არსიყვარული
შენს არსიყვარულს შესძლებია ჩემთან დარჩენა, და დარწმუნება ჩემი თითქოს გიყვარდი მართლა. ჩემი მკაცრი ხმაც ვერ გავიწყებს ახლა ამ ჩვევას, და ქარებისგან აწეწილ თმას თითებში ხლართავ. შენს არსიყვარულს ღიმილის და სევდის ფერი აქვს, ხდება ასეც და ხდება ისეც, ცხოვრება ცდაა, გული კი მაინც იწყებს რაღაც უცხო ფორიაქს, როცა სიმართლეს არქმევ, რასაც მიიჩნევს მცდარად. შენს არსიყვარულს სიკეთის და შიშის გემო აქვს, ისიც გემონა, რასაც ფიქრი უნდა დაეფრთხო, ახლა ყველა წამს ჩემგან თითო წყენა გამოაქვს, მაგრამ დარჩენას ვერასდროს და ვერასგზით ვერ მთხოვ. შენს არსიყვარულს შეძლებია გატიროს კიდეც, მუხლებზეც დადგეს, თუკი სურს, რომ გერქვას მიჯნური, მახსოვს შენს მკრთალ გულს, ძირს დაგდებულს, ხელი მოჰკიდე და სადღაც გაქრა ყველა განცდა შენი გიჟური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი