ახლა წუხილის ქარები ჰქრიან…
ახლა წუხილის ქარები ჰქრიან, იანვრის დღენი მირბიან ჩქარა; ავი ფიქრები ზვირთებს ერწყმიან და ეს ნაღველი ტვირთვით დამაქვს. ისევ წყვდიადმა შემოსა სივრცე, ვიცი,ვარსკვლავი აღარ ამოვა. მწადია სოფლის იქით გავიქცე, ჩემი საყდარი აქ ვერა ვპოვე. ამ ქვეყანაზე არ მაქვს ადგილი, ამ ქალაქს მხოლოდ დარდები მოსავს; სადაც კი ეს სხეული გაივლის, იქ იწყებს ზეცა მოთქმას და გლოვას. იქნებ გავფრინდე ჩიტივით სადმე, მსურს თბილ ქვეყნებში დავიდო ბინა; რომ აღარ ვათიო თეთრად ღამე, რომ არ ისმოდეს ვერონას გმინვა. მარად ვუცქერდე თბილი მზის სხივებს, იღელონ ლაჟვარდი ზღვის ზვირთებმა; გავექცე ზამთრის სუსხსა და ყინვებს, შემოიხედოს ჩემკენაც ღმერთმა. ახლა წუხილის ქარები ჰქრიან, ვათევ იანვრის სევდიან ღამეს; ზამთრის დღეები თერგივით რბიან, მე კი ვერ ვაღებ იმედის კარებს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი