ისევ თეთრად გავათიე ღამე…
ისევ თეთრად გავათიე ღამე, კვლავ დღიურში ვაქსოვ მწვავე გრძნობებს. მოთქმის გარდა აღარ დამრჩა რამე, გავურბივარ ამ სოფელში ყოველს. სულსა ბეჩავს ქარი მინგრევს ისევ, აწი აღარავინ შემიფარებს; დღესაც ვიყურები შავი ზღვისკენ, ვიცი,დარდს მხოლოდ ის გამიქარვებს. მსურს ზვირთ ტალღებს გავატანო ტანი, ან თუნდაც ერთხელ გეახლო წვიმად. გავიდეს უმალ ეს დრო და ხანი, რომ არ მიწევდეს ყოველდღე გმინვა. ზამთრის სისუსხემ გამიქროს სევდა, ქარმა იქროლოს,წარიღოს ბნედა. აღარ იფეთქოს დაღლილმა გულმა, აღარ იღელოს მგზნებარე სულმა. ნაპირას შემხვდი,შენ,იასონი, ამავსე,კარგო,უცნაურ გრძნობით. მომხვიე ხელი და მოდი ახლოს, შენი შეხებით დამათვრე,მახსოვს. ფართო ღიმილით გამოანათე, შემომიარე მე”მოდიმნახე”, შემპირდი,თითქოს აღარ დამტოვებ, ცისფერი ფიფქი-აღარ დამთოვებ. შემიღე ახლად,გთხოვ,გულის კარი, ვიცი, რომ ალი არ არს ჩამქრალი. მწადია,ჩემში ინათო,სხივო, მწყურია,ჩემში იცოცხლო კიდევ. მე დღესაც ჩემს თავს ვერ ვუმკლავდები და ისევ გითხზავ თეთრზე-თეთრ სტროფებს. ალბათ გაისად მეც გავმაგრდები და შევწყვეტ მიჯნურობას თუ ტრფობას…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი