*****


ერთი ბიჭი იყო , წერილებს მიტოვებდა სკოლის მერხის ქვეშ .
არ ეზარებოდა ჩემთვის დაესწრო ადრე ადგომა და მალულად შეპარულიყო ჩვენს კლასში .
დიდხანს არ მიცდია გამერკვია მისი ვინაობა .
მსიამოვნებდა მისი ნაწერი,სიტყვები,იმ ფურცლების შეგროვებაც კი .
….
-რომ გაიზრდები ცხენი უნდა გიყიდო ,-მპირდებოდა .
-რომ გავიზრდები რატომ ,ახლა მინდა ,-ფეხებს ვაბაკუნებდი მე .
-რომ გაიზრდები ბოქსზე შეგიყვან ,-მპირდებოდა .
-რატომ ,-ვბუზღუნებდი მე .
-თავის დაცვა რომ შეგეძლოს ,-თავზე ხელებს გადამისვამდა .მე გავიტრუნებოდი და იმ წამს ვგრძნობდი  მისი  დედოფალი რომ ვიყავი.მე ,მხოლოდ მე !
 ….
ბაბუა ქვისმთლელი იყო .
ოდისგან მოშორებით ,ფიცრულში ქონდა სახელოსნო მოწყობილი.
კედელზე სხვადასხვა სამუშაო იარაღებს  კოხტად  კიდებდა.
ერთხელაც ,მთაში გვირაბი გაყავდათ თურმე და ბაბუა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა .
მაინც მგონია რომ ტყუილია ეს ვერსია .
 ბაბუა მიყვებოდა: თუ რამ მომივა ეს არაბუნებრივი იქნება და გამიხსენე მერეო.
 მთებში,სადაც ხშირად უწევდა სიარული ,დევკაცები ცხოვრობდნენ.ბაბუამ მათი ენა იცოდა.
დევებს თურმე ლამაზი ქალები ყვარებიათ ,გრძელთმიანები  და 
ხუჭუჭები .
წესი ქონიათ :პატივს სცემდნენ ხელსაქმის მცოდნეს .აკვირდებოდნენ და თვითონაც ცდილობდნენ სწავლას თურმე .
 -აგერ ჩვენს სასახლეში ღობე გაგვიკეთეო,-მიუწვევიათ ბაბუა.
 უარს როგორ იკადრებდა,მაგრამ დრო არ მაქვს ახლაო ,-თავი ჩაუხრია ბაბუაჩემს -მაგრამ აი მოვა დრო და გავაკეთებო .
პირობის შემსრულებელი კაცი იყო.
იქნებ ახლა სწორედ იქ მუშაობს ,დევების სამფლობელოში ?
….
მეტწილად რასაც გაჯერებენ რომ სწორია ,არასწორი გამოდგება ხოლმე.
…..
ის  ბიჭი მოგიტაცებო მეუბნებოდა. ხალიჩაზე დავჯდებით და ცაში ვიფრენთო.
…
სინამდვილეში ფრენა მარტივია.
უამრავი მიზეზი შეიძლება მოიძიო და იფრინო ,უბრალოდ გარისკვაა მთავარი.
ჩვენ გვგონია ,რომ დავეცემით თუკი გავრისკავთ ,მაგრამ აბა როგორ გავიგებთ ამას ?
…
მე ვერ გავფრინდი …
…..
-რომ გაიზრდები ძლიერი უნდა იყო ,-მეუბნებოდა.
-რატომ ?
-ცხოვრებას რომ ებრძოლო ?
-ეგ როგორ ?
-ყოველ დღე,მთელი ძალით !
-როგორც ბოქსში ?
-უფრო ძლიერად…
…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი