დარდების თვითმფრინავი


ყველა მოგონებას თმებივით გადაგფენდი
მხარზე, მაგრამ ზეცა სულ სხვა წყევლებს მანდობს,
შენი თვალები კი, ჩიტები გადამფრენი,
სხვის ცაზე დაფრინავს და სხვის სულში ყელყელაობს.

დღეები ფურცლებია, მეტი ხომ არაფერი,
დავკუჭავ, გადავაგდებ, მომელის ახალი დღე,
თვალებს არ ხუჭავდი, ვიდრემდი გააფრენდი
დარდების თვითფრინავს, რაც თითქოს ახალისებს

ფიქრების გოდოლს და ლექსების კატაკომბებს,
თითქოსდა ცხრა მთას იქით დაეძებ ედელვაისს,
უენო ღამეებმა სიმშვიდე გადაკორტნეს,
მე თუ არ დამიჯერებ, ჩემს თვალებს ენდე მაინც...

შენი მონატრება სულს უფრო შეზარავს და
ლექსად ენთები თუ ცივ სისხლში ჩამეღვრები,
მე ვარ ათას ერთი იმედი შეჰრაზადას,
შენ ხარ შაჰრიარის ფერადი ღამეები.

ყველა მოგონებას თმებივით გადაგფენდი
მხარზე, მაგრამ ზეცა სულ სხვა წყევლებს მანდობს,
შენი თვალები კი, გემები სადაფების,
სხვის ზღვაში დაცურავს და სხვის გულში ყელყელაობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი