——
მკაცრი ქალი იყო.ხმამაღალი საუბარი იცოდა და მჭექარე ხმა ჰქონდა. ყოველთვის ვიცოდით ,ადრე ადგომა წესი იყო და არც მოგვფიქრებია გადათქმა.ყველაფერი თავისთავად ხდებოდა .ვდგებოდით ,საწოლს ვასწორებდით და მერე იწყებოდა უამრავი საქმე .ადრეული ბავშვობიდან ასე იყო. მიფიქრია ხოლმე ,როგორ ძინავთ ზოგიერთებს შუადღემდეთქო,-რომ მოგვდომებოდა ვინ დაგვაწვენდა.არც გვინდებოდა ! შვიდნი ვიყავით დედმამიშვილები. შვიდად იყო საქმე განაწილებული. შვიდად ვყოფდით ყველაფერს. ბევრი არაფერი გვქონდა,მაგრამ არც ვიცოდით თუ ბევრი იყო საჭირო. ….. ჩემმა უფროსმა დამ ერთხელაც თითი გაიჭრა ნაფოტებს რომ ვაგროვებდით მთის კალთაზე. კამარა სისხლი წასკდა . დედამ ბალახი მოძებნა რაღაც,ჭრილობაზე დააფინა ,თავშალს ნაწილი მოახია და გადაუხვია -რა უხეირო ხარო,-ასე უთხრა . ჩვენ ყოველთვის ვიცოდით -აუცილებლად მივიღებდით საყვედურს ყველა შეცდომაზე,ყოველ ფეხით გადაბრუნებაზე,მაგრამ შექებას -არასოდეს! …. მკაცრი ქალი იყო . თვალებს გადმოგვიბრიალებდა და ჩვენ ,ყველამ ,ვიცოდით რომ უნდა შეგვშინებოდა. ძალიან ბუნებრივად და მარტივად ხდებოდა ეს ყველაფერი . …. მთელს სოფელში დედაზე ავის მთქმელს ვერ იპოვიდით. -როგორი ქალია,ბარაქალა მასაო. -ღმერთი შეეწევა შვილების გაზრდისთვისო -აფერუმ მის მარჯვეობასო მკაცრი იყო,მაგრამ სამართლიანი.სხვის მონაჭორს არ მოისმენდა და სხვაზე არ იჭორავებდა . ეგ იყო მხოლოდ -სახლში სულ სხვა იყო,გარეთ-სხვა. ….. რომ გეკითხათ რა გვენატრებოდა ყველაზე მეტად ,გეტყოდით ,რომ მოფერება.ან თუნდაც ჩახუტება,თავზე ხელის გადასმა . ჩვენ ჩუმად გვშურდა ჩვენი მეზობელი ბავშვების,დილა-საღამოს სიცილ-კისკისი რომ გამოდიოდა მათი სახლებიდან. … მამა ? ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებს შეეწირა მამაჩვენი. ნაბოლარა ორი წლისა თუ იქნებოდა. მას მერე უბედურება ჩასახლდა ჩვენს პატარა სახლში და არ მოგვშორდა . …. 1965 წლის შემოდგომას ჩემი პირველი შვილი დაიბადა. იმ დღეს მე სიყვარულისა და მზრუნველობის სწავლა დავიწყე. თავიდან მეგონა არ გამომივიდოდა,არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ჩემი მისდამი სიყვარული,ნელ-ნელა ვისწავლე. ვსწავლობდი და მომწონდა . მომწონდა ,როგორ ვამბობდი :მიყვარხართქო! მე მას პირველად ვუწოდე პირადი მზე,ჩემს ცხოვრებაში გამნათებლად შემოსული.’ ხელახლა დავიბადე და ჩემს შვილთან ერთად სამყაროს გაცნობა დავიწყე . შევძელი . … არ მაინტერესებდა რას იტყოდა ხალხი ,როცა ბავშვებთან ერთად წრეში ბურთს ვთამაშობდი ,მათთან ერთად ცივ წყალში ვწუწაობდი ანდაც წითელ თიხას ვზელდი ,სხვადასხვა ფიგურების დასამზაბლად . არ მაინტერესებდა თუ იტყოდნენ ,რომ გიჟი ვარ . … მე დღეს მხოლოდ ის ვიცი ,რომ ადამიანი ბავშვობიდან მოდის ! ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს! ყველა ბავშვი უნდა იღიმოდეს და ამის არ ეშინოდეს… გაეცით სიყვარული ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი