გაზაფხული
ჩემი სოფლის გაზაფხული როგორ მომნატრებია - მომღერალი „წყაროღელე“, დათოვლილი მთებია. ბერტულებზე მოწყვეტილი ჩემი სოფლის სხეული, ზექეთიდან ბალვანამდე ბრწყინავს მთებჩახვეული. ახალი მზე, ახალი ცა, თითქოს იშვა ახალად, გლეხი კაცის შეძახილი ხვავი ერთი ათასად. მათრობს ტყემლის ყვავილები ველზე თოვლად ნაყარი, დეკნა ძროხას მოჰყოლია, ხარ-კამეჩის მაყარი. ბოსელში ხბოს ბღავილი და სახლში ჩვილის ტირილი, ძაღლის ყეფა გადაბმული სერზე მამლის ყივილი. გორზე მზის ქვეშ გაწოლილი მომტირალე ნამქერი, თავაწეულ სამყურების ხალიჩების დამფენი. გადმოღვრილი ვაზის ცრემლი მამულს ესალბუნება, სულის მალულ სიმებს არხევს ჩემი სოფლის ბუნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი