მწყურია…
მწყურია ახლა ზვირთების ცქერა, მსურს, გავირინდო შავი ზღვის წყლებში; რომ აღარ გაისმას გულის ძგერა, რომ აღარ მწვავდეს გრძნობების თქეში. შენდამი ტრფობით არ ვსულდგმულობდე, სხვამ შემოაღოს ამ გულის კარი; მწადია, ჩემში აღარ მდგმურობდე, აღარ მსუსხავდე,ვით ზამთრის ქარი. ტანთ ჟრუანტელმა აღარ იაროს, არ გიზგიზებდეს თვალებში ალი; შენზე ოცნებამ აღარ დამღალოს, და აღარ ვიყვე გრძნობით დამთვრალი. იარონ წლებმა,წაიღონ დარდი, სულის ტკივილი დრომ მომიშუშოს; ახლად იხაროს ამ გულის ვარდმა, ნათელი სახე არ მომიღუშდეს. თქვენ ამბობთ:„ეს არს მიჯნურის ბედი, შენი ცრემლებით მოხარულ იყავ; ამ სიყვარულით ხარ ბედნიერი, ეს სიყვარულო გამაღლებს,გიყვარს!” მე კი ამ ლოდით დავდივარ ისევ, მისმა სიმძიმემ ძალზდედ დამღალა; ვეღარ ვშორდები ზეცაზე ფიქრებს, მხოლოდ ამ ფიქრმა თუ ამამაღლა. ლექსების წერით თუ დავისვენებ, მწამს,მხოლოდ მუზა არ მიმატოვებს; მე კვლავ თბილისის მოვლას ვაგრძელებ და მთვარის შუქი შენს თავს მაგონებს. ახლა მარტო ვარ და ჩემში ყინავს, მზის სხივმა გვერდი კვლავ ამიარა; ეს დღე გუშინდელს ძალიან მიჰგავს, ხვალაც იგივე მომელის,ალბათ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი