა მდელო, ნაისის კერპი და ტახტრევანი. ღმერთებმა დათმეს ქართლოსის სისხლი, უძღვნეს ფეშქაშად პომპეუსს, მწირსა, მტკვართან დათხარეს თვალნი ქურუმებს, არსაით ჩანდა იმედი ხსნისა! ჯარისკაცების რომაულ ყიჟინს, ჯვარზე აცმულთა ერთვოდა კვნესა, აჭრიდნენ ნაწნავს ქართველ ქალს მაინც, ცის შარავანდი და ფრთები ესხა. ვერ ჩაცხრა მათი ჟინი ველური და სარკოფაგი აჰხადეს მეფეს, ძუით ათრიეს არტოკი მკვდარი, მცხეთის კარიბჭე მთლად გადათელეს. წაიღეს განძი იბერიისა, მონა სამასი ზედ დააყოლეს, მითრიდატეს და მაკედონელის თორანის პოვნაც არ დააყოვნეს. რომისკენ გაჰყვნენ გზას საქარავნოს, ცას აზრიალებს მონათა ბორგვა, იბერთა მეფე და დედოფალი იავარქმნილნი დაშორდნენ მოგვთას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი