ბუხარი
ჩემი სოფლის ჭალიბოლოს არის დედეს ბუხარი, გულიც იქეთ მიმიწევს და სულსაც იქეთ უხარის. დედეს საარხატაშო, პურს და სიმინდს ახმობდნენ, მერე კაი ღვინოს სვამდნენ და ერთმანეთს ართობდნენ. იქ მუდამჟამს სუნი იდგა, ხვავის, რძის და ბარაქის, მერე მჭადში აზელილი ბევრი ძროხის კარაქის. ხინოურას, ქორიბუდას, ცხენიკბილას, ალაზნის, იქ სურნელი ტრიალებდა, ენა ამას ვერ ახსნის. ხის სუფრაზე გაწყობილი, ჩემი ნენეს მარაგი, - ჭყინტი ყველი, ღრმა ბორანო, პანტა მსხალის არაყი. ირგვლივ მუდამ ისხდნენ კაცნი, ყაბალახით, ქალამნით, არ უყვარდათ ატმოსფერო, მტვერიანი ქალაქის. ახლა მარტო დარჩენილა ჩემი დედეს ბუხარი, აღარც ცეცხლი გიზგიზებს და არც სიცოცხლე მქუხარი. შიგ ბინადრობს საუკუნე, მარტოობოთ მწუხარე, მხოლოდ ცივი ქვები წვანან გამურულნი, მდუმარედ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი