*****


მითხარ, უფრო ფასი ვის აქვს?
უქონელს თუ მდიდარს,
მე უქონელს ავირჩევდი
ღირსეულს და გულადს.

რკინას ჟანგი მოედება,
ქვას კი ხავსი დაფარავს,
თმას ჭაღარა მოერევა
სახეს წლები დაღარავს.

ყველაფერი გაქრება და
ყველაფერი ჩაივლის,
საუკუნე დიდი მოსჩანს
მაგრამ წამში გაივლის.

დაინგრევა ცათამბჯენი,
დაინგრევა კოშკები,
ვერ გაუძლებს ჟამთა დენას
ზარზმები და ოშკები.

დაინგრევა დუღაბები,
ნაფერები ქებული,

პირამიდაც დაინგრევა
ქვა ქვაზე დადებული.

გადარჩება განა ციხე
გონიო და ხიხანი?
საყდრისი რომ დავინახე,
ლამის ვეღარ ვიცანი.

გადარჩა და გადარჩება
მხოლოდ კაცის გენია,
ნაღდი ლექსი, ნაღდი რითმა,
დროს რომ შემორჩენია.

გადარჩა და გადარჩება
შოთა, ვაჟა, ილია,
დიოგენეს ძველი კასრი,
ტაჯმაჰალზე ძვირია.

ამ ცხოვრების ჭრელა-ჭრულამ
წაგვლეკა და წაგვიღო,
ერთ ოქროზე ვიყიდებით
გული ორად გაგვიყო.

ღმერთი ასე გვეტყვის ალბათ,
- ჭკუა მოგეც, სხვა რა ვქნა?

ფეხიც, ხელიც მოგეცი და,
მაინც ფრინავ ქარდაქარ.

თუ ერთმანეთს არ ვეფერეთ
არ ვაკეთეთ სიკეთე,
ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნისთვის
ბინა თუ არ ვიკეთეთ...

მაშინ, როცა დაილევა
გასავლელი გზა-შარა,
სინანულით აღმოგვხდება, -
რა ტყუილად დავმშვრალვარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი