ნაკვალევი


ნაკვალევი

მოვყვები მე შენს წმინდა ნაკვალევს,
სისხლის წვეთებით მორწყულს, დასეტყვილს,
ვფიქრობ და ერთი კითხვა მაწვალებს,
შთამომავლობა პასუხს რას მეტყვის?

ვით დავიტიო შენი სიმართლე?! -
რით გავცდე ასეთ სიბნელის ზღუდეს?!
რომ მივწვდე ისეთ დიად სიმაღლეს,
სადაც შენს ნათელს ბინა დაუდევს!

მადლი მოიღე, ჰქმენი წყალობა,
ზეცა მიქციე სულის სავანედ -
რომ ჯოჯოხეთთან მძიმე ბრძოლაში,
საქმენი ჩემნი მექცნენ სამარედ!

გარდასულ დღეთა საგზალს ავიკრებ,
ათას წელს ვზიდავ ჩემს ჯვარს დათმენით ,
შენს სახელს გულში სანთლად ავინთებ! -
და გოლგოთის გზას გავყვები რწმენით...

აღიმართება ჩემს წინ საცდური?! -
სიბნელისაგან ლოცვით გავარჩევ!
შემერკინება თავად მაცდური?! -
წლობით ვიბრძოლებ და თავს დავაღწევ...

არ მოვშორდები მე შენს ნაკვალევს,
თუნდაც წამებით აღმომხდეს სული! -
ოღონდ მაღირსე შენი სავანე,
ოღონდ იყავი ჩემი მეგზური!

©ლადო ციმაკურიძე
30.08.2013 წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი