გადაგაბიჯე
ვეღარც შენ შეგცვლი, ვეღარც ამ მიჯნებს, სიტყვები ჩემთან ერთად ეწამნენ, წავედი, თუმცა გადაგაბიჯე, წავედი, სანამ შენ გამეცალე. არ გაეცალე ცხადში სიზმრებს და არ გაეცალე ლექსის აჩრდილებს, შენი სურვილი სულში მიძვრება და სარკოფაგის კართან მაცილებს. წარსულის ეტლი აწმყოს მისერავს, გულს მაგლეჯს, სეტყვის ტყვიებით ნაქსოვს, მოგენატრები ალბათ ისე რა, ისედაც ყველა ღიმილი გახსოვს. გახსოვს თოვლისფერ თითებს რომ წვავდა შენი თითები გულივით თბილი, ვერ დავბრუნდებით უკვე იმ წამთან, საუკუნეა წამთან მითვლილი. ვეღარც შენ შეგცვლი, ვეღარც ამ მიჯნებს, სიტყვები ჩემთან ერთად ეწამნენ, წავედი, თუმცა გადაგაბიჯე, წავედი, სანამ შენ გამეცალე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი