სიზიფეს ლოდი


სიზიფეს ლოდი

ზმანებად ხილულს ვედევნები, მწყურვალ ლოთივით,
უდაბნოს ქვიშა, ცეცხლის ალით მიწვამს ნატერფალს...
ვუხმობ იმედს და გულზე ვიდებ მძიმე ლოდივით,
ის კი მიქადის უნუგეშოდ გულის გახეთქვას...

აირევიან ქარიშხლები და ქვიშის მორევს
მივაპობ, მივდევ უნაპირო ბრძოლის ქარცეცხლში.
ტკივილი სხეულს, როგორც სნეულს ისე იმონებს
და მითრევს სამკვდრო-სასიცოცხლო სევდის მახეში.

თვალებ დასეტყვილს ერთადერთი მომდევს ნუგეში -
იქნებ წარსულმა მომაშველოს ჯარი სიკეთის! -
ამ ერთადერთი მოციმციმე სინათლით ხელში,
რომ გავაგრძელო ძებნა ჩემი კუთვნილი ბედის...

ვიცი რომ მოვა, რომც დავეცე თვითონ მიპოვის,
განა რად მებრძვის ქარიშხალი ასეთი რისხვით?!-
ეჭვი აწამებს, რომ მანძილი ჩვენი სიშორის,
მიილია და უკანასკნელ წამებსღა ითვლის...

იცის რომ დროა! - ისიც იცის, რომ მხოლოდ მე ვარ
ვინც ამ უდაბნოს ძლიერება ძირს უნდა დავცე!
რომ კვლავ ვიხილო ტყვედნამყოფი ჩემი ოცნება,
ღვინის ფიალით და ღვთაებრივ სხივებით სავსე!

©ლადო ციმაკურიძე
01.08.2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი