იცეკვე, სალომეა


იცეკვე სალომეა,
დღეს ბიძაშენის და შენი მამინაცვლის დაბადების დღეა,
გილოცავ, სალომეა,
შენც მიიულოცე,
იცეკვე,
ცეკვით მოულოცე და სტუმრებიც მოიხიბლებიან,
იტყვიან,
ეს რა კარგი ასული ჰყოლია ჰეროდეას,
რა საოცრად ფლობს თავის სხეულს,
რა ტკბილად ირწევა მისი წელი,
მკლავები მასთან მიუღწევლობის გზებია,
ახლართული და ლაბირინთი...
თმა  ტალღებივით იკლაკნება სწორედ ისე, ღელვის  დროს ნავს რომ შეისვამს სხეულზე მდინარე.
იცეკვე, სალომეა,
იმასაც იტყვიან,
მამამისი უყურებდესო მაინც,
ნეტავ მასაც მოეწონებოდა შენი ცეკვა,
თავის ძმას და შენს მამინაცვალს რომ არ მოეკლა,
იცეკვე და სანაცვლოდ მოითხოვე
წინასწარმეტყველის თავი,
მოითხოვე უცოდველის სისხლი
სიამოვნების მომგვრელი როკვის სანაცვლოდ,
გილოცავ სალომეა,
სულ მალე ყინულის გზა ჩაგიტყდება,
და ყინული მოგკვეთს კისერს,
და შენს თავს მიართმევენ დედას,
როგორც შენ მიართვი ნათლისმცემლის თავი დედაშენს,
,,შეუცნობელ არს გზანი უფლისანი",
ჩვენ არ ვიცით, როდის ჩაგვიტყდება ყინული.
მანამდე კი იცეკვე, სალომეა,
იცეკვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი