სასაუზმე რელსებთან


რკინიგზაზე, რელსებთან დგას ერთი ძველი სასაუზმე 
მოღუშული, სასაცილო და ისეთი სხვას რომ უსმენს 
აღებინებს ყველა კოხტა კაფე-ბარი რომ აჩვენო, 
მაგრამ ამას აზრი არ აქვს, კოხტად არის აქ საჩემოდ 
და მეც ვცდილობ ვესაუბრო, მომსმენი სხვა არსად არ დგას 
სიბნელეში სულ ვერ ვამჩნევ, თითქოს ტირის, ცრემლი ადგას 
თითქოს უცდის უიმედოდ კლიენტებს თუ ჩამონგრევას 
ალბათ იცის, კაციშვილი შეღებვითაც არ შეღებავს 
და მარტოა სასაუზმე, მე ვერაფრით ვეხმარები 
ის კი არა, ერთადერთი, წვიმს და მხოლოდ ვეფარები 
გადაიღებს და რომ წავალ სულმთლად მომსპობს გამოხედვა 
უდარდელად როგორ ვტოვებ უკან, რასაც წინ ვერ ვხედავ 
და ცოტახნით გავჩერდები, დავივიწყებ გზას თუ წასვლას 
აბა სხვაგან მეგობრობა რა ნამუსით, როგორ ავხსნა 
მარტოობა მერეც შემჭამს, როგორც შეჭამს სასაუზმეს 
დრო ყველაზე ძლიერია, ვერც მე, ვერც ის ვერ გაუძლებს 
თუ გავუძლებთ მხოლოდ ღამეს, სანამ სხვისთვის გათენდება 
და ვინატრებთ მრავალ სტუმარს, არცერთს რომ არ გვეყოლება 
ალბათ ასე ერთჯერადად გადავრჩებით ყველა ჯერზე 
და დადგება ის დღეც, როცა ხელს ჩავიქნევთ ერთმანეთზე 
რკინიგზაზე, რელსებთან დგას, მარტოდმარტო სასაუზმე 
მე მივდივარ, იმედია მეგობრობას სხვაც გაუწევს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი