დროს გასწრებული ღრუბლის ნაფლეთი
რა დღეა ნეტავ, სად ვარ, რა მქვია? რატომ ასკდება ეს ტალღა ნაპირს? ფსკერზე გარჩენილ თევზების მოთქმა როგორ დავხატო წყვდიადის ქაფით?! და რომ მწყურია, წვიმამ არ იცის? შავკანიანი ანგელოზებით გარშემორტყმულმა; დროს გასწრებული ღრუბლის ნაფლეთი მაინც ჩამჩაროს - პურპურში გახსნილ გვალვის ნაკურთხი. და გარდამსახოს პირჯვარი ელვამ. ზღვა გაირინდოს სულ ერთი წუთით, მთებმა კი უკან დაიხიონ და ამოიოხრონ არამზადები მიტაცებული უღრანებიდან. და ჩამოვარდნილ მძიმე სიჩუმის ოხშივრით შემთვრალს ჩამხედოს თვალში... და იქით, მიღმა, თოვლით გაჭექილ სულის გარშემო მროკავი ცეცხლის პეიზაჟიდან ამომირეკლოს ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავ ნეტარებისგან აკვნესებულთა წარმოსახვაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი