Sanctus Elias!
Sanctus Elias… ...ეძღვნება ჩვენი პატრიარქის, ილია II-ს მარადიულ ხსოვნას - მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა მწყემსმთავრობისთვის პატრიარქო! გრიგალებს რეკდა სამრეკლოდან მამათა ლოცვა, და ცოდვით სავსე მარტი იდგა ტაძრის კარებთან, კანდელის შუქი გარინდებულ ფრესკებს ათოვდა და შიშით თრთოდა დაობლებულ წმინდა ხატებთან. ზარების გრგვინვა სამრეკლოებს ანგრევდა რეკვით, ცაში საყვირებს ამზადებდნენ მეციხოვნენი, საკურთხეველთან დაქანცული იცდიდა მწყემსი, უკანასკნელი ზიარების მადლის მთხოვნელი. გალავნის კართან ანგელოსი იდგა დარაჯად, ითვლიდა ტაძრის შესასვლელთან გაშლილ ცხვრის ფარას, და სამწყსოსათვის შეწირული მწყემსი ზვარაკად, აღსარებისთვის უკანასკნელს იკრეფდა ძალას... ქრისტეს ჯვარივით მძიმე იყო იმ წამის სევდა, ჯვარცმის შიშივით საზარელი - ზარების ექო, - მოძღვარი მწყემსის დარდით სავსე სიტყვებს ისმენდა, და ცრემლიანი ჩურჩულებდა: „Dominus Tecum“... განმოსა ტანჯვა, განუტევა ოდენ გალობით, ზარების ხმაში საყვირების ხმა შეერია! - დღე იყო სავსე ზღვა ტკივილით, ზღვა ღვთის წყალობით, რეკდნენ ზარები და გრგვინავდნენ - „Sanctus Elias“! 20.03.2026 წელი ლადო ციმაკურიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი