ულექსობა


გამიქრა შენით შთაგონება,
ერთი ლექსიც კი  არ შემოეწერა  ტყვედყოფილ თითებს,
რითმით ერთი სტრიქონიც ვერ გააცოცხლა  გამტკნარებულმა სმენამ,
ხდება ხოლმე...
ვერაფრით ვეღარ გიმასპინძლებ, ახლა ჩემთან რომ მოხვიდოდე,
ჩემს სახლში ფსალმუნებგაკრული კედლებია,
დარაბადახურული ფანჯრები,
არ ვჯდები სარკმელთან და არ გავცქერი გზას, ვიცი, რომ არ მოხვალ...
ძველი ლექსებისგან მოწამლული სული დავიმდუღრე,
მინდა, რომ მონატრების ბაცილები არ გავრცელდეს,
ისიც მინდა, რომ შენი სულის ჩემი გულისეული მეტასტაზები გავანადგურო.
ახლა ჩემთან რომ მოხვიდოდე,
ღიმილიც  ვერ მომადგება ბაგეებთან.
არა თუ შენთვის სათქმელ ლექსს გამოიწვევ შენი მქრალი თვალების განწირული ლოცვა- ვედრებით,
ვერაფერს ვიტყვი,
თუმცა ისე უხმაუროდ მენატრები,
წარსულის ერთ ფურცელზე რომ აღდგე, მომავლის ყველა გვერდს დავთმობდი ცხოვრების წიგნიდან.
და ახლა, როცა მართლა მჯერა, რომ შენი მონატრება ჩემს მონატრებაზე ბევრად მსხმოიარეა,
დატოტილი და დაფოთლილი,
სიკეთის ნაყოფის მოლოდინში კვირტებადგადაქცეული,
ვედრებადგადაქცეული,
მივდივარ...
კი არ მივდივარ...
შენ და პოეზიას ორივეს ერთად გღალატობთ ამ ლექსში,
რადგან ჩემი გული აღარ ასხივებს სითბოს, ვერ მიიზიდა შენმა გრავიტაციამ,
ვეღარ დაიმორჩილა...
შეიძლება არც გამოისხას ნაყოფი მაგ მოლოდინის კვირტებმა,
გღალატობ, რადგან
სამყაროს ხმები აღარ ჩამესმის მუსიკად,
რა მერითმება, როცა ზეციური ჰარმონიის ხმები კაკაფონიად მეყურება და მეგულება უშენობა
თვალებდახუჭული მონატრებით,
სწორედ ამიტომ ვერ ვეგუები და გავურბი წესრიგს, რადგან ჩემში ყოველივე უწესრიგოა
უშენოდ ,
თითქმის  უკვე სულერთია
რას გამირითმავ სიცოცხლეს თუ  სიკვდილს,
წასვლას თუ დაბრუნებას,
შეიძლება არაფერი გამირითმო
და უბრალოდ დაწერო ლექსი ,
სადაც მეტყვი იმას, რაც ულექსოდ ვერ მითხარი,
მეტყვი,
რომ ძალიან მოგენატრა ჩემი გულის მდუღარება,
რომ  დარდობ იმის გამო, რომ შენი თვალები ვეღარ დარბიან ჩემი სტრიქონების კიბეებზე,
რომ ყველა ვარსკვლავიდან მე გიყურებ,
როცა  გენატრები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი