ძალა და უძლურება
არ შეგიძლია მაწყენინო... უბრალოდ შუქი წართმევია სულში კელაპტრებს, არ შეგიძლია, ღიმილით მორწყო ჩემი შთაგონების ყვავილები, არ შეგიძლია მათქმევინო ყველაზე მწარე ,,არ მომენატრე", ბაგეების ჯებირებთან წვანან უთქმელობის დევები და კოცნებს დარაჯობენ ღვთიურ სიდინჯით... ეს კოცნები ხომ სიყვარულის ნასუფრალია, არ უსმენს ნიავს უკვდავების წყაროები, შენი შრიალიც სხვანაირია...გაბუტვისფერი... და მაინც ცვივა ენძელები მღვრიე სულიდან ფანტელებივით, ისევ გიცქერი, მზეს ტკივილი გადაუვლის და ისევ ინათებს. მე ვლოცულობ გათენებისთვის. არც ამ ნათების შეჩერება არ შეგიძლია. თუმც შეგიძლია სახრჩობელადან გარდამოხსნა ჩემი ლექსები, ჭრილობები შეუხვიო, სული შთაბერო , თითები გაუთბო, გააცისკროვნო, გააცოცხლო ... მერე იმავ დღეს ჯვარზე გააკრა ავაზაკივით, უკანასკნელი აღსარებაც არ ათქმევინო... ბაგეებზე მომდგარი ლოცვა წყევლის ურმებს გაათელინო, ყველა შეცდომა სასტიკ ეშმებს დაათვლევინო. მიწისა და ზეცის სასთუმალთან დგანან მთები სადაფისფრები, რომ ასამართლონ ჩვენი სიმართლე... და მაინც მჯერა, მზეს ტკივილი გადაუვლის და ისევ ინათებს. შენ შეგიძლია გადამკარგო, გამასხვაფერო, ვეღარ მიცნო და შეიფერო ჩემი სინათლე... არ შეგიძლია: ჯვრიდან ჩამოხსნილი ლექსებიდან აღმადგინო, სტრიქონებს შორის დამინახო, გულზე მომდგარი ცრემლი შემიმშრალო და ბაგეებთან მიკარგული ღიმილები შემიგროვო ლექსის ბოლოს აკინძული წერტილებივით; არ შეგიძლია: სულის ხვეულებში გადმოსახლდე, მოცემული სიტყვა შეასრულო, დამინახო, მიერთგულო.. შენი მდუმარება ჩემი შთაგონების რვეულებს შლის, რომ დაასამაროს ეს სიცივე. ვერ ვიძინებ... და არც უძილობის განდევნა არ შეგიძლია შელოცვებით... ზეცა მიგახვედრებს შენ, რომ ცდები ღამე იმისაა, დღეც ვისია.. არ შეგიძლია თუ შეგიძლია... და მაინც, დღეს ჩვენ შორის ძალისა და უძლურების მეჯლისია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი