კოკობილი
...და მივადექი კოკობილის გორს, უკან დამირჩა ჭალის ფერდობი, მოდი, გაჩვენო, რა ლამაზია, ამ საოცრების ხილვით ვერთობი. მოდი... გაჩვენო როგორ ინახავს, ბავშვურ ნაკვალევს მიწა-ნაცარი, მე ერთი ძარღვით წარსულში ჩავრჩი, შვილივით ვუვლი ახლა რაც არის. წამო, დავლანდოთ ცელქი წარსული, ვეღარ დაღვინდა, არის მაჭარი, აქ დაიგრიხა ჩემი ცხოვრების ამოხვეული ყაჭის ბაწარი. აქ დანთებული ჭიაკოკონა, ახრამუნებდა წუთებს უნდობლად, თითქოს უნდოდა სევდით ავევსე, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ უნდოდა... კვლავ მივადექი კოკობილის გორს, უკან დამირჩა ჭალის ფერდობი, მოდით, გაჩვენოთ, რა ლამაზია! მე ამაყი ვარ! კი არ ვერთობი... წამო, გაჩვენო, ნუ გერიდება, მე ისევ მიცდის თიხა-ტალახი, წამო, ისევე შიშველი ქუსლით ვთელოთ სამყურას მწვანე ბალახი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი