ბებო


ბებო თავანში დამალავს  წელკავს,
ყურს არ დაუგდებს მუხლების ტკივილს,
ანგელოზები საქმეში მწედ ჰყავს,
როცა ჭიშკარიდან ხმა ესმის შვილის.

გამრჯე ხელებით დაგვიკრეფს მწვანილს,
ნამცხვრის სურნელი ეზოშიც გვცემს და, 
სუფრაზე კეცის მოართვა მჭადი,
მაწონთან ერთად ჩავყლაპე სევდაც.

სწრაფად მოკერა ტკივილის გუდა,
შვილიშვილების ჟივილი ართობს,
უნდა მოასწროს , იჩქაროს უნდა
შეშა დააპოს, სანამდე არ თოვს.


ასეთი ჯაფა რადგანაც ერგო,
იღიმის, წამით ვერ ნახავ შემკრთალს,
აღარ იქნება  ერთხელაც ბებო 
და ჩვენ მივაგნებთ დამალულ წელკავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი