როლი


როლი

სამყარომ დაყო კაცობრიობა უარყოფით და დადებით გმირად,
არის მეორე-ხარისხის როლიც და ისიც ფასობს საკმაოდ ძვირად,
თუმცა უთუოდ საინტერესო, რაც მე ყველაზე ძალიან მიკვირს,
ისაა სწორედ, ამ როლებს - რისთვის? ვინ? როდის და ან რა ფასად ყიდის?!

ვინაა იგი ვინაც რომ სანთელს, საკმეველს უსხამს გზის გასანათად?
წინ რომ მიგვიძღვის სინათლით ხელში, თავად კი თითქოს არსად არა სჩანს?!
ვინაა იგი ვინაც სიკეთის სადარაჯოზე ათევს-აღამებს?
ჩვენთვის რომ ცოცხლობს, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ და მაინც ხელის გულზე გვატარებს?

ვინაა? - ვინაც თავის სიცოცხლე სამყაროს, ხალხს და ღმერთს ანაცვალა,
თავად წავიდა კეთილ რაინდად, ჩვენ კი აქ მოსვლის არსი გვასწავლა?
ან ის ვინაა, ვისაც დიდება გამოჭედილი ეგონა ხელით
და ისე წახდა სახელი მისი რომ მის საქმეზე არავინ ვმღერით?

ნუთუ დიდება, დაფნის გვირგვინი, მძიმე ჯვარი, თუ მეფის მანტია,
ჩვენივე ნებით მონაპოვარი და ან ნაპოვნი ოქროს განძია?
ნუთუ ცხოვრების ყოველი როლი, რომელსაც ვირგებთ და ვითავისებთ
მხოლოდ ისაა, რასაც ცხოვრების გზაზე ჩვენივე ნებით ავირჩევთ?

არა მგონია... ვფიქრობ და ფიქრი ჩემს უნებლიედ ცისკენ მიმიწევს
ასე მგონია, ჩემს ნაცვლად ამ ლექსს ზეცა მკარნახობს და ზეცა მიწერს
მეც ვუსვამ კითხვებს, ვესაუბრები და ის რაც ჩემი დანაბარია,
ზეციდან არის პასუხი თურმე, რომ სიტყვა ჩემი ღმერთს აბარია!!!  

© ლადო ციმაკურიძე
04.11.2013 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი