გზის პირას


ზამთრის დილას, მზე ბურუსში სანამ იკვლევს საკუთარ გზას
მე ვუყურებ ცისფერ მინდვრებს, ცა ნელ-ნელა სხივებს ხაზავს
მძღოლის თავს და კარებს შორის ფანჯარაში ჰორიზონტი,
ჭადრებს შორის ვირინდებით, მთვარე მიდის - მზე ამოდის
დრო და აწმყო სულ ცხვირწინ მაქვს და მე სხვაგან მეგულება
ჩემ გარშემო სიტყვებს ცვლიან, ნეტავ ვის რა ეყურება
სად ჩამოვალ, საით წავალ და სად მინდა გულით ვიყო
აფეთქებას არის თავი ოღონდ ორად არ გაიყოს
აქ ჩამოვალ და დავიცდი იქნებ გაწყდეს ფიქრის ხაზი
აქ იმდენი ბოთლი გაჩნდეს რამდენ ჭირსაც უძლებს კაცი,
რამდენს მე და რამდენს ყველა იტანს, ათრევს დღიდან დღემდე
სიფხიზლით თუ აზროვნებით ვერ მივედი სიმართლემდე
მიტოვებულ ქარხანასთან რომანტიკა ჭიქას მივსებს
ვიცი ცამდე რომ ამიყვანს და ბოლოში ხელს გამიშვებს
დამაღამდა და ვარდნაში გაირინდა ყველა ფიქრი
ლოკომოტივს მივაშტერდი არ გაჩერდა სადღაც მიქრის
წამიერად მახსენდება შენი თმის და კურტკის სუნი
მზად ვარ აქვე დავსამარდე ბევრ რამემდე არმისული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გიორგი ვასაძე სტუდენტი1 წლის წინ

❤️❤️ყოჩაღ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი