გამოცხადება


გამოცხადება...

რძისფერი, უცხო ჰორიზონტების,
სიმშვიდე უხმო და თან მეტყველი,
თოვლის საბნის ქვეშ მწვანე კორდები,
და ენძელების ლურჯი მეწყერი...
ხელუხლებელი თოვლის ტევრები,
ვით სამოსელი მძინარე მთების,
დაუკრეფავი ვაზის მტევნები,
ნიშნად მოგვების ზღვა იმედების...
გარს სათნოება და თბილი თოვლის
ფერება დაჭრილ, შიშველ ტერფებზე,
უზენაესი სინაზე ყოვლის
და ფრენის ძალა გაშლილ ხელებზე...
გარს სიყვარული აღუწერელი,
თურმე განცდილზე ათასჯერ დიდი
და სიმარტივე ბავშვივით წრფელი,
სიცხადე მძინარ ჩვილივით მშვიდი -
იქვე უმწეო ნიშანი ყოვლის -
წითელ ლაქებად ნათელ ფერებზე -
გზად ნაკვალევი სისხლიან თოვლის,
სულ ახლად გაშლილ ლურჯ ენძელებზე -
ეს სულ ახალი დასაწყისია,
მძიმე ჯვარია ჩემი სიცხადის...
გამოცხადება, როგორც მისია! -
დაუოკებელ ომს რომ მიქადის..

© ლადო ციმაკურიძე
09.02.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი