აწ იისფრობენ ლაჟვარდნი ცანი…
აწ იისფრობენ ლაჟვარდნი ცანი და ჟივჟივებენ სირინოზები. დაფარულია სახლები ცვარით- ამ პეიზაჟივით მელამაზები. კვლავ მომყვებოდი,უცხო სახებავ, სიზმარს ეწვია შენი აჩრდილი; დამამახსოვრდა ის გამოხედვა, დამამახსოვრდა ის თვალის ჭრილი. შენმა შეხებამ შემიპყრო ისევ, გარს შემომარტყი თეთრი ხელები; თუ აღარ მნატრობ-ასე რად მიმზერ? რატომ დამათვრე,კარგო, ფერებით?.. ვიცი,რომ ისევ გაჰყვები ქარებს, გადააბიჯებ იმედის ზღურბელს; მე მაინც გავშლი ხომალდის აფრებს, რომც დავემონო ავბედით ღრუბელს. შენ წახვალ,მე კი დავრჩები იქვე, სადაც იარა ჩვენმა შეხვედრამ; ვერ გავექცევი შენზე საფიქრელს, მაინც ჩამესმის ჩუმი ვედრება. ალბათ გეწვევი,ოდესმე,ხნიანს, ვერ შემოვაღებ ჩარაზულ კარებს, თუმცა ვიხილავ იმ ადამიანს, რომლის მიჯნურიც ვყოფილვარ ადრე. მომაგონდება წარსული ჟინი და ახალგაზრდობის აღმაფრენა. ჩაგხედავ,ისევ წამიღებს ფიქრი- რომ ვისურვებდი ცისკენ გაფრენას. როს ჩაივლიან უმიზნოდ წლები და დამეჭკნება ნატიფი სახე, ეს გული მაინც შენზე იმღერებს, ეს სხივი მხოლოდ შენთვის ინათებს. 02.02.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი