პირიმზე


წვიმის წვეთებმა გაჟღენთეს სივრცე,
შენც გაიჟღენთე ცრემლთა დინებით;
სევდიან ქალაქში შენ გოდებ,იქვე
და იტანჯები დღეთა ბროლებით.

ყვავილთ გვირგვინი სათნოს,გამშვენებს,
დამჭკნარ გვირილებს კვლავ იწნავ თმაში;
ავი ფიქრები შენ არ გასვენებს
და გიტრიალებს გრიგალი თავში.

ვერ გაიღვიძებს შენი ტიფლისი,
ვერც შენ იღვიძებ,სიზმრად ხარ, ახლაც;
ვერ მოესწრები მოსვლას აისის,
ვერ გაგინათებს მზე ოქროს დალალს.

შენ გაუმკლავდი ავსა ქარტეხილს,
მაგრამ ვერ მოსცდი ჭირსა და ვარამს;
ვერა იმაგრებ თავს ესრე დახრილს,
ვერ აფერადებ ცხოვრების გამას.

ლექსებს აღარ წერ,არ გაქვს წადილი,
აღარც ოცნებობ,არ გაქვს იმედი
და ასე ცხოვრებით გადაღლილი
წყალზე ტივტივებ,ვით თეთრი გედი.

პირიმზეც დაჭკნა,ყელს არ იღერებს,
აღარ ანათებს ვარსკვლავი ცაზე;
მის ფოთლებს უკვე არვინ იფერებს,
თავს ვეღარ ადებს ვერავის მკლავზე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი