რაც არასოდეს არსად მომხდარა


იდუმალურთან განდობილებმა იციან, მაგრამ, მაინც უნდა ვთქვა:
სანამ სხეულში გამომწყვდეულ სულს სხვა რამ დაუვლის, ვიდრე გასხლტომა ყალბი სიტყვების მარგალიტებად, 
რაც არასოდეს არსად მომხდარა. 
შე დალოცვილო, 
პოეზიაც ხომ ღმერთივითაა განფენილი შენს სამშვინველში
ჭკუიდან შემშლელ ჟრუანტელებად, ან სულაც - არა. ვერ ცისარტყელობს, 
სიზმრადაც კი არ დაგილანდავს. არადა, მხოლოდ მისი წვეთი ხარ, 
და ნაპერწკალი, 
და კიდევ ექო - გულის მხეთქავი ქვესკნელში დანთქმულ ნადემონართა, 
და წარმოსახვა მიღმიერ არსთა, 
ან სულაც - არა. უპიროვნო ხარ, მანქურთი, მონა, ნათელღებული ქარ-წვიმითა და ელამ ვარსკვლავთა, შეუბრალებელ ბურუსში მაინც რომ აკაშკაშდე, როცა გემხობა თავზე ქვეყანა და ნანგრევები
ლპება ჭაობში უმშვენიერეს ანაკლიასთან. რა არის იცი? უუწმინდესზე მეტად მიყვარხარ ნაოცნებარში გარყვნილ ქალწულთა. მეტს ვეღარ დავწერ, 
შუქი ჩაქრა და წყალი - სარკე სულ სხვას ირეკლავს, უფრო საშინელს, 
შემაძრწუნებელს, 
ვიდრე შარშანწინ ფანჯრის რაფიდან მესამე ლურჯი თვალი ჩამიკრა, და კიდევ რაღაც, მაგრამ არ ვიტყვი, მეზარება კოცონზე ასვლა
ციცინათლების განსაცვიფრებლად. არადა, მხოლოდ მისი წვეთი ხარ და ნაპერწკალი 
და კიდეც ექო - უსასრულოში ვერ დატეულთა საბედისწერო ეპიტაფია. და გაოცებულ ბალახის ნათქვამს აწკრიალებულ ცელზე ანასხლეტ ხვლიკებს უთარგმნი - ტიბეტელ მკვდართა წიგნებში მთვლემარ ენაზე - თავგაყოფილი ბინდის გაკვანძულ ჭიპლარში ქართა. შენ შემოგევლე, ვაშინერს, არ ქნა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი