ქარის ამბორი


ქარის ამბორი...

ქარი აყრის ქედებს დილის ნისლის ლანდებს,
ცვრის სამკაულს მიმოაბნევს ქერის ყანას,
ჩამოკიდებს მზე სხივების ფერად ფარდებს,
გადარეკავს ღრუბლებს როგორც ცხვრების ფარას...
აიშლება ჭირვეული ზენა ქარი,
და თავთუხებს დააცხრება ვნების ჟინით,
ლერწამს ჟრჟოლვა გადაურბენს უეცარი,
ამბორისგან ნაზად დახრის თავს სირცხვილით..
დააპკურებს ღამენათევ მწყერის ბუდეს,
სირცხვილნარევ წმინდა ცრემლებს, სიყვარულით...
გადაუშლის გულს და ჩუმად ფიქრს გაუმხელს,
ისიც ცაში აიჭრება სიხარულით...
აფრინდება, მზეს ერთხელაც ჩაეკონოს,
სანამ მოვა ჟამი მკის და ნადირობის...
...მერე ქარი ჩამოჯდება ყანის ბოლოს,
და შეჰბედავს, რომ მკათათვემ ჰკითხა - „როდის...“

© ლადო ციმაკურიძე
18.02.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი