ათოვს ნათურას


საავადმყოფო ლოთობს, ინგრევა
ბნელა და მალე თოვაც წამოვა
მზე რომ ამოვა კარგად ვიქნებით,
მაგრამ მზე არსად აქ არ ამოვა

რა დააშავა ჩემმა ქალაქმა,
ახალ წელს ისევ საწყლად რომ ხვდება,
თვალებს მოხვდება ბევრი ღიმილი
და ბევრი თვალებს სულ არ მოხვდება

ლუდი ვიყიდე და სპირტს რატომ ვსვამ,
რა გაგვიჭირდა ასე ძალიან,
კარგად არიან ბავშვები ძილში 
და ბოთლის ძირშიც კარგად არიან

და ეს ნაძვის ხე, ბოლო იმედი,  
ვის დაეცემა კაცმა არ იცის
განვიცდი ამას, მაგრამ ნაძვის ხე
ალბათ ჩემზე მეტს თვითონ განიცდის

მორთული ქუჩა ღამეს პატრონობს,  
რაღაც ფერადი ცდება სახურავს,
მე ჩემთვის ვმღერი დამდეგ ახალ-წელს
და ჰორიზონტზე ათოვს ნათურას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი